ქიმიური იარაღი და მისი გამოყენების ისტორია

კახა ყიფიანი, ანანო ზირაქაძე

რეზიუმე: ქიმიური იარაღი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა განხილვის საგანს. იგი პირველად გერმანელებმა გამოიყენეს. ამის შემდეგ, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იყენებდა მას მტრის გასანადგურებლად. მიუხედავად ჟენევის კონვენციის 1997 წლის დებულებისა, რომელიც ითვალისწინებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა (სირია) დღესაც მოიხმარს მას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია თუ რას გულისხმობს ქიმიური იარაღი და როგორ დავიცვათ თავი მისგან.

საკვანძო სიტყვები: ქიმიური იარაღი, მასობრივი განადგურების იარაღი, ზარინი, იპრიტი, თავდაცვა.

ქიმიური იარაღი არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც შესაძლებელია იყოს ორგვარი: ქიმიური და ბიოლოგიური. მისი გამოყენება ემყარება მხუთავი ან მომწამვლელი ნივთიერებების საშუალებით მოწინააღმდეგის განადგურებას, ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას ან მწყობრიდან გამოყვანას. ის, სხვა მასობრივი იარაღებისგან განსხვავებით, უფრო ეფექტური და გაცილებით იაფია. ამავე დროს, არანაირი საფრთხე არ ექმნება გამომყენებლის თანამებრძოლს.

უხსოვარი დროიდან გაჩნდა აზრი, გამოეყენებინათ შხამიანი და მხრჩოლავი აირები, როგორც საომარი იარაღი. ჯერ კიდევ ძველ საუკუნეებში, ორი ათასი წლის უკან, სპარტანელები ათენელთა თავდასხმის დროს, იყენებდნენ აირისმაგვარ საშუალებებს. ისინი წვავდნენ ჩვეულებრივ ხეს, რომელიც გაჟღენთილი იყო ფისით და გოგირდით. ხეების წვის შედეგად გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების სურნელი აიძულებდა დამცველებს, გამოსულიყვნენ გარეთ.

შუა საუკუნეებში ქიმიური ხელსაწყოები თავიანთი მოქმედებებით ჰგავდნენ თანამედროვე ტყვიათმფრქვევებს და ხელით სასროლ ქიმიური ყუმბარას. შხამიანი სითხე, რომელსაც მხრჩოლავი აორთქლება ახასიათებდა, მტუმბავებიდან გამოვარდებოდა, რის შემდეგაც ადამიანები იხრჩობოდნენ. ასევე, შესაძლებელი იყო, ეს სითხე ბოთლით გადაესროლათ.

სანამ ქიმიური მრეწველობა განვითარდებოდა, მანამდე ნივთიერებების მოწინააღმდეგის დამარცხების მიზნით გამოყენება მთელ რიგ პროცესებთან იყო დაკავშირებული. ამას მოწმობს შვედეთის მეფის, კარლოს XII-ის მცდელობა, როდესაც ის ქალაქ რიგას ხელში ჩაგდებას ცდილობდა. სკანდინავიელმა სტრატეგმა, მიუხედავად იმ პერიოდში ქიმიური მრეწველობის დაბალი დონისა, განიძრახა, რომ ჩალის დაწვის შედეგად გამოყოფილ კვამლში დამალვის წყალობით, დასავლეთ დვინაზე ფარულად გადასულიყო და მოულოდნელად თავს დასხმოდა მტერს. ასი წლის შემდეგ ასეთი საქმის გაკეთება გაცილებით ადვილი გახდა, რადგან სწრაფი განვითარება დაიწყო ქიმიურმა მრეწველობამ. ზოგიერთი ნივთიერების თვისებამ, მებრძოლებს საშუალება მისცა, გამოეყოთ შხამიანი აირები და გამოეყენებინათ ომისთვის. ერთ-ერთი ასეთი იყო გოგირდი, რომლის დაწვის შედეგად, ღუმლიდან გამოიყოფოდა კვამლი. ის მაღლა ავიდოდა, უცებ დაბლა ეშვებოდა და ანადგურებდა ცხოველებსა და მცენარეებს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.

ყირიმის ომის დროს, როდესაც თოფის წამალი უძლური შეიქმნა გზა გაეკვლია სევასტოპოლის ასაღებად, დაიბადა აზრი, ესარგებლათ ქიმიური იარაღით მალახოვის კურგანის ასაღებად. სწორედ ეს იყო ყველაზე თვალსაჩინო რუსთა პოზიცია. ინგლისელი მეცნიერების გათვლით, ხსენებული მიზნისთვის საჭირო იყო ხუთასი ტონა გოგირდი, ორი ათასი ტონა ნახშირი და თანაბარი რაოდენობის შეშა. აპირებდნენ, რომ მალახოვის კურგანთან ახლოს მდებარე ადგილიდან გოგირდიანი აირი გაეშვათ, რათა დაებრმავებინათ რუსული არტილერია. იმ მიზნით, რომ რუსებს ამ ადგილისკენ არ ესროლათ, გადაწყვეტილი იყო ნახშირის და ფისის კვამლით ბოლში გაეხვიათ ბატარეები. გოგირდიანი აირის მოქმედების გასაძლიერებლად ინგლისის არტილერია ერთდროულად უნდა მისწოლოდა მალახოვის კურგანს. ამ გეგმაში შეიძლება დავინახოთ ყველაფერი ის, რაც წარმატებით გამოიყენება თანამედროვეობაში. თუმცა, რა თქმა უნდა, იმდროინდელი აირები და მათი დამზადების ხერხები განსხვავებული იყო. აქვე დავსძენთ, რომ როდესაც ინგლისში დაიბადა აზრი ქიმიური იარაღების შექმნის შესახებ, მაშინვე გაჩნდა საჭიროება, შეექმნათ აირსაწინააღმდეგო ნიღბები [1-2].

ქიმიური იარაღის ისტორიული განვითარების მიმოხილვის შემდეგ, განვიხილოთ მისი ერთ-ერთი სახეობა, ზარინი, რომელიც უკვე მეოცე საუკუნიდან აქტიურად გამოიყენება სამხედრო ოპერაციების დროს. მეთილფტორფოსფონმჟავა იზოპროპილ ეთერი ანუ ზარინი, წარმოადგენს უფერო, უსუნო სითხეს, ქიმიური ფორმულით – C4H10FO2P. ის გერმანელების მიერ შექმნილი იმ ოთხი ნერვული აგენტიდან ერთ-ერთია, რომლებიც 1938 წელს შექმნეს რუპერტალში, IG Farben-ის მეცნიერებმა. ზარინი მასობრივიგანადგურების იარაღთა სიაშია. ზარინი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა. ის ძალიან ჰგავს აცეტილქონილს, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ცოცხალ ორგანიზმში არის მედიატორი. იგი ნეირონების დაბოლოვებიდან კუნთოვან უჯრედზე გადადის, რის შედეგადაც აღაგზნებს კუნთოვან უჯრედს. ამას მოჰყვება კუნთის შეკუმშვა. ზარინი ჯდება რეცეპტორებზე, სადაც აცეტილქონილი უნდა მოთავსდეს. აქედან გამომდინარე, კუნთი “ტყუვდება” და ბლოკირდება. ადამიანი კარგავს გონებას, მისი ფილტვის კუნთები კი ითიშება, რაც გამოწვეულია ე. წ. „კუნთების დამბლით.“ [3]

მაგალითი: 1995 წელს ტოკიოს რელიგიურმა სექტამ, აუმ სინრიკიომ განახორციელა ტერორისტული აქტი ტოკიოს მეტროში მშვიდობიან მოსახლეობაზე, სადაც გამოყენებული იქნა ზარინი. შედეგად, დაიღუპა თორმეტი და დაშავდა ოთხი ათასამდე ადამიანი. გვირაბის პირობებში, სადაც ჰაერი მეტად იზოლირებულია, შეიძლება ითქვას რომ ეს იყო იდეალური პირობები. გადარჩენილთა თქმით ისინი ხედავდნენ თუ როგორ ვარდებოდნენ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. სექტის ლიდერი სიოკო ასახარუ 2004 წელს დამნაშავედ სცნეს და ჩამოახრჩვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზარინის გამოყენება 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით აკრძალეს, მაინც იყენებენ გარკვეული ოპერაციების დროს. ამ მხრივ აღსანიშნავია 2017 წლის ქალაქ ხან-შაიხუნის (სირიის ქალაქი) ქიმიური თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამოქალაქო პირები მასობრივად მოიწამლნენ ზარინის ქიმიური გაზით. სულ მცირე 74 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 557-ზე მეტი.

კიდევ ერთი ქიმიური იარაღი, რომელიც ზარინზე არა ნაკლებ ტოქსიკურია, არის იპრიტი – ე.წ. მდოგვის სუნის მქონე გაზი („მდოგვის გაზი“, C4H8CI2S). იგი იწვევს კანის დაწყლულებასა და ორგანიზმის საერთო მოწამვლას. მისი სახელწოდება მომდინარეობს ბელგიის ქალაქ იპრის სახელიდან, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს პირველად გამოიყენეს გერმანელებმა (1917). იპრიტი ზარინისგან განსხვავებით ნელა მოქმედი ნივთიერებაა. მისი მოქმედების ფარული პერიოდი 2-8 საათს შეადგენს.

სურ. 1. იპრიტით მოწამლული ჯარისკაცი [4]

იგი ორგანიზმში მოხვედრისას აზიანებს ლორწოვან გარსს, ეს შეიძლება იყოს თვალების, ცხვირი, პირის ლორწოვანი გარსები და ასევე კანი, რომელზეც მოგვიანებით ჩნდება წყლულები. სასიკვდილო დარტყმას ეს ნივთიერება აყენებს ფილტვის ლორწოვან გარსს, ის ადნობს მას რის შედეგადაც ფილტვში ხდება სითხის დაგროვება, რამაც შეიძლება ფატალური დასასრული გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, რაც მეტია იპრიტის კონცენტრაცია, მით ნაკლებია გადარჩენის შანსი [5].

როგორც ზარინისა და იპრიტის, ასევე სხვა ქიმიური იარაღებისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევების გათვალისწინება.

1.მოძებნეთ, რაც შეიძლება, მაღალი ადგილი. როცა შენობაში ავრცელებენ აირს, აუცილებელია, დახურული სივრცე სწრაფად დატოვოთ. ხოლო, თუ ის გარეთაც გამოვიდა, მაშინ ყველაზე მაღალ ადგილზე ასვლაა რეკომენდირებული: ქიმიური ნივთიერებები ჰაერზე მძიმეა და მაღლა ამოსვლას ვერ ან ძალიან ნელა ახერხებენ.

2. მოიშორეთ ტანსაცმელი და მოერიდეთ მას. ქიმიური ნივთიერებები მარტივად ეკვრიან ტანსაცმელს, ამიტომ აუცილებელია მისი სხეულიდან მოშორება, რაც შეიძლება, სწრაფად. Wikihow-ს რეკომენდაციით, უმჯობესია, რომ დახიოთ ტანსაცმელი შესაბამისი ხელთათმანების გამოყენებით, რადგან ის არ მოედოს სახეს და ხელებს. შემდეგ ის ჩავდოთ პლასტმასის ჩანთაში და მოვარიდოთ სხვებს. დაიბანეთ კანი საპნით და წყლით, ან სხვა სანიტარული საშუალებით. თუ თვალები გეწვით, ისინი 10-15 წუთის მანძილზე წყლით დაიზილეთ.

3. აღიჭურვეთ. სხეულის დასაცავად მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ პლასტიკური ხელთათმანები, ლინზები, სათვალეები ან გაზისგან დამცავი ნიღაბი.

როგორც ისტორიამ, ასევე თანამედროვეობამ გვაჩვენა ქიმიური იარაღის სისასტიკე. მასთან ბრძოლა კანონის ფარგლებშიც არ არის ხელსაყრელი, რადგან ჟენევის კონვენციის მიერ მიღებული დოკუმენტი მასობრივი განადგურების იარაღის აკრძალვის შესახებ ბევრ შემთხვევაში უძლურია, რაც ახალი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

ლიტერატურა

1. ქ. იაკობაშვილი “თავდაცვა ქიმიურ ომში“ . ტფილისი: საქართველოს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.1928
2. ნ. სირომიატნიკოვი „ქიმიური ომი“. თბილისი: სამხედრო ბიბლიოთეკა. 1968
3. https://www.pri.org/stories/2012-12-06/chemical-attack-5-ways-survive (უკანასკნელად გადამოწმებულია -03/06/2018)
4. http://www.festadodia.com.br/ler.php?id=192უკანასკნელად გადამოწმებულია- 09/06/2018)
5. https://www.presa.ge/new/?m=society&AID=11043(უკანასკნელად გადამოწმებულია- 03/06/2018)