რიონის ხეობაში პროტესტის დაწყებიდან 335 დღე გავიდა. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია ხეობის დატოვებასა და კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა ხდება ახლა ხეობაში და როგორია პროტესტის მონაწილეთა სამომავლო გეგმები.
ბევრისთვის მოულოდნელად, თურქულმა კომპანია „ენკამ” რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ოფიცილური განცხადება გამოაქვეყნა. კომპანიამ ამის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევა და დიდი ხნის ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა.
გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს კონტრაქტი „მემკვიდრეობით დახვდა, ისე, როგორც ბევრი სხვა რამ და ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რაზეც ღია საუბარი ჰქონდა ინვესტორთან“.
„ჩვენი სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ეხება და მეც მაწუხებდა მათ შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება პროცესს, გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ ვითარებაში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. ჩვენ მომავალშიც გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და შემდგომ ბედს მომდევნო ერთ თვეში გავარკვევთ“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის მინისტრებს, ისინი, ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ პროექტი ჯერ შეჩერებულია და არა _ შეწყვეტილი, შესაბამისად, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კომპანიასთან კონტრაქტის შენარჩუნებისთვის.
„ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, თუ რა ხდება ახლა პროტესტის ეპიცენტრში, ანუ რიონის ხეობაში და უშუალოდ ჰესის მშენებლობის ადგილზე. სწორედ უწყვეტმა წინააღმდეგობამ, ფართომასშტაბიანმა აქციებმა და ხეობის შესასვლელების გადაკეტვამ გამოიწვია საბოლოოდ კომპანიის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება. პროტესტის შედეგია ისიც, რომ სახელმწიფომ კონტრაქტის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კომპანია ამას არ დათანხმდა. „ბიზნეს-რეზონანსი“ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს გაესაუბრა.
„ბიზნეს-რეზონანსი”: დავიწყოთ ბოლოდან, გუშინ მთავრობის მეთაურისა და წევრების განცხადებები განსხვავებული იყო. როგორია თქვენი შეფასება და პოზიცია „ენკას” წასვლის დაანონსების შემდეგ?
ვარლამ გოლეთიანი: ჩვენ ხელისულფლებიდან არავინ დაგვკავშირებია, რაც მასმედიაში ვრცელდება, იმას ვადევნებთ თვალს. სხვადასხვაგვარი პოზიცია ახალი არ არის. მანამდეც ჩანდა, რომ პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. მე მესმის ნათია თურნავას რიტორიკა. პირდაპირ დგას მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ კონტრაქტის დადებასა და მომზადებასთან დაკავშირებით. მინისტრის პასუხისმგებლობა დიდია და თავს იცავს. ჩვენ ვფიქრობთ, არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა უშუალო მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ეს გამოძიების საკითხია და ცალკე დიდი ბრძოლა დასჭირდება, თუმცა პრეცედენტი აუცილებელია, ამის გარეშე წინსვლა არ გვექნება.
„ბ-რ“: რა ხდება ახლა ხეობაში, ტექნიკა ისევ რჩება?
ვ.გ: აქ ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ „ენკა” ყოველ დილას აღარ მოდის ორი ტრაილერით. ეს ხდებოდა ბოლო სამი თვე და ამ კადრებს იღებდნენ. ახლა აქტივობა აღარ არის. სხვა მხრივ, ტექნიკა კვლავ იქ არის დასაწყობებული და პროტესტის მონაწილეებს ისევ შეჩერებული გვაქვს გადაადგილება.
„ბ-რ“: რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მთავარს, მიწის საკითხს. კონტრაქტის გაწყვეტის შემთვევაში მიწა სახელმწიფოს ავტომატურად უბრუნდება?
ვ.გ: მკაფიოდ ვერ ვიტყვით, „ენკას” გასვლის შედეგ როგორია პროცედურები, როგორ ბრუნდება მიწა უკან. ერთადერთი, რაც ვიცით, ამ რესურსების, მათ შორის მიწის გამოყენება კომპანიას შეუძლია მხოლოდ ჰესის აშენებისთვის. მუხლი არსებობს, რომელშიც წერია, რომ თუ ის ჰესს არ ააშენებს, მიწის რესურსების გამოყენება არ შეუძლია. სხვა მექანიზმები უცნობია.
„ბ-რ“: რა პირობებია, რომელთა საფუძველზეც თქვენ ჰესის აშენებაზეც თანახმა იქნებით?
ვ.გ: ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია ამაზე საჯარო განხილვები და მსჯელობა. ყველა საკითხი ღიად, საზოგადოებასთან ერთად უნდა გავიაროთ. ამას სახელმწიფოებრივი ხედვა სჭირდება, ესენი კი მხოლოდ ბიზნესსექტორსა და მის სურვილებს არგებენ ყველაფერს. საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, ხეობაში ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ამას ნამდვილად უზრუნველყოფს ჩვენი პროტესტი.
ხალხის მოტყუებითა და გვერდის ავლით თუ არ დააპირებენ სიარულს, იმედი გვაქვს, რამე შეიცვლება, მაგრამ მათი დამოკიდებულება ზუსტად იგივეა, რაც 300 დღის წინ იყო. ისევ ცდილობენ და იმაზე არიან ორიენტირებულნი, როგორ მოატყუონ ადგილობრივები. არადა, ყველაფერმა დაამტკიცა, რომ ჩვენ აღარ ვართ ხელწამოსაკრავი ძალა, არ ვტყდებით და არ ვტოვებთ იქაურობას.
„ბ-რ“: როგორია ახლა მოლოდინი. თვლით, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება, შეიცვალოს მიდგომა და სახელმწიფოს პოზიცია?
ვ.გ: გვაქვს განცდა, რომ შეიძლება, პროცესი ასე არ წარიმართოს და ახლა რა მოცემულობაც არის, რომ „ენკა” გადის ხეობიდან, შეიძლება, ეცადონ ამის შემობრუნებას. ეს ნამვილად არ გაგვიკვრიდება და მზად ვართ ამისთვისაც. ძალიან კომპლექსური ბრძოლაა და მხოლოდ ამ კომპანიის გასვლა არ არის გადამწყვეტი. მთავარია, საფუძველშივე გასწორდეს უდიდესი ხარვეზები, რომლებიც აშკარაა. ხომ შეიძლება, ხვალ შემოვიდეს სხვა კომპანია და იგივე საქმე უფრო მძიმე პორობებით განაგრძოს? ამიტომ სისტემური ცვლილება და ენერგეტიკის სფეროს სტრატეგიაა საჭირო. „ენკას” გასვლა მხოლოდ ერთი კომპონენტია, რეალობა კი ისაა, რომ ისეთი კაბალური კონტრაქტია, რომ მინიმალურ ცვლილებებს არ დათანხმდა კომპანია და სახელმწიფოსთან ვერ მორიგდა.