ჩვენ სამი მოთხოვნა გვაქვს და ბრძოლას არ შევწყვეტთ!“ – რას აპირებს ზვიად ტომარაძე.

„ალია“, ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:                                                                                                                 
– ბ–ნო ზვიად, თქვენ ერთ–ერთი პირველი იყავით, ვინც კორონაპანდემიის დაწყების დღიდან, ჯერ კიდევ შარშან მარტიდან, აპროტესტებდით შეზღუდვებს, თქვენი ორგანიზებით უკვე მესამე აქცია ჩატარდა…

–          პირველი ორი აქცია უტრანსპორტობის პირობებში ჩატარდა და იმდენი ხალხი მოვიდა, ძალიან ბევრი საპარლამენტო პარტია ტრანსპორტის პირობებშიც რომ ვერ აგროვებს. აქედანაც ჩანს, რომ ხალხისთვის კორონატერორი კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება მესამე აქციას, რომელიც 15 სექტემბერს კანცელარიიდან დავიწყეთ, შემდეგ მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივედით და იქ ჩავატარეთ, 2000-მდე ადამიანი დაესწრო. ეს იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრ ხელისშეშლას ჰქონდა ადგილი და ბევრი იყო დაინტერესებული, რომ აქცია მრავალრიცხოვანი არ ყოფილიყო. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია: 1)არა იძულებით ვაქცინაციას და კოვიდ–ტერორს, სტუდენტებზე და საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულებზე ვაქცინაციის იძულებას; 2) ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ დატოვონ საკოორდინაციო საბჭო; 3) პარლამენტმა დაიწყოს პროცედურები ე.წ. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან გადასაყენებლად! ეს მავნებელი დისკრიმინაციისგან უნდა იცავდეს ხალხს და პირიქით დისკრიმინაციას ეწევა.

–        რა შედეგი მოჰყვა თქვენს ჩატარებულ აქციებს?

–          მნიშვნელოვანი შედეგების დადებას, ხალხის დიდი რაოდენობა სჭირდება, თუმცა 24 აგვისტოს ტელევიზიასთან ჩატარებული აქციის მცირე შედეგი იყო, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამითმო 23 წუთით პირდაპირი ეთერი და, ამ ცრუპანდემიის დღიდან მოყოლებული, პირველად გაჟღერდა სიმართლე ამ ტელევიზიით. 5 სექტემბერს კანცელარიასთან გამართული აქციის შედეგი კი მეორე დღიდანვე ჯანდაცვის მინისტრის ე. ტიკარაძის განცხადება იყო, რომ ვაქცინაცია არ უნდა იყოს სავალდებულო და მხოლოდ მიზნობრივი უნდა იყოსო, ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართო, ასევე ჩვენი აქციის შემდეგ დაიწყეს გარდაცვალების და დაინფიცირებულების რიცხვების დაწევა… რაც შეეხება 15 სექტემბრის აქციის შედეგს, სამწუხაროა, რომ ქართული ოცნებიდან არავინ გამოსულა და ხალხს არავინ დაელაპარაკა! აქციის მეორე დღეს მე და ბ–ნი სოსო მანჯავიძე შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენელს მამა ანდრია ჯაღმაიძეს. საპატრიარქო ერთგულია როგორც წმინდა სინოდის, ასევე პატრიაქის მიერ გაკეთებული განცხადების, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ასევე საპატრიარქოს სახელით მამა ანდრია უახლოეს ბრიფინგზე გააკეთებს განცხადებებს სტუდენტების თუ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის მიუღებლობაზე. სამივე აქციასთან დაკავშირებით ყველა აღნიშნავდა, რომ აქციები იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.

–        ჩემთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა ჩაატარეს იგივე მოთხოვნებით აქციები 13 და 14 სექტემბერს, გარდა ამისა, ხმები დაგიყარეს, რომ აქციაზე მამაოს დასწრება და ლოცვა აუკრძალეთ ?

–          როდესაც ჩვენ 5 სექტემბერს დავაანონსეთ 15 სექტემბრის აქცია, რამდენიმე დღეში დაახლოებით იგივე მოთხოვნებით სხვადასხვა სუბიექტებმა ასევე დააანონსეს აქციები. 13 სექტემბრის აქციას 20 კაცი დაესწრო, ხოლო 14 სექტემბრის აქციას – 100 კაცამდე. რა თქმა უნდა, რაც მეტი პროტესტი იქნება, კარგია, თუმცა, ჯერ ერთი, რომ ხალხი იბნევა და, მეორეც, როდესაც ასე ცოტა ადამიანი იკრიბება, საზოგადოებაში ნიჰილიზმი ისადგურებს, რაც მთლიანად პროტესტზე ძალიან ცუდად მოქმედებს. რაც შეეხება მამაოსთვის ლოცვის აკრძალვას ან აქციაზე ვინმესთვის მოსვლის აკრძალვას, ეს დიდი ტყუილია. არც აქციაზე მოსვლას და არც ლოცვის თქმას ჩვენ არავის ვუკრძალავთ. აქციის წინა დღით შევიტყვეთ, რომ ქუთაისში მოღვაწე ჩვენთვის სრულიად უცნობი მამაო, აქციის ორგანიზატორების უკითხავად ე.წ. „ლახვრის ლოცვის“ ჩატარებას აპირებდა. ეს ლოცვა ავადმყოფებს ეკითხება და გაუგებარი იყო კანცელარიასთან აქციაზე ამ ლოცვის წაკითხვა, თან ჩვენთან შეუთანხმებლად. რადგან ამ სასულიერო პირის შესახებ პირველად გავიგე და ისიც არ ვიცოდი, ჩვენი ეკლისიის წიაღში იყო თუ არა, მისი ვინაობის გარკვევის მიზნით დავურეკე ქუთაისის და გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე იოანეს. მეუფემ დამიდასტურა, რომ მისი ეპარქიის მღვდელი იყო, თუმცა მეუფესთვის მიუღებელი აღმოჩნდა მის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირის მიერ აქციაზე და ასევე სხვა ეპარქიაში უკითხავად, „ლახვრის ლოცვის“ ჩატარება, რაც საეკლესიო წესების დარღვევაა.

–        სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ სხვადასხვა პიროვნებებთან გაერთიანების წინააღმდეგი ხართ?

–          ესეც სიცრუეა! ჩვენ საკმაოდ ბევრი ადამიანი ვართ გაერთიანებული, გარდა ამისა, ყოველთვის ერთიანობის მომხრე ვიყავი, სწორედ ამ მიზნით 17 აგვისტოს ჩავატარე შეკრება ჩვენი ორგანიზაციის ოფისში, ყველა მოვიწვიე, ვინც კოვიდტერორს აპროტესტებდა. უმრავლესობა შევთანხმდით. 3 ადამიანს, რომლებიც ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ, სხვა ხედვები ჰქონდათ და შეხვედრიდან წავიდნენ, წასვლისას ვუთხარი, რომ თუ ერთმანეთს მხარს არ დავუჭერდით, როგორც მინიმუმ, ერთმანეთს არ დავპირისპირებოდით და არ გველანძღა მაინც. მეორე დღიდან იმ ჯგუფიდან დაიწყო ჩემი მისამართით ლანძღვა და დაპირისპირება. მე დუმილით ვუპასუხე, რადგან ის საქმე ზიანდება, რასაც ვემსახურებით, გარდა ამისა, არ მიყვარს სოციალური ქსელით საქმეების გარჩევა… აგვისტოს ბოლოს მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამომსვლელმა ქალბატონმა მტერი და მოღალატე მიწოდა. ახლა გეკითხებით, ადამიანებთან, რომლებიც ასე უსამართლოდ ილანძღებიან, რა გაერთიანებაზეა საუბარი? ყველასთან გაერთიანება ილუზიაა, გაერთიანება ვერ მოხდება მარგინალებთან, ამბიციურ სუბიექტებთან და მართულ გაპონებთან, რადგან ამ შემთხვევაში მარცხისთვის ხარ განწირული.

–        რას აპირებთ?

–          ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია! კოვიდტერორი საქართველოში დამარცხდება, მალე სიმართლე გაიმარჯვებს. ლე¬ვან რა¬ტი¬ა¬ნმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომ კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების. დაიწყეს ექიმებმა სიმართლეზე საუბარი! რაც შეეხება მომდევნო აქციის თარიღს, ახლა არჩევნების თემა ყველა საკითხს გადაფარავს. ორგანიზაციაში დავილაპარაკებთ და შემდგომი აქციის თარიღს ამ ყველაფრის გათვალისწინების შედეგად გამოვაცხადებთ.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები ფეისბუქიდან