შესაძლოა საქართველოში სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც მესამე დოზა ექნება გაკეთებული და გარკვეულ ეტაპზე „ბუსტერად” მეოთხე დოზის შემოტანა გახდეს საჭირო.

იმ პირობებში, როცა მსოფლიოში „ომიკრონ” ვარიანტი ხანძრის პრინციპით, ელვისებურად ვრცელდება, შესაძლოა საქართველოში სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც მესამე დოზა ექნება გაკეთებული და გარკვეულ ეტაპზე „ბუსტერად” მეოთხე დოზის შემოტანა გახდეს საჭირო.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი.

„დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ „სინოფარმითა” და „სინოვაკით” და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამ ეტაპამდე ჯერ არ ცნობს გარკვეულ ვაქცინებს და ითხოვს FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი” შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.