გაიზრდება თუ არა პურის ფასი, კომუნალურ გადასახდელებზე იქნება დამოკიდებული.

რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადმა ისევ მოიმატა. დღეიდან მთავარი საექსპორტო მარცვლეულის გადასახადი ერთ ტონაზე 94.9 დოლარიდან 98.2 დოლარამდე გაიზარდა. რუსეთი გადასახადს უკვე ყოველკვირეულად ზრდის და შეიძლება ითქვას, რომ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველო საფრთხეშია, თუმცა, მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულება ეცემა, ქვეყანაში ფქვილის პირდაპირი იმპორტი მატულობს, ლარიც მყარდება და ამიტომ პურის ფასს, წესით, არაფერი არ უნდა დაემუქროს.

საბაჟო გადასახადი იზრდება რუსულ ქერზეც – 83.5 დოლარიდან 86.2 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 69 დოლარიდან 67.7 დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული გადასახადი 18 იანვრამდე იმოქმედებს, მერე კი გადასახადი, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს ყოველკვირეულად მაღლა სწევს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საგარეო ფაქტორზე უფრო მეტად საყურადღებო ქვეყანაში არსებული სიტუაციაა.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ბაზარზე სრული გაურკვევლობაა, რომელიც წლის დასაწყისიდანვე დაიწყო, როცა საცხობებს ბუნებრივი აირის გადასახადის სხვადასხვა ტარიფი მიუვიდათ, ამიტომ „გაიზრდება თუ არა პურის ფასი, კომუნალურ გადასახდელებზე იქნება დამოკიდებული“.

rezonansi