TVM NEWS-ის მედია ჯგუფი სტუმრად ეწვია მებაღე-დეკორატორ ქალბატონებს და მათი ულამაზესი ორანჟერია დაათვალიერა!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი სტუმრად ეწვია ორ არაჩვეულებრივ, საქმიან და წარმატებულ ქალბატონს, მათივე ორანჟერიაში და ასე ულამაზესი მცენარეების გარემოში ჩავწერეთ მათთან ინტერვიუ, რომლის ვრცელ ჩანაწერსაც აქვე გთავაზობთ.

“ჩვენ ვართ მებაღე-დეკორატორები დავამთავრეთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივი კოლეჯი”, თუმცა აჯობებს თუ სათითაოდ გაიცნობთ გამწვანების მოყვარულ ნინოს და ლიკას.

ნინო გიორგაძე

“ძალიან გაგვახარეთ თქვენი სტუმრობით, ამ ჩვენ პატარა სამფლობელოში. გაგეცნობით, გახლავართ ნინო გიორგაძე, 44 წლის, დაოჯახებული, სამი შვილის დედა, თავდაპირველად დავამთავრე სამხატვრო აკადემია, დღემდე ვარ მოქმედი მხატვარი, თუმცა აკადემიის შემდეგ გაიხსნა დეკორატიული მებაღეობის კოლეჯი, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და წლების შემდეგ ავიხდინე ეს ჩემი დაუოკებელი სურვილი.

როგორც ჩინელები ამბობენ, მებაღეობა ესაა უმაღლესი ფილოსოფია და კიდევ საოცარი ანდაზა აქვთ ჩინელებს, თუ გინდა ბედნიერი იყო ერთი დღით_დალიე, ერთი წლით_დაოჯახდი და მთელი ცხოვრება_გახდი მებაღე.

შევისწავლე დეკორატიული მებაღეობა და ამჟამად მეგობართან ერთად ვმუშაობ, გვაქვს უამრავი საერთო გეგმა და მიზანი. მე და ლიკამ სწორედ ამ კოლეჯში გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი ინტერესი და ხედვები თანხვედრაში იყო და გადავწყვიტეთ ერთად მუშაობა, რადგან ერთმანეთის დახმარებით უფრო მეტს შევძლებდით და მივაღწევდით.

ძალიან მახარებს, რომ მებაღეობის სფერო საქართველოში ამ ბოლო დროს გამოცოცხლდა და ბედნიერები ვიქნებით, თუ მე და ლიკაც ჩვენი გამოცდილებით და თავდაუზოგავი შრომით გარკვეულ წვლილს შევიტანთ ამ საქმის პოპულარიზაციაში. დღეს ნამდვილად არის უკვე ამ სფეროში კონკურენცია, მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება. თუმცა ჩვენ თავად ვხედავთ ხარვეზებსაც და ვცდილობთ მათ აღმოფხვრასაც. ვცდილობთ მომხმარებელს კვალიფიციური მომსახურება გავუწიოთ, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნილებები, ცხოვრების სტილი. გონივრულად და ჰარმონიულად დავგეგმოთ სივრცე და მათ სურვილებს ხორცი შევასხათ.

მსურველებს ვთავაზობთ, არა მხოლოდ მცენარეების შერჩევას, არამედ საერთოდ გამწვანების მიმართ კრეატიულ მიდგომას. ეს იქნება საცხოვრებელი სახლი, ოფისი, სასწავლებელი, სამედიცინო დაწესებულება, კაფე და თუ სხვა საჯარო სივრცე, ამავე დროს ვითვალისწინებთ გარემოს, სტილს, განათებას, მცენარის შემდგომ განვითარებას, ყვავილობის სეზონს, მსურველებს ვაძლევთ მარტივ და გასაგებ რეკომენდაციებს მოვლაზე, ან თავად ვზრუნავთ მცენარეებზე, ვთავაზობთ შეგვიძლია ,,ექიმის” მომსახურებასაც, შეგვიძლია დავადგინოთ დაავადება და შევურჩიოთ მკურნალობა მცენარეს, ან თავად ვუმკურნალოდ. ასევე გვაქვს ,,სასტუმროს,, შეთავაზება, რაც ითვალისწინებს: დავიტოვებთ მცენარეებს 1_2 კვირის განმავლობაში და ვიზრუნებთ მათზე.

კვების ობიექტების შემთხვევაში, ვთვლი რომ ის დანახარჯი, რასაც მეპატრონეები მცენარეებში გასწევენ, უკან დაუბრუნდებათ, რადგან კვლევებით დადგენილია, თუ რამდენად სასიამოვნო გავლენა აქვს ცოცხალ გარემოს, მცენარეებს და რომ ადამიანებს უყვართ ბუნებაში მირთმევა.”

ლიკა ლორთქიფანიძე

“მოხარულები ვართ, რომ თქვენი მედია ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა და გვეწვიეთ.

მე გახლავართ ლიკა ლორთქიფანიძე, მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი პირველი პროფესია ნაჩქარევი და დაუფიქრებელი იყო, ფილოლოგი ვარ. მეორე გააზრებულად და დიდი სიყვარულით ავირჩიე და ესაა-მებაღეობა. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ კარგადაც გამომდის, ამიტომაც ბიზნესად ვაქციე. ჩემი ამჟამინდელი ბიზნეს პარტნიორი, ნინო კოლეჯში გავიცანი, კარგად გაუგეთ ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეგრძელებია საქმიანობა, ერთად ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და ბევრ სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ნინომ ჩვენ სერვისებზე იმდენად ამომწურავად გიამბოთ, რომ დასამატებელი არაფერი მაქვს, ამიტომ თქვენს მომდევნო კითხვებზე გიპასუხებთ, რაც შეეხება ფასებს, ფასებზე შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობთ იყოს ხელმისაწვდომი, არა ყველაზე მაღალი, არამედ საშუალოსთან გათანაბრებული, რა თქმა უნდა მოთხოვნილების შესაბამისად. იმასაც დავამატებ, რომ ფასები ძალიან ინდივიდუალურია და გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ზუსტი ფასი გამომდინარეობს იქიდან, თუ რა გვევალება, რა არის კონკრეტულ ადგილას გასაკეთებელი, მხოლოდ ერთჯერადად ჭირდება დახმარება, თუ მუდმივად. შიდა ინტერიერი აინტერესებს, თუ გარე სივრცე. მოკლედ ძალიან რთულია ამ კითხვაზე სრული პასუხი გაგცეთ ამ ეტაპზე. შეუძლიათ მსურველები დაგვიკავშირდნენ, შეგვიკვეთონ რა სურთ და ადგილზევე მიიღებენ ფასებზე ინფორმაციას.”

ლიკა და ნინო

“ახლო მომავალში ვგეგმავთ საკუთარი ორგანიზაციის დაფუძვნებას, რადგან გვინდა, უფრო მასშტაბური ფონი მივცეთ ჩვენს საქმიანობას, მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს და ისარგებლონ ჩვენი სრულყოფილი სერვისებით, ამ ჟამად ვმუშაობთ კომპანიის სახელზე და აუცილებლად დაგპატიჟებთ პრეზენტაციაზე. მადლობას გიხდით სტუმრობისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის და დროებით გემშვიდობებით თქვენც და თქვენს მკითხველებსაც. იმედი გვაქვს, რომ თქვენი სააგენტოს საშუალებით ბევრი გაგვიცნობს და დაგვიკავშირდება.”