თურმე რა ბედნიერები ვიყავით არჩევნებამდე.

სემეკი დენის გაძვირებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ დამტკიცებიდან 3 წლის განმავლობაში ტარიფი ხელშეუხებელი იყოს,  გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს. ენეგეტიკოსებიც და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ ეს იქნება მოსახლეობის გასაღატაკებლად  გადადგმული ნაბიჯი, რაც მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს. 

ბოლოს, როცა ელექტროენერგია გაძვირდა, საუბარი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი დაანგარიშებული იყო ლარის დაბალ ნიშნულზე და კურსი იმ დროს 3,45-ის ნიშინულზე მერყობდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურად ერთ დონეზეა – 3,11-3,13-ის ფარგლებში, დენის გაძვირების საკითხი მაინც დადგა დღის წესრიგში. 

ამით სემეკი, კერძოდ კი, მისი ხელმძღვანელი დავით ნარმანია, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ  წარმოადგენს მოსახლეობის მიმართ მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, რომელიც მუდმივად  ტრანსნაციონალური კომპანიების ინეტერსების კარნახით მოქმედებს და ტარიფების  ზრდით მოსახლეობის გაღატაკების პოლიტიკას ეწევა. მით უმეტეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტარიფში შეიძლება გამოინახოს გაიაფების შესაძლებლობაც კი და ელექტროენერგია საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ძვირდებოდეს.