SOS!!! საწვავი უახლოეს დღეებში 10-15 თეთრით გაძვირდება.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. „ბრენტის” ტიპის საწვავის ღირებულებამ 83-დოლარიან ნიშნულზე მივიდა. საქართველოში ფასები ჯერჯერობითუცვლელია, თუმცა გაძვირება გარდაუვალია, რაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, სტიქიური მოვლენები აშშ-ში, ოპეკ-ის ქვეყნების შეთანხმება და სხვა რამდენიმე ფაქტორი ერთობლივად მოქმედებს ფასზე, რაც განსაკუთრებით იმპორტიორი ქვეყნებისთვის არის მძიმე. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება, პანდემიის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მსოფლიოში ნავთობპროდუქტების გაძვირება უკვე დაწყებულია და არის მოლოდინი, რომ ზამთრის სეზონის წინ კიდევ მოიმატებს.

როგორც ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში “პლატცზე” დიზელი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ბენზინი. 1-ლი სექტემბრისთვის 1 ტონა დიზელი 592 დოლარი ღირდა, დღეს ფასი 693 დოლარს შეადგენს, რაც 17%-იან მატებას ნიშნავს. ბეზნინის ფასმა კი სექტემბერში სტაბილურობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა და ზრდის ტენდენცია მხოლოდ ოქტომბერში გამოიკვეთა და 1 ტონა 747 დოლარიდან 768 დოლარამდე გაძვირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში საწვავის საცალო ქსელში ფასები ჯერჯერობით ძველ ნიშნულზეა, მაგრამ გაძვირება უკვე თითქმის გარდაუვალია. საქართველოში დიზელის ფასთან დაკავშირებით ვანო მთვრალიშვილი მოლოდინი ცალსახად ნეგატიურია, თუმცა პოზიტიურ პროგნოზს ვერც ბენზინის შემთხვევაში აკეთებს. მისი აზრით, გარკვეული პერიოდი შეიძლება ფასი არსებულ დონეზე შენარჩუნდეს. მსხვილი იმპორტიორების მარაგები კი 2-3 კვირის სამყოფია.

საცალო ქსელში ფასების ზრდაზე დამატებითი გავლენა შესაძლოა, ვალუტის კურსმაც მოახდინოს. ქართულმა ფულმა არჩევნების შემდეგ მცირედი რყევა დაიწყო და დღეის მდგომარეობით, ერთი ამერიკული დოლარი 3.14 ლარი ღირს. 

კომპანია „სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე პირდაპირ ამბობს, რომ უარყოფითი ფაქტორებიდან გამომდინარე, უახლოს მომავალში, საწვავი დაახლოებით 10-15 თეთრით გაძვირდება. 

“საბითუმო ბაზარზე, ბენზინის ფასი 2.50 ლარია, ხოლო დიზელისა – 2.48 ლარი. უარყოფითი ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელსაც ცუდი ამინდი და ევროპაში ენერგომატარებლების კრიზისი ემატება, გაძვირება მოსალოდნელია და თანაც უახლოეს მომავალში. ეს შეიძლება იყოს 10-15 თეთრი და რაც მთავარია,  პროცესი შესაძლოა, იქამდე დაიწყოს, ვიდრე ქვეყანაში საწვავის ახალი პარტიები შემოვა”, – განუცხადა “რეზონანს” ზაალ იაკობიძემ. 

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის გაზრდას იმპორტიორი ქვეყნებისთვის საკმოდ ცუდი შედეგი მოაქვს. სახელმწიფოებს უწევთ, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას ფეხი აუწყონ და ფასის კორექტირება მოახდინონ. განსაკუთრებით უარყოფითი შედეგი მაშინ დგება ხოლმე, როდესაც ლარი უფასურდება. 

როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია აცხადებს, პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს ეს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაა, რადგან გაუფასურებულ ლარს, ყოველ მხრივ უარყოფითი შედეგი მოაქვს.   

“რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორი თუ უარყოფითად მოქმედებს, მაშინ საწვავი გაძვირდება და უნდა ველოდოთ კიდეც. მთავარი ფაქტორი არის ლარის კურსი, რომელიც არ ეხება მხოლოდ საწვავს, არამედ ყველანაირ პროდუქციას. როდესაც ლარი უფასურდება, ეს პირდაპირ იწვევს ინფლაციას, ამიტომ პირველ რიგში, მუშაობა უნდა მიდიოდეს იმაზე, რომ ლარი გამყარდეს. ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა. ეროვნულმა ბანკმა აქტიურად უნდა იმუშავოს ინფლაციის მიმართულებით. 

საწვავის ღირებულება მიბმულია, როგორც ლარის კურსზე, ისე საერთაშორისო ფასზე და მსოფლიოში საწვავის გაძვირება საქართველოზე აისახება, რაც დამატებით წნეხად აწვება მოსახლეობას, რადგან ყველანაირი მომსახურების, თუ პროდუქციის თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საწვავის დანახარჯს. ჩვენ კი ვართ მომხმარებელი ქვეყანა და ლარის ყოველი გაუფასურება თითოელ მოქალაქეზე უარყოფითად აისახება”, – განუცხადა “რეზონანს” ბექა კემულარიამ. 

მაშინაც კი თუ ქვეყანაში ფასები არ გაიზარდა, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, დღეის მდგომარეობით, საწვავის ღირებულება მაინც რეკორდულად მიიჩნევა, რადგან 1 ლიტრის ღირებულება უკვე 3 ლარს აღწევს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

კომენტარები ფეისბუქიდან