შესაძლებელია, რომ ამ ფონზე, საქმე სოციალურ აფეთქებამდე მივიდეს.

„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.

– კომუნალური გადასახადები, მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდა, საქსტატის მონაცემებით, 264 სახეობის პროდუქტი და მოხმარების საშუალება გაძვირდა, ხალხი გაღატაკდა და ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. შესაძლებელია, რომ ამ ფონზე, საქმე სოციალურ აფეთქებამდე მივიდეს?

– 31 წლის ვარ და დაახლოებით 10 წელზე მეტია აქტიურად ვადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, მანამდე რაც ხდებოდა, ისიც ვიცი, საქართველოს უახლეს ისტორიას კარგად ვიცნობ და ჯერჯერობით, საქართველოში სოციალური პროტესტი არ მახსოვს. არ ვიცი რა მოხდება, ამაზე პასუხი ძალიან ძნელია. არ მინდა პოლიტიკურ ჭრილში განვიხილო ეკონომიკა. მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს საქმეში გამოსავლის გზებზე. პროტესტი, აქცია, ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის გამოსავალი არ არის. ჩემთვის გამოსავალია კონკრეტული რეფორმა. მე ასე აღვიქვამ და ესაა ჩემი ხედვა. რაც შეეხება მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ფასები ჯამურად, 2021 წელს 43%–ით გაძვირდა, 43%–ით გაგვიძვირდა ცხოვრება. აქ ლაპარაკია საწვავზე, კომუნალურებზე, სურსათზე, პურ–ფუნთუშეულზე… ეს არის უდიდესი პრობლემა. ვინც ადამიანებს ეტყვის, რომ ახლო მომავალში ფასები შემცირდება, ან ატყუებს და ან, უვიცია. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბოლო 100 წლის მანძილზე, ინფლაციის შემდეგ ფასები შემცირდა, მადაგასკარია. სხვა პრაქტიკა არ არსებობს მსოფლიოში. გამოსავალი არის შემოსავლების გაზრდაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლარს დაბეჭდავენ და ამით შემოსავლები გაიზრდება, ესეც სიბრიყვეა. ვალუტა თუ არ შემოიტანე ქვეყანაში, შემოსავალს და ეკონომიკას ვერ გაზრდი. ახლა ერთადერთი პანაცეა და გამოსავალია ეკონომიკის განვითარება, ანუ შემოსული ფული. სხვა გზა და სხვა ხსნა ამ ურთულესი ვითარებიდან არ არსებობს. პასუხს ვაგებ ბოლომდე ჩემს სიტყვებზე.

– უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, ის ხალხიც, ვისაც მისი შეცვლის პრეტენზია აქვთ, ბოლომდე ვერ იაზრებენ ამ ვითარებას.

– კი, ამას ბევრი ვერ იაზრებს, რა რთულ და მძიმე ვითარებაში ვართ. ვიღაცები რომ იძახიან, ფასები დასტაბილურდებაო, დასტაბილურება ნიშნავს, რომ ფასები აღარ გაიზრდება. ფასების დასტაბილურება არ ნიშნავს, რომ რაიმე გაიაფდება. აი, დასტაბილურდება თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. როგორ უნდა დასტაბილურდეს და როგორ უნდა შეაჩერონ ფასების ზრდა, როდესაც საამისოდ არსებულ და აპრობირებულ მეთოდებს არ იყენებენ? წეღან ეკონომიკაში დროითი ფაქტორის მნიშვნელობაზე რომ ვსაუბრობდით, ვერ დავასრულე ეგ თემა. შენ რომ იძახი, გაზაფხულიდან დასტაბილურდება ინფლაცია და ეკონომიკა, კი, ბატონო, გავიგე და მოგიყვები, მაგრამ როგორ მუშაობს ეკონომიკა, ეს არის აქ მთავარი. შენ როდესაც გინდა, რომ ინფლაცია დაასტაბილურო, რაღაც ბალანსები დაიჭირო, მინიმუმ 4–5 თვით ადრე უნდა გააკეთო რეფორმა, რომ 4–5 თვის თავზე მიიღო სასურველი შედეგი. აი, ამას ვასწავლი მე–3 კურსის სტუდენტებს. ახლა რომ ლაპარაკობენ, გაზაფხულიდან, მარტიდან პოზიტიური მოვლენები გაჩნდება, ნოემბერში და დეკემბერში უნდა გაეტარებინათ რეფორმები, რომ მარტში ეს პოზიტივი გაჩენილიყო, მაგრამ მე ამათი გაკეთებული ერთი რეფორმა ვერ ვნახე და რის ხარჯზე დასტაბილურდება ინფლაცია და ეკონომიკა, ჩემთვის გაუგებარია. არ ვარ ჩასაფრებულის პოზაში, გულწრფელად გულშემატკივარი ვარ და სხვაგვარად არც შემიძლია. ქართველი და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ცხადია, ქვეყანაზე გული შემტკივა.

– შემოდგომით თუ არ დათესე, გაზაფხულზე მოსავალი არ გექნება – ეკონომიკაშიც ეს პრინციპი მუშაობს.

– რასაკვირველია, ეგრეა. პირდაპირ იძახიან, რომ მარტიდან ველოდებით სტაბილურობასო და იცი, რის ხარჯზე ელიან? იმედი აქვთ, რომ მარტიდან ტურისტები შემოვლენ და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა იქნება. კარგი, რამდენი ტურისტი უნდა შემოვიდეს? რამდენს დახარჯავენ ის ტურისტები? ერთი ტურისტი დღეში საშუალოდ 100 დოლარს ხარჯავს. ტურიზმი არის სწრაფი დასაქმების საშუალება, დამატებითი საქმიანობა და არა ძირითადი ეკონომიკური აქტორი. არ მახსენდება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ტურიზმია მთავარი ეკონომიკური აქტორი. არ ვსაუბრობ ჯუჯა სახელმწიფოებზე, მონაკოზე, ლიხტენშტეინსა და სხვა ამგვარ ქვეყნებზე, სადაც ტურიზმია წამყვანი ეკონომიკური სფერო. ჩვენ არც მონაკო ვართ, არც ლიხტენშტეინი.