ნატოს გაღებულ კარში უნდა შევეშვით, თორემ ამდენი ხანი გვიმტკიცებენ, თქვენთვის კარი ღიაა და დაკაკუნებაც არ გჭირდებათო.

გაწევრების პირობის დოკუმენტურად ანულირება. მთავარი, რასაც აქედან ველოდით, სიტუაციის საბოლოოდ გარკვევა იყო. დასავლელ პარტნიორებს ან უნდა ეთქვათ, რომ დაპირება უკან მიაქვთ და 30 წელი ერთსა და იმავე წრეზე ტყუილად გვატარეს, ან პირდაპირ უნდა გაეღოთ ნატოს კარი. უფრო ზუსტად, უკვე გაღებულ კარში უნდა შევეშვით, თორემ ამდენი ხანი გვიმტკიცებენ, თქვენთვის კარი ღიაა და დაკაკუნებაც არ გჭირდებათო. იყო მესამე ვარიანტიც _ დასავლეთს ჩვენთვის, უბრალოდ, უნდა ეთქვა რაიმე დიდი, ძალიან დიდი ტყუილი, რომელსაც ბავშვიც კი არ დაიჯერებდა, მაგრამ შინაგანად გვჯეროდა, რომ ამას არ გვაკადრებდნენ.

15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა. სწორედ იქ უნდა გაცხადებულიყო ის, რასაც ასე მოუთმენლად ველოდით. ბრიუსელში ნათქვამი დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს 2022 წელს გასამართ ნატოს სამიტზე.

“ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ნატოს გენერალური მდივანი იყო უაღრესად პირდაპირი და კონკრეტული და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის საკითხი არის უშუალოდ ნატოს და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, ვინც მიისწრაფვის ნატოსკენ. პირდაპირ გაკეთდა მინიშნება ნატოს წესდებაზე, კერძოდ, ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ნატოსკენ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უნდა იყოს მიღებული ნატოში და ეს არის, რა თქმა უნდა, ნატოსა და ამ ქვეყნის გადასაწყვეტი და არც ერთ მესამე მხარეს, მესამე ძალას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში. ეს გზავნილი დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ. მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაქვს თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მიერ იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების მიმართულებით, რომლებიც გვაახლოებს ნატოსთან და ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა”, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

“საქართველო, პრაქტიკულად, უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა”, _ ეს არის სიახლე, რომელიც ამერიკამ და ევროპამ მოიგონეს და ჩვენც ავიტაცეთ. ე.ი., ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, მაგრამ ვმოქმედებთ ისე, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, და ეს არის მთავარი. ზუსტად ეს იქნება მთავარი მინიშნება 2022 წელს გასამართ ნატოს სამიტზე და აუცილებლად გვეტყვიან, რომ ჩვენ სწორედ ალიანსის წევრ ქვეყანასავით უნდა ვიმოქმედოთ. მერე რა, რომ ოფიციალურად წევრი არ ვართ და მთავარი პრინციპი: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის _ ჩვენზე ვერანაირად ვერ გავრცელდება. უფრო მეტის მოლოდინი არც პრემიერმინისტრს რომ არ აქვს, მისი განცხადებიდანაც ჩანს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ნატოს 2022 წლის სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის…” ანუ, უახლოეს მომავალში ალიანსში გაწევრებაზე მინიშნებაც არ არის და არც ამის მოლოდინია. იმასაც ვერ ვიტყვით, მაპ–ზე უკეთესი მოგვცესო.

მოდი, რიგითობით მივყვეთ და დავსვათ მთავარი კითხვა _ რისთვის სჭირდება ნატოს საქართველო? ავღანეთში, ერაყსა და სირიაში კონფლიქტები ან დასრულებულია, ან გაყინული და უახლოესი წლების განმავლობაში მათი გაცოცხლება-მოგვარების წინაპირობა არ ჩანს. შედეგად, ქართული ჯარი არც ერაყშია, არც ავღანეთში და მხოლოდ ცენტრალურ აფრიკაში, ისიც მცირე ოდენობით არის დისლოცირებული. ეს პროექტიც წლის ბოლოს მთავრდება და გამოვა ისე, რომ დასავლეთს ქართველი ჯარისკაცები არც საზარბაზნე ხორცად სჭირდება კონფლიქტურ ქვეყნებში, არც მშვიდობისმყოფელებად, უბრალოდ, არაფერში სჭირდება. აქედან გამომდინარე, ქართული ჯარის შეიარაღება და უცხოური ამუნიცია საჭირო აღარ არის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი შეაჩეჩეს ორიოდე წლის წინათ 75 მილიონად ჩამოწერილი ჯართი, რომელსაც ჩვენში “ჯაველინების” სახელით იცნობენ, სინამდვილეში კი ყველა განვითარებულმა ქვეყანამ მათზე, როგორც მოძველებულ იარაღზე, უარი განაცხადა. ისიც ვთქვათ, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ დიდი სახელმწიფოები საბრძოლო დრონების აწყობაზე გადავიდნენ და აღარავინ მალავს, რომ საბრძოლო დრონი თანამედროვე ეპოქის ყველაზე ეფექტიანი იარაღია. საქართველოს, რა თქმა უნდა, საბრძოლო დრონებს არც აჩუქებენ და არც მიჰყიდიან _ შემთხვევით სააკაშვილის მსგავსი ტვინგაცხელებული მმართველი რომ მოვიდეს კვლავ სათავეში, ის დრონები არ ააფრინოს და ომობანათი არ გაერთოს. გამოდის, დასავლეთს ძლიერი ქართული არმია არაფერში სჭირდება. ე.ი., რა თანხაც უნდა ჩაიდოს ქართულ ჯარში, ვერასდროს იქნება ისეთი, რომ დიდ სახელმწიფოს ებრძოლოს; ამასთან, ომის შემთხვევაში, ჯარისკაცებზე უკვე ნაკლებია დამოკიდებული, ყველაფერი საფრენი აპარატებითა და კომპიუტერით, დისტანციურად იმართება, რის საშუალებაც საქართველოს არ აქვს და არც უახლოეს მომავალში ექნება.

აქედან გამომდინარე, ნატოში საქართველოს გაწევრების აზრს ვერც ევროპა ხედავს და ვერც ამერიკა, მაგრამ, ეს რომ ხმამაღლა ითქვას, ქართული მხარე იძულებული იქნება, საგარეო კურსი შეცვალოს. დასავლეთს სწორედ ეს არ აძლევს ხელს. საქართველო არის საუკეთესო საბაბი რეგიონში, რომ რუსეთს პერიოდულად ნერვები მოუშალონ. ნერვების თამაში რომ მიდის, იქიდანაც ჩანს, რომ რუსეთმა მკაცრი განცხადებით მოითხოვა საქართველოსა და ნატოს თაობაზე 2008 წელს მიღებული დოკუმენტის ანულირება, ანუ ნერვები თურმე ჩრდილოელ მეზობელსაც აქვს და, თუ გაბრაზდა…

ფრაზა “საქართველო, პრაქტიკულად, უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა”, შესაძლოა, საშველიც კი იყოს ჩვენთვის. პენსია 260-300 ლარია, მაგრამ მოიქცნენ პენსიონერები ისე, თითქოს 1000 ლარს იღებენ; პროდუქტები ძვირია, მაგრამ არ შევიმჩნიოთ, მოვიქცეთ ისე, თითქოს იაფია; ლარი გაუფასურებულია, მაგრამ არა უშავს, მოვიქცეთ ისე, თითქოს მყარია… ხანდახან გვგონია, მარიხუანის ლეგალიზაცია ხელისუფლებამ იმიტომ დააკანონა, რომ თვითონაც თამამად მიიღოს, მოსახლეობაც მიეძალოს და “კაიფში” ყველაფერი ადვილი გადასატანია. ვინმე აგვიხსნის: რას ჰქვია, ისე მოიქეცით, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა? მაშინ დაგვიძახეთ, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები რომ დასხდებიან სასაუბროდ, და დავიჯერებთ, მაგრამ არა, ეს არ მოხდება, დოკუმენტურად არ ვართ წევრი, უბრალოდ, როლს ვთამაშობთ. ერთი მსახიობის თეატრიც კი აღარ გვაქვს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” აღარაა და ამიტომ როლების მორგება ცალ-ცალკე უწევთ მინისტრებს. შინაგანად ყველამ იცის, რომ ეს დაცინვაა და თანაც მწარე დაცინვა, მაგრამ არ იმჩნევენ. რომ შეიმჩნიონ, მერე მინისტრის სავარძელს დაკარგავენ. ეს კი, პირველ რიგში, გავლენისა და შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს. ახლა, ასეთ სიძვირეში, მინისტრის სავარძელზე უარის თქმა იქნება?! არ ჯობია, ფეხი აუწყონ დასავლელ პარტნიორებს და იგივე გაიმეორონ, რასაც ისინი ამბობენ? სინამდვილეში კი, ეს უკვე თამაშიც აღარ არის, ეს აღარაფერი აღარ არის. ქართული სახელმწიფოც რეალურად ქაღალდზე არსებობს და ვიქცევით ისე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თორემ დამოუკიდებლობასთან საერთო არაფერი გვაქვს. ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს ამეორებინებენ იმ სისულელეებს, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები მოიფიქრებენ ხოლმე და ეგებ თავადაც უკვირთ ასეთი მორჩილება. სინამდვილეში, ორივე მხარემ იცის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ ხალხი ამ ტყუილებს მაინც ჭამს, პროტესტის უნარი აღარ აქვს მოსახლეობას და ამიტომ დემოკრატობანას თამაშობენ. რაც მთავარია, იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ დღეშია, ნიშნს უგებენ: საქართველოს თუ სჯერა, თქვენ რატომ არ გჯერათო?! რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომელიც დასავლეთს უფლებას აძლევს, თავი მოატყუებინოს და კოვზით მიწოდებული სატყუარა გადაყლაპოს. 2022 წლის ნატოს სამიტიც მორიგი სატყუარა იქნება, რომელზეც საქართველოს მიმართ საქებარ სიტყვებს არ დაიშურებენ, სადაც მორიგ დაპირებას მივიღებთ და იმედია, ისე არ იზამენ, ჩვენს ხელისუფალთ შეუძახონ: ნატოს წევრ ქვეყანასავით მოიქეცით და საბრძოლო მოქმედებები დაიწყეთო. დაახლოებით ასეთი განცდა ჰქონდა სააკაშვილსაც, როცა 2008 წელს ომში ჩააბა ქვეყანა და, რით დასრულდა ეს ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ.

ბესო ბარბაქაძე. Geworld.ge.