თერთმეტი ოპოზიციური პარტიის მიერ წამოყენებული პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიერ ტვ “პირველის” პირდაპირ ეთერში წამოცდენილი ეს უხამსი რუსული ფრაზა ყველაზე ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას. დაწყებული იმით, რომ რუსეთთან ვითომ თავგანწირვით მებრძოლი პროდასავლელი პრეზიდენტობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში სწორედ რუსი “სალდაფონის” ლექსიკით ლაპარაკობს, და დამთავრებული იმით, რომ სახელისუფლო პარტიამ პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციას უნდა დაუთმოს, რადგან ასე თურმე “საინტერესო იქნება”.
სწორედ ამ “არგუმენტით” გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოსაზრება, როდესაც “პირველი არხის” ეთერში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე მსჯელობდა. ადრეც გამიხსენებია ჩემს სტატიებში ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ 2011 წელს ნათქვამი ფრაზა: “მე მიყვარს ადამიანების თავის ნებაზე მიშვება და მათზე დაკვირვება”. შეიძლება, ადამიანების მართვის ეს მეთოდი გარკვეულ შემთხვევებში ეფექტიანიც იყოს და გამართლებულიც. ბოლოს და ბოლოს, არაფერი არსებობს ქვეყნად ისეთი, ბატონ ბიძინას ექსკლუზიურ “გამოგონებად” რომ მივიჩნიოთ. ხსენებული მეთოდით ბიძინამდეც ძალიან ბევრი პერსონა მოქმედებდა, მაგრამ განა არ უნდა იფიქროს ადამიანმა, სად და რა ვითარებაში იყენებს ამ მეთოდს? მსგავსი მეთოდებით, ძირითადად, მეტროპოლიები მართავდნენ ხოლმე დაპყრობილ კოლონიებს ან კიდევ: შეიძლება რომელიმე მსხვილმა ბიზნესმენმა მართოს ასე თავისი კანტორის რომელიმე ფილიალი. იმ ქვეყნის მართვა ასეთი მეთოდებით, რომელიც შენი სამშობლოა, რომელზეც პასუხისმგებელი ხარ და რომელიც ნამდვილად არ არის შენი “კანტორა”, “ცეხი” ან “ფილიალი”, განა გამართლებულია?!
თუმცა ივანიშვილს იქნებ მიაჩნია კიდეც საქართველო მის მიერ “დაპყრობილ ქვეყნად” ან საკუთარ “ცეხად”, რაც კიდევ უფრო სარწმუნოა, და სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით მართვის პირობებში ეს “ცეხი”, შესაძლოა, მნიშვნელოვნად, გამოუსწორებლადაც კი დაზიანდეს, ვიდრე შენ შენთვის “საინტერესო” ექსპერიმენეტებს ატარებ?!
ბიძინას ექსპერიმენტი ამჯერად შეეხება იმას, რომ თურმე “საინტერესო” იქნება, თუ მმართველი ძალა არ დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს და ამ პოსტზე ოპოზიციური ძალების ბრძოლას “გარედან დააკვირდება”. ეს თურმე, როგორც მილიარდერმა ბელადმა გვითხრა, “დემოკრატიისთვის იქნება საინტერესო”. აჰ, სულ დაგვავიწყდა _ ჩვენ ხომ გასაოცარ დემოკრატიას ვაშენებთ!
საზოგადოდაც, ბიძინა ივანიშვილის საათნახევრიანი სატელევიზიო გამოსვლა ძალიან ჰგავდა ე.წ. შესავალ ლექციებს პირველკურსელთათვის. შემდეგ ასეთ ლექციებს წიგნად შეკრებენ და სახელმძღვანელოდ გამოსცემენ. როგორც წესი, სათაური ასეთია ხოლმე: “ეგზისტენციალური ფილოსოფიის საფუძვლები” ან “მაკროეკონომიკის საფუძვლები”, ან “აღქმის ფსიქოლოგიის საფუძვლები” და ა.შ.
ზუსტად ასევე, ბიძინას ამ საათნახევრიან ლექციას შეგვიძლია ვუწოდოთ “გასაოცარი დემოკრატიის საფუძვლები”. აკი, მილიარდერი ბელადი, ძირითადად, სწორედ იმაზე საუბრობდა, რა წაადგება დემოკრატიას, რით გაოცდებიან და მოიხიბლებიან ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები, ხოლო უცხოელთა წინაშე ასეთი პოზიორობის ფონზე რა დაემართება ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოს, ამ მიმართულებით “ცეხის უფროსი”, მგონი, არც კი ფიქრობს.
კი, ბატონო, დემოკრატიისთვის, მით უფრო გასაოცარი დემოკრატიისთვის, შეიძლება მართლაც საინტერესო იყოს ის, რომ მმართველობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ძალა დიდსულოვნად უთმობს ოპოზიციას პრეზიდენტის თანამდებობას დემოკრატიის განვითარების მიზნით. მაგრამ ჩვენ ოპოზიცია რომ არ გვყავს?! ჩვენ გვყავს მკვლელების, სადისტების, მანიაკების ბანდა, რომელსაც ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის მონდომებითა და რუდუნებით “ოპოზიციას” ვუწოდებთ.
ვსვამ კითხვას: აი, ასეთი “ოპოზიიციის” პირობებში გამართლებულია თუ არა ის, რასაც ივანიშვილი თავის “გასაოცარი დემოკრატიის საფუძვლებში” გვეუბნება?
ეგ მანიაკების ჯგუფი, პარლამენტში რომ ზის საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობით, მერე, საერთოდ, რომ არსებობს და მონაწილეობს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურით, “გასაოცარი დემოკრატია” კი არა, უკვე “წარმოუდგენელი კატასტროფაა” სწორედ დემოკრატიისთვის და ახლა პრეზიდენტის სავარძელიც ჩავაბაროთ?
იმის გაკვეთლს კი, რა შეიძლება გააკეთონ და დაატრიალონ მათ თუნდაც ძალიან დასუსტებული საპრეზიდენტო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ, უკვე გვაძლევს ჯერარგაპრეზიდენტებული გრიგოლ ვაშაძე. იგი ოპონენტებსა და ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში უკვე ელაპარაკება “ზაე@ალი პროსტო”-თი და თანაც ისეთი ტონით, ვინც არ დაემორჩილება, აუცილებლად დახვრეტს, უფლება რომ ჰქონდეს.
ჰო, სწორედ უფლებებზე შეიძლება შემედავოს ვინმე, რა იყო, რას აწიეთ ერთი ამბავი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი?! ისედაც არავითარი უფლებები არ აქვს და ფორმალური პოსტია, გინდ ვაშაძე იჯდეს მანდ და გინდ სააკაშვილიო…
სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის პოსტისადმი ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულების დამკვიდრებაც მავანის წინასწარი გაზრახვა მგონია. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტს სულაც არ აქვს უმნიშვნელო უფლებები. თუნდაც ასე მასხრად აგდებულ “ვეტოს უფლებას” ძალიანაც ნუ შევეხუმრებით, თორემ 2020 წელს პარლამენტში “ოცნება” ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ ვერ მოვიდეს, რის დიდ ალბათობასაც ყველა აღიარებს, მერე ვნახოთ, პარლამენტარები რა ჯადოთი დაძლევენ პრეზიდენტ ვაშაძის ვეტოს?!
ანდა, ვეტო სულაც რომ არ ვახსენოთ, განა ასეთი მცირე ფუნქცია და უფლებაა პატიმრების უპირობო შეწყალების უფლება? აკი, სწორედ ეს შეწყალებებია, რომელთა გამოც ერთი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო მეორე პრეზიდენტს ყველაზე “მსუქან” პრეტენზიად სწორედ შეწყალების ექსკლუზიური უფლების ბოროტად გამოყენებას უყენებენ.
მართალია, ორივე ეს ამბავი კომიკურია, რადგან, თუ ვინმეს ანიჭებ ექსკლუზიური შეწყალების უფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, შეიწყალოს ვინც უნდა და როცა უნდა, ყოველგვარი არგუმენტაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე პრეზიდენტს სწორედ ამას ედავებიან.
გრიგოლ ვაშაძე და ნინო ჟიჟილაშვილი
გრიგოლ ვაშაძე და ნინო ჟიჟილაშვილი
უბრალოდ, საქმე ის არის, რომ, თუკი მარგველაშვილმა მხოლოდ ორიოდე შემთხვევაში იკადრა ეს, სააკაშვილმა, უბრალოდ, ვერ მოასწრო. ვინ იცის, როდის, რისთვის და ვისთვის გამოიყენებს ახალი პრეზიდენტი ამ ექსკლუზიურ უფლებას? მოკლედ, ოპოზიციის სავარაუდო პრეზიდენტის ენით რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე ზაე@ბალ ამ თავისი “გასაოცარი დემოკრატიით”.
ისე კი, რა უშავდა, თუკი ასე მხოლოდ ივანიშვილი მოიქცეოდა. საქმე ისაა, რომ საქართველოში უკვე ისეთი წინაქაოსური მდგომარეობაა, რომ ყველამ, მართლაც, ზაე@ბალი პროსტო!
თანაც ზაე@ბალი არა მხოლოდ ივანიშვილმა და მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, არამედ ოპოზიციამაც, ექსპერტებმაც, საზოგადოდ, პოლიტიკოსებმა, კულტურის მოღვაწეებმაც, მეტისმეტად საეჭვოდ “ცნობადმა” ჟურნალისტებმაც და ასე განსაჯეთ _ პუბლიცისტებმაც კი.
ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული მთელი ეს სრულიად უტვინო და უაზრო ორომტრიალი და მართლაც რთულია, თქვა, რომელი უფრო ამაზრზენი და გულისამრევი საყურებელია: ისინი, ვინც ბატონ ბიძინას მიმართ ხოტბის შესხმაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სოციალურ ქსელებში, თუ ისინი, ვისთვისაც 2012-დან 2016 წლამდე ივანიშვილი იყო “პელე”, “ფენომენი”, “გენიოსი”, “მხსნელი”, ახლა კი, რადგან მისგან ნატრული მილიონები და თანამდებობები ვერ მიიღეს, ბიძინა არის ყველაზე ცუდი, ბოროტი, უტვინო, ქვეყნის გამანადგურებელი…
ამ უკანასკნელთა მომრავლება უკვე აშკარაა და მათ რიგებს შალვა შავგულიძეც და გუბაზ სანიკიძეც შეურთდნენ ბოლო დღეებში. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ თაკო ჩარკვიანი, მურმან დუმბაძე, არმაზ ახვლედიანი…
ფაქტობრივად, მთელი ის შემადგენლობა, რომელიც თავის დროზე “ბიძინას რჩეულები” იყვნენ და რომელთა შესახებაც ოდნავ გადაბრუნებულის თქმა “ოცნების” და პირადად ივანიშვილის “მტრობად” აღიქმებოდა. ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება ითქვას, ფულის სიყვარულში სახელგანთქმული ადამიანებისგან მხოლოდ ეკა ბესელია და ზვიად ძიძიგურიღა შერჩა და, ალბათ, იმის წყალობით, რომ მათ მართლაც ფენომენალური ალღო აქვთ “გამოძრომებისა”.
მაგალითად, გენიალური იყო ეკა ბესელიას ფრაზა ტვ “პირველთან” საუბრისას: “მე, რა თქმა უნდა, არ ვაქებ და ვადიდებ ბატონ ბიძინას, მაგრამ ეს ადამიანი არის საოცრად მოაზროვნე და მისი ყოველი სიტყვა მართლაც დასამახსოვრებელია. მას არაფერი გაუკეთებია, კარგის და დადებითის მეტი…” დამეთანხმებით, “წინდახედული მლიქვნელის” კლასიკური ნიმუშია… ეს არც არის გასაკვირი, როდესაც ბელადი ასეთ რამეს ამბობს: “მე არ ვიყავი არაფორმალური მმართველი. მე არავის ვმართავდი, მხოლოდ ვაკონტროლებდი და, როდესაც დავინახე, რომ ჩემს კონტროლს აღარ ემორჩილებოდნენ, დავბრუნდი და გავუშვი სახლში!”
ამ ადამიანს “არმართვის” თავისებური მეთოდებიც ჰქონია თურმე. “გასაოცარი დემოკრატიის საფუძვლებში” შესატანი თვალსაჩინო ნიმუშია… ცალკე თემაა ნიკა გვარამიას, ეკა კვესიტაძის, გიორგი გაბუნიას და მათნაირი “მიშას დადებული კვერცხების” მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სრულიად შტერული ლანძღვა და ბოღმიანი ფრაზების სროლა…
მოკლედ, 2003 წელს დაწყებული მანიაკთა “წესრიგი”, რომელიც 2012-დან უნიათოთა სრულმა უწესრიგობამ განაგრძო, შეუფერხებლად გრძელდება. ახლა ისევ ამ სტატიის სათაურს შეხედეთ და მიხვდებით, რატომ არის იქ გრიგოლ ვაშაძის “საავტორო ფრაზა” გამოტანილი ბრჭყალების გარეშე.
ბაკურ სვანიძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო