დამთავრდა რესტორნების ბაირამობა

რესტორნების ქსელის მმართველი კომპანია „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო სტურუა აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტის” სისტემის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ 50%-ით შეუმცირდათ.

“რადიკალურად შეგვიმცირდა მომხმარებელი. დღეებზეა დამოკიდებული, ზოგიერთ დღეს დაახლოებით 50%, ზოგჯერ კი 40%-ით შემცირდა მომხმარებელი. ასეთი ვითარებაა თბილისის მასშტაბით ყველა რესტორანში. რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეებში უკან ვაბრუნებდით ხალხს, ახლა აღარც მოდიან, რადგან იციან რომ არ ვუშვებთ”,-აცხადებს სტურუა.

რესტორნების ქსელის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მომხმარებელი თბილისის ყველა უბანში შეუმცირდათ. მათ შორის ტურისტულ ადგილებშიც.

“მაგალითად “მეიდანზე”, სადაც მეტწილად ტურისტები არიან, მათაც ვერ ვუშვებთ ხშირ შემთხვევაში. ზოგიერთი ტურისტი PCR ტესტით ჩამოდის, შემდეგ ამ ტესტს 72-საათიანი ვადა გასდის, აცრილები არ არიან, ანუ “მწვანე პასპორტი” არ აქვთ. ამიტომ, ბევრ მათგანს ვერ ვუშვებთ. როგორც გითხარით კვირის დღეებში დაახლოებით 50%-ით არის მომხმარებელი შემცირებული, ისე ალბათ 35-40%-ით”,-ამბობს სტურუა.