კატეგორიულად უნდა ითქვას უარი ბავშვების აცრაზე. არანაირი მეცნიერული, მორალური და იურიდიული საფუძველი არ არსებობს ხალხის სამსახურებიდან გაგდების შიშით ძალადობრივ აცრას.

ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„როგორ ვხედავთ ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავალს:

1. საყოველთაო ვაქცინაციის კონცეფცია, უნდა შეიცვალოს თარგეთირებული (ანუ მიზანმიმართული) მიდგომით. ვაქცინა უნდა იქნას შეთავაზებული მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტთათვის (ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მატარებელნი, იმუნიტეტდაქვეითებულნი და სხვა). ეს ყველაზე ლოგიკური მიდგომა იქნებოდა, რადგან 50 წლამდე პაციენტებში დელტა ვირუსის პირობებში, ვაქცინაცია სიკვდილიანობას არ ამცირებს, თუ დავუჯერებთ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ დეტალურ ანალიზს, სადაც სრულად არის აღწერილი ქვეყანაში დელტა ვირუსით დიაგნოსტირებული პოპულაციის სიკვდილიანობის გამოსავალი. რაც შეეხება 50 წელს გადაცილებულებში, აქ აღინიშნება სიკვდილიანობის კუთხით მნიშვნელოვანი სარგებელი. ეს აგვაცილებდა თავიდან რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ერთად:

a. თავიდან ავიცილებდით მრავალ გვერდით ეფექტს, მათგან პოტენციურად ფატალურებს, იმ პოპულაციაში, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს ვაქცინისგან.

b. 50 წელზე ახალგაზრდა პოპულაცია, გამოიმუშავებდა გაცილებით მყარ, ხანგრძლივ და რაც მთავარია ვირუსის ვარიანტების მიმართ ნაკლებად მოწყვლად იმუნურ პასუხს და მოგვცემდა საშუალებას მიგვეღო პოპულაციური იმუნიტეტის სოლიდური წილი, რაც თავისთავად დაიცავდა ასაკოვნებს და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციას, რადგან ვირუსული გავრცელება მკვეთრად შეიზღუდებოდა მზარდი პოპულაციური იმუნიტეტის ხარჯზე და ნაკლები ალბათობა იქნებოდა მათი ვირუსით ექსპოზიციის საფრთხის თვალსაზრისით.

c. არ შეიქმნებოდა სპაიკ-ვაქცინებით გამოწვეული ძლიერი, სპაიკ სპეციფიური ევოლუციური წნეხი (ფაიზერი, ასტრა ზენეკა, მოდერნა) და არ გვექნებოდა ვითარება, როდესაც მოსახლეობის უდიდესს ნაწილს აქვს მხოლოდ სპაიკ სპეციფიური, უნიფორმული, ვიწრო ტიპის, ანტისხეულით განპირობებული იმუნიტეტი, რაც უმარტივესად გადალახვადია მუტირებული ვირუსის ვარიანტებისათვის. ეს უკანასკნელი კი უცილობლად გამოიწვევს ახალი, ძლიერი ტალღის აღმოცენებას ვაქცინირებულ მოსახლეობაში. მოსახლეობის დიდ ნაწილს (ახალგაზრდებს და შუა ხნის ადამიანებს) ექნებოდა სპაიკ ვაქცინების მიმართ რეზისტენტული შტამების საწინააღმდეგო გამძლეობა, რადგან ბუნებრივად გადატანილ იმუნიტეტს შეუძლია გაუმკლავდეს ვაქცინა-რეზისტენტული ვირუსების მთელ სპექტრს. აქედან გამომდინარე, სპაიკ რეზისტენტულ ვირუსებს არ ექნებოდათ ევოლუციური თვალსაზრისით უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით და ბევრი ის პრობლემა რაც აღვწერეთ წინა პოსტებში, თავიდან იქნებოდა აცილებული, მათ შორის რეზისტენტული შტამებით გამოწვეული მძლავრი ახალი ტალღები და დიდ ნაწილად აგრეთვე ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების რისკები და მასშტაბიც შემცირდებოდა.

d. ვაქცინის გზით, ასაკოვან ადამიანებში შექმნილი იმუნიტეტი, იქნებოდა კომპლემენტარული ახალგაზრდა პოპულაციაში ბუნებრივად შექმნილი მყარი იმუნიტეტისა.

რა თქმა უნდა, თარგეთირებული მიდგომის დროსაც, პაციენტებს უნდა ავუხსნათ სარგებელიც და გვერდითი ეფექტების მთელი სპექტრიც, მათ შორის ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტის ეფექტურობის პოტენციურად მოკლე ვადიანობა. თარგეთირებული მიდგომა ცხადია არ ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით აიცრას.

2. უარი უნდა ითქვას დაავადების გადატანის შემდეგ პაციენტების ვაქცინაციაზე, რაც პრაქტიკულად კლინიკური კუთხით არ იძლევა ხელშესახებ დამატებით ეფექტს და ამასთანავე, გადატანილებში ვაქცინით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, ცნობილია რომ არის გაცილებით სერიოზული. აქ რისკებისა და სარგებლის თანაფარდობა ცალსახად იხრება რისკებისაკენ.

3. უნდა გააქტიურდეს ადრეული დიაგნოსტიკა და ადრეული, მულტიკომპონენტური მკურნალობა, იმ უკვე არსებული პრეპარატებით, რომლებმაც აჩვენეს ეფექტურობა მრავალ კვლევაში (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი, ანტიანდროგენები, D ვიტამინი, ბუდეზონიდი და ა.შ.) და რომლებიც გამოირჩევიან დიდი ხნის უსაფრთხოების პროფილით. შესაძლოა ზოგიერთი კვლევის ხარისხი, ტიპი, ლოკაცია არ მოგვწონდეს, მაგრამ როდესაც ჩანს საკმაოდ მკაფიო, პოზიტიური სიგნალი და პარალელურად გვერდითი ეფექტები არის მინიმალური, ჩემი აზრით უგუნურებაა, რომ არ გამოვიყენოთ ისინი. თითოეული ეს პრეპარატი არ უნდა განვიხილოთ როგორც უკვდავების წამალი, თუმცა მათი კომბინაციაში ხმარების უკვე დიდი ხნის პოზიტიური გამოცდილება არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სანამ რომელიმე უფრო საიმედო კვლევა საწინააღმდეგოს არ დაგვანახებს, სრულიად მისაღებია მათი ხმარება. ადრეული მკურნალობა, საშუალებას მოგვცემს, რომ შევამციროთ მნიშვნელოვნად, როგორც ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა, ისე სიკვდილიანობა.

4. კატეგორიულად უნდა ითქვას უარი ბავშვების აცრაზე. ახალგაზრდების იმუნური პასუხი, დიდწილად არის არასპეციფიურ, თანდაყოლილ იმუნიტეტზე დაფუძნებული, რომელიც იძლევა დიდ პროცენტში კოვიდის უსიმპტომო ან მცირე სიმპტომებით გადატანის საშუალებას. ამასთანავე, ამ ტიპის იმუნური პასუხი არ არის ვარიანტ-სპეციფიური და არ არის მოწყვლადი ვაქცინ-რეზისტენტული შტამებით. აცრა გამოიწვევს მათი იმუნური პასუხის ძირითადი ტიპის გადართვას სპეციფიურ, სპაიკ სელექტიურ იმუნურ პასუხზე, რაც გახდის მათ სრულიად მოწყვლადს ვაქცინა-რეზისტენტული ვირუსის ეპიდემიური გავრცელების დროს. პოპულაციის დონეზე კი ამით მოხდება პოპულაციური იმუნიტეტის ეროზია. ამასთანავე აღსანიშნავია რომ, ბავშვებში კოვიდით სიკვდილიანობა ჩამოუვარდება გრიპით სიკვდილიანობას. ისევ დეტალურ ბრიტანულ კვლევას თუ დავესესხებით, რომლის მიხედვითაც შესწავლილი იქნა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ყველა გარდაცვალების ფაქტი, დადგინდა რომ მთელი ეპიდემიის განმავლობაში ხუთასი ათას ბავშვზე მოდიოდა მხოლოდ ერთი დაღუპული. ეს რისკი უტოლდება წელიწადში მეხით დაცემით გარდაცვალების რისკს – ყოველ 500000 ადამიანში, ერთი ადამიანი იღუპება მეხის დაცემით. გარდაცვლილი ბავშვების სრულ უმეტესობას ჰქონდა სერიოზული ქრონიკული დაავადება, რაც ასევე ხსნის სივრცეს თარგეთირებული მიდგომისათვის. ამასთანავე, ბავშვებში მიოკარდიტების რისკი სერიოზულია და ბოლო ინფორმაციით შესაძლოა იმაზე მეტია, ვიდრე წინასწარი შეფასებებით ელოდნენ. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა პოტენციური რისკები შეიძლება გამომზეურდეს მომავალში. აქედან გამომდინარე, ბავშვების აცრის შემთხვევაში რისკები ცალსახად აღემატება სარგებელს. ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებასთან არსებული სამეცნიერო საბჭო (SAGE) და ასევე იმუნიზაციის და ვაქცინაციის კომიტეტი (JCVI) არ უჭერენ მხარს რუტინულ იმუნიზაციას 18 წლამდე ბავშვებში, არამედ მხოლოდ რისკ ჯგუფებში.

5. და რაც მთავარია, ცალსახად უნდა შეწყდეს მანდატორული ვაქცინაციის პროცესი, რაც სრულიად უსარგებლოა იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებულია რომ არსებული ვაქცინები წარმოადგენენ მჟონავ ვაქცინებს, არ უზრუნველყოფენ ინფიცირების და გადაცემის შემცირებას და ინფექციის დროს ვაქცინირებულსაც და არავაქცინირებულსაც აქვთ თანაბარი ინტენსივობის ვირუსის რეპლიკაცია. პოპულაციური იმუნიტეტი ამ ვაქცინებით დადასტურებულად ვერ მიიღწევა და პანდემია ვაქცინების საშუალებით ვერ დაიძლევა. ასე რომ არანაირი მეცნიერული, მორალური და იურიდიული საფუძველი არ არსებობს ხალხის სამსახურებიდან გაგდების შიშით ძალადობრივ აცრას და ქვეყანაში საზოგადოების სეგრეგაციის აღზევებას. ეს პროცესი მხოლოდ იწვევს უკიდურეს ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მიმართ რაც მხოლოდ უარყოფითად აისახება უახლოეს მომავალში ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით. ლიდერშიფმა ხალხის დაყოფა კი არა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება უნდა უზრუნველყოს და შეწყვიტოს ყველა ალტერნატიულად მოაზროვნის სტიგმატიზაციის და მარგინალიზაციის მცდელობები.”