სათამაშო ბიზნესი ქვეყანაში დოვლათს არ ქმნის, კონკრეტულ ადამიანებს კი ყვლეფს და აუბედურებს – ციფრები!

„[სათამაშო ბიზნესი] არის ბიზნესი, რომელიც აქცენტირებულია მოქალაქეებისგან მოგების მიღებაზე და ეკონომიკაში მცირე რაოდენობით თანხების დაბრუნებაზე“,- ამის შესახებ „აფბა-ს“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით მან სათამაშო ბიზნესის მზარდი მოგება შეაფასა.

კერძოდ, პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1 666-ჯერ აღემატებოდა სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილ მოსაკრებელს. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს სექტორის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 19 261 560 ლარი იყო.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესი არის სექტორი, რომელიც ქვეყანაში დოვლათს ფაქტობრივად, ვერ ქმნის. ეს არის ბიზნესი, რომელიც აქცენტირებულია მოქალაქეებისგან მოგების მიღებაზე და ეკონომიკაში მცირე რაოდენობით თანხების დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში სახელწიფოს რა დარჩა, საიდან შეიძლება მიიღოს ეკონომიკური ეფექტი, თუ ბიზნესი ეკონომიკაში ვერ ახდენს ამ თანხების მობილიზებას, მაშინ დარჩა ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ვხედავთ, რომ იგივე პრობლემაა ბიუჯეტში გადახდილი თანხების მიმართულებითაც, იქიდან გამომდინარე, რომ 32-მილიარდიანი ბრუნვის მქონდე ბიზნესი, იხდის 19 მლნ-ს. უბრალოდ სასაცილოა, ის გადასახადი, რასაც ეს ბიზნესი იხდის”- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ონლაინ კაზინოები წარმოადგენს, სადაც 90% ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

„ეს მოგება იმ მოქალაქეებისგან არის, რომლებიც ბოლო კაპიკებს აგებენ აზარტულ თამაშებში, კარგავენ ქონებას, ინგრევენ ცხოვრებას და უამრავ პრობლემას იქმნიან. ამ დროს, ეს ბიზნესი ეკონომიკურ დოვლათსაც ვერ ქმნის“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან