რამდენს კარგავს რაჭა და მთლიანად საქართველო მხოლოდ ერთი მცენარის დაუფიქრებელი რეალიზაციით (თავიდან მოშორებით)

რაჭაში, ძირითადად სოფელ თლუღის მიმდებარედ გავრცელებული კავასიური სოჭი ევროპის ბაზარზე დიდი ხანია უზომოდ პოპულარულია. მთლიანობაში, ევროპაში ყოველწლიურად 50 მილიონამდე საშობაო ნაძვისხე იყიდება, მათი 90% კი სწორედ საქართველოდან წაღებული თესლიდან ამოსული ნერგებია.
წლიდან წლამდე, ქვეყნიდან გასული გირჩის ნაწილების რაოდენობა მერყეობს, ხან მეტია, ხან ნაკლები. მაგალითად, 2019 წელს ქვეყნიდან 15 ტონა სათესლე მასალა გავიდა, 2018 წელს 52 ტონა, ხოლო გასულ წელს – 35 ტონა.
ერთი კილო თესლის მისაღებად 10 კილო გირჩია საჭირო. 1 კგ გირჩის შეგროვებაში კომპანიები ადგილობრივებს 1,5 ლარს (ანუ 1 კგ სათესლე მასალაში 15 ლარს) უხდიან. შემგროვებლები გირჩებს 20-30 მეტრ და მეტ სიმაღლეზე სახიფათო მანევრებით აგროვებენ. ამას ემატება მოსაკრებელი, რომელსაც გამტანი კომპანია იხდის. 10 კილოზე 60 თეთრი…
ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეფორმა აქვს დაგეგმილი, თლუღის სოჭის თესლის დაპატენტებასთან ერთად, მოსაკრებლის გაზრდა იგეგმება. არ ვიცით რამდენით, თუმცა რამდენჯერაც არ უნდა გაზარდონ, ის მოგება რაც ამ რაოდენობის სათესლე მასალის პირდაპირი წესით გატანით რჩება ქვეყანაში კაპიკებია და ასეც დარჩება…
ცნობისთის, ამჟამად სოჭის თესლის იმპორტს რაჭიდან 10 კომპანია ახორციელებს.. აქედან გატანილი ტონობით მასალა დანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ითესება.. მხოლოდ დანიაში რაჭული სოჭის პლანტაცია 600-ზე მეტ ჰექტარზეა გაშენებული..
ნერგის 1,5 – 2 მეტრამდე გაზრდას ევროპაში 7-9 წელი სჭირდება. 2 მეტრიანი საშობაო ხე 300 ლარამდე ღირს. დანიიდან რაჭული თესლიდან აღმოცენებული ნერგები საახალწლოდ საქართველოშიც შემოდის და გაგიკვირდებათ – იყიდება… ანუ რა ხდება. 1 გირჩი 25 სათესლე ნაწილს იძლევა. ყველაზე მინიმუმ გირჩიდან მხოლოდ 1 ცალი რომ ამოვიდეს, 7 წელიწადში ეს 300 ლარია. და ეს მხოლოდ ერთი გირჩიდან.
ერთი გირჩის მხოლოდ 10%-იდან, ევროპაში მიღებული შემოსავალის ოდენობა, ანუ 300 ლარი რომ მიიღოს, საქართველოში ადამიანმა 200 კგ. გირჩი უნდა დაკრიფოს..
საერთო ჯამში ქვეყანაში წლების მიხედვით 1,5-დან 5 მილიონ დოლარამდე შემოსავალი რჩება. მაშინ, როცა მინიმუმ 40 მილიონი ნერგი იყიდება ევროპის ბაზარზე – და აქედან ევროპული სანერგეების ბრუნვა 12 მილიარდი ლარია. კარგი, მაინცდამაინც 2 მეტრიან ხეები არ დავითვალოთ, 1 მეტრიანი იყოს და ნახევარ ფასად, 6 მლრდ ლარი. განსხვავება და ზარალი ისევ შთამბეჭდავია
ჩემი აზრით, საქართველომ თლუღის სოჭი უნდა გამოაცხადოს ენდემურ კუთვნილებად, როგორც ბევრი ქვეყანა იღებს ზომებს მცენარეებზე ან ცხოველებზე, დააწესოს სპეციალური რეჟმი. მაგალითად, მაქსიმალურად შეზღუდოს ქვეყნიდან გასატანი სათესლე მასალის ლიმიტი, რაც ახლა საერთოდ არ არსებობს, ან სრულად აკრძალოს და დაუშვას მხოლოდ ცოცხალი ნერგების და ჩითილების რეალიზაცია. იმავე დანიურ კომპანიებს შევთავაზოთ წარმოების საქართველოში გადმოტანა, განსაკუთრებული პირობებით, ან ადგილობრივ კომპანიებში ინვესტირება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში შეიქმნება სანერგე მეურნეობები და მზა ნერგები და ჩითილები გავა ევროპის ბაზარზე თუ იმავე სანერგეებში გასაზრდელად. ოღნდ არა სათესლე მასალის საბითუმო “გადაყრის” სახით..
ცალის საბაზრო ფასი ზომის და ასაკის მიხედვით საშუალოდ 30 ლარი რომ ვიანგარიშოთ, ადგილობრივ ბიზნესში, სანერგეებში, შემგროვებლების გამომუშავების, დასაქმებულების ანაზღაურების და საბაჟო გადასახადების გარდა, მინიმუმ 1 მილიარდ 200 მილიონი ლარია. მილიარდი იყოს, ნახევარი მილიარდი იყოს, მაინც იმაზე ასჯერ მეტია, რაც ახლაა… შეადარეთ ახლა ეს თანხა იმ 5 მილიონ დოლარს, რაც თესლის სუფთა გადინების სახით რჩება აქ…