ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ღიად დაუპირისპირდნენ ეპიდემიოლოგები.

საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის, განსაკუთრებულები ვართ უვადო მწვანე პასპორტითაც” – ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მთვარობის მეთაურის ინიციატივით უწყებათშორისმა საბჭომ კოვიდ-გადატანილ პირზე უვადო მწვანე პასპორტის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ღიად დაუპირისპირდნენ ეპიდემიოლოგები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობისა და სხვა დარგის სპეციალისტებისგან ამასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებდა, რომ ეს საკითხი ახალი წლიდან შეიძლება გადახედილიყო.

დღეს მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე BM.GE-მ ჯანდაცვის ახალ მინისტრს, რომელიც დღეს მედიის კითხვებს პირველად პასუხობდა, „უვადო მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ჰკითხა – ვის პოზიციას იზიარებდა მოქმედი მინისტრი – ეპიდემიოლოგების, თუ პრემიერის, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

ზურაბ აზარაშვილმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებს იმდენად მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებთ, რომ რეგულაციების და აღსრულების გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

„დღევანდელი მდგომარეობიდან – „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან, მისი მსუბუქი ფორმებიდან გამომდინარე… მარტივ შედარებას გავაკეთებ, თუ „დელტა“ შტამის შემთხვევაში, სადაც ყველაზე ვერაგი და მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იყო, საშუალოდ აქტიური შემთხვევების 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით, აშშ და ევროპული ქვეყნების ანალიზიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი შეიძლება მაქსიმუმ 4% იყოს. აქედან გამომდინარე ამ პროცესს სრულად ვმართავთ და დღეს მობილიზებული საწოლების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე შეიძლება დაგვჭირდეს. იმის საშიშროება, რომ „მწვანე პასპორტებით“ რეგულაციების კონტროლი უნდა იყოს თუ არა…

ჩვენ ვართ თავდაჯერებული, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ და ყველა საჭირო მედიკამენტით შესაძლებლობები ადგილზე გვაქვს და ამ მხრივ რეგულაციების გამკაცრების და აღსრულების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მინისტრმა.