„კარგი სპორტსმენობა ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას საკუთარ თავთან“- სერგო გოგისვანიძე

„კარგი სპორტსმენობა ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას საკუთარ თავთან“


ქართველ ფალავანს – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სერგო გოგისვანიძეს თავისი 22-წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოსთვის მრავალგზის მოუტანია გამარჯვება სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის ყოველთვის წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატზე და 17 წლიდან საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წევრია. სპორტის კლასიკოსების სამყაროში სერგო ილეთის – „გდების“ შესრულების განსხვავებული ვერსიით გამოირჩევა, ამ ფაქტმა მას ძალიან გაუთქვა სახელი ქვეყნის გარეთ და სწორედ ამიტომ, გერმანიასა და საფრანგეთში სხვადასხვა ძვირადღირებულ ევროპულ კლუბებთან ითანამშრომლა, გერმანიის ლიგის საკლუბო ჩემპიონატში 2019 წელს ცნობილი და წარმატებული კლუბის SV Gresgen 1925 e.V სახელით 15 შეხვედრიდან 15-ვე მოგებით დაასრულა და მაყურებელს „გდების“ განსხვავებული ვერსიის შესრულებითა და სანახაობრივი ჭიდაობით თავი მარტივად დაამახსოვრა, ამიტომაც მან გერმანიაში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა, სერგოს წარმატებულ ასპარეზობაზე ხშირად იწერებოდა ისეთ გერმანულ საინფორმაციო ვებ-გვერდებზე როგორიცაა : verlagshaus-jaumann.de; ksv-wollmatingen.de; lahrer-zeitung.de; sv-gresgen.de; schwarzwaelder-bote.de და სხვა.

ასევე სერგოს სახელს უკავშირდება 2019 წელს წარმატებულ ფრანგულ კლუბში S.A.O. lute Colmar – ში ჩატარებული მასტერკლასი, სადაც იგი უშუალოდ კლუბის პრეზიდენტის – ლევან ლაგვილავას მიწვევით იმყოფებოდა და ჩაატარა მასტერკლასი „გდების“ შესრულების მისეულ ვერსიაზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგ კლასიკოსებზე.

სერგო ამჟამად ამერიკაში განაგრძობს საქმიანობასა და კარიერულ წინსვლას, იგი 2021 წლის მაისში აშშ-ის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელის Matt Lindland მიწვევით ოლიმპიურ ბანაკში შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ამერიკელი კოლეგებისთვის თავისი გამოცდილების გაზიარებას შეეცადა, რათა კიდევ უფრო გაეძლიერებინა 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მიმავალი ამერიკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები.

ქართულ მედია-სივრცეში სერგოს წარმატებებზე ხშირად იწერება, ახლა კი გადავწყვიტეთ, ჩვენ მკითხველს კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მას ამერიკაში დავუკავშირდით და ჩავწერეთ ინტერვიუ, სადაც მოგითხრობთ როგორც ცნობილ, ასევე უცნობ ფაქტებს სერგოს 22-წლიანი წარმატებული კარიერიდან…

– სერგო, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს მასშტაბით თქვენი სახელი და გვარი ასოცირდება ილეთის – „გდების“ შესრულების განსხვავებულ, თქვენეულ ვერსიასთან, პირველ რიგში, გთხოვთ მკითხველს ზუსტად განუმარტოთ განსხვავება კლასიკურ „გდებასა“ და თქვენს ვერსიას შორის? ეს ილეთი თქვენი წარმატების გასაღებია?
– ბერძნულ-რომაული ორთაბრძოლა ჭიდაობის უძველესი სახეობაა, სადაც მოძრაობა მიმდინარეობს მხოლოდ წელს ზემოთ, შესაბამისად, ორთაბრძოლის ეს სახეობა ილეთების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, რაც შეეხება „გდებას“, ოდითგანვე, კლასიკურად ეს სრულდება მოწინააღმდეგის შებოჭვით, შემდეგი ეტაპია მაღლა აქაჩვა და ზურგს უკან გადასროლა. ჩემს შემთხვევაში განსხვავებულია მეორე ეტაპი, კონკრეტულად რომ გითხრათ, როდესაც მოწინააღმდეგეს შევბოჭავ, შემდეგ მაღლა აქაჩვის ნაცვლად პირიქით მთელი ინერციით ვაწვები მას საყრდენი ფეხისაკენ და როდესაც ვიგრძნობ, რომ ფეხში ძალა ეცლება შემდეგ უკვე ვასრულებ გადასროლას… ილეთის ამგვარად შესრულებას მიმარტივებს ჩემი შესაძლებლობა მარჯვენა და მარცხენა მხარეს ერთნაირად შევასრულო ილეთი, ეს ბუნებრივი შესაძლებლობა, საკუთარ თავთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად უფრო განვავითარე. ნამდვილად ვთვლი, რომ „გდების“ შესრულების ჩემეული ვერსია ჩემთვის წარმატების გასაღებია რადგან ყოველთვის, როდესაც გდებას ჩემეული ვერსიით ვასრულებ, შეხვედრასაც ვიგებ.

– ევროპის სხვადასხვა ძვირადღირებულმა კლუბებმა, კონკრეტულად გერმანიის SV Gresgen 1925 e.V-მა და საფრანგეთის S.A.O. lute Colmar-მა გდების თქვენეული ვერსიის გამო მიგიწვიათ?

– დიახ, გერმანიის კლუბი SV Gresgen 1925 e.V წარმატებული და მაღალანაზღაურებადი კლუბია, ყოველთვის წარმატებული და გამოცდილი სპორტსმენებით დაკომპლექტებული, „გდების“ შესრულების ჩემეულმა ვერსიამ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირიდან ძალიან გამითქვა სახელი, სწორედ ამიტომ, როგორც გამორჩეული უნარების მქონე ახალგაზრდა სპორტსმენი დიდი გამოცდილებით, კლუბმა „გრესგენმა“ 2019 წლის გერმანიის ლიგის საკლუბო ჩემპიონატში მიმიწვია, სადაც 15 შეხვედრიდან 15-ვე მოგებით დავასრულე, რაც ამ ლიგაში ჯერ არავის გაუკეთებია, ასევე დიდი სიამოვნებით გავუზიარე ჩემი შესაძლებლობები და გამოცდილება „გრესგენის“ კლუბის სხვა წევრებს, გდების შესრულების ჩემეულმა ვერსიამ, ბერძნულ-კლასიკური ჭიდაობის განსხვავებულმა სტილმა და მოგებული შეხვედრების დიდმა რაოდენობა, გერმანიაში უამრავი გულშემატკივარი შემძინა, რაც ძალიან მახარებს, ბევრს წერდნენ ჩემს ორთაბრძოლებზე სხვადასხვა გერმანულ ვებ-გვერდებსა და გაზეთებში, აქედან შეიტყო ჩემ შესახებ ფრანგული კლუბის S.A.O. lute Colmar-ის პრეზიდენტმა – ლევან ლაგვილავამ, რომელიც მოგვიანებით დაესწრო ჩემს შეხვედრას, მიმიწვია საფრანგეთში კლუბი S.A.O. lute Colmar-ის წევრებისათვის მასტერკლასის ჩასატარებლად „გდების“ ჩემეულ ვერსიაზე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან კონკრეტულად ამ თემაზე ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური მიწვევა, ჩვენ შორის შედგა მოლაპარაკება და 2019 წლის ოქტომბერში კლუბ „კოლმარის“ ყველა ასაკის სპორტსმენთან მქონდა შეხვედრა, სადაც ძირითადად, თეორიულად განვიხილავდით და პრაქტიკულად ვამუშავებდით „გდების“ ჩემეულ ვერსიას, რაც S.A.O. lute Colmar-ის გუნდისთვის ნამდვილად სიახლე იყო, ჩემთვის კი ახალი და საინტერესო გამოცდილება.

– სერგო, 22 წლის განმავლობაში საკმაოდ მრავალფეროვანი და წარმატებული კარიერა და მიღწევები გაქვთ, დარწმუნებული ვარ, ამაღელვებელი მომენტებით დატვირთული, გაიხსენეთ ისეთი ორთაბრძოლა, რომელიც ბოლო წამებში თქვენ მიერ შემუშავებული ილეთის – „გდების“ მეშვეობით მოიგეთ.
– ასეთი უამრავი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ყველაზე ამაღელვებლად ძლიერ ოპონენტებთან „გდების“ ჩემეული ვერსიით მოგებული შეხვედრები მახსენდება, ერთ-ერთი ასეთი იყო 2019 წელს გერმანიის ლიგის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობისას, შევხვდი ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს Oliver Hassler-ს, ძალიან დაძაბული შეხვედრა გვქონდა, რადგან ეს იყო გადამწყვეტი ორთაბრძოლა ჩვენ შორის, რომელიც არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული ერთი სპორტსმენის, არამედ მის უკან მდგარი გუნდის გამარჯვებას გადაწყვეტდა, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ჩემი გამარჯვებით დასრულდა და ძალიან მეამაყება, რომ ეს გამარჯვება „გდების“ შესრულების ჩემეულმა ვერსიამ მომაპოვებინა.
მეორე ამაღელვებელ შეხვედრად კი მახსენდება ქალაქ სოფიაში, ლონდონის ოლიმპიადისათვის შესარჩევი სალიცენზიო ტურნირი, სადაც ასევე „გდების“ ჩემეული საამაყო ვერსიის შესრულებით დავამარცხე ძლიერი ოპონენტი Alexuc Alin, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულია.

– ნამდვილად საამაყო და ამაღელვებელი მომენტებია… ამჟამად აშშ-ში ხართ და როგორც ვიცი, 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებოდით, ატლანტაში ოლიმპიურ ბანაკში, დეტალები რომ გვითხრათ, რატომ ან როგორ მოხვდით ოლიმპიურ ბანაკში ამერიკის ჭიდაობის ეროვნულ ნაკრებთან ერთად?
– დიახ, ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები და განვაგრძობ გზას ჩემი მიზნისაკენ, 2021 წლის მაისში მართლაც ვიმყოფებოდი ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში, სადაც აშშ-ის ბერძენ-რომაელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელის Matt Lindland-ის დაჟინებული მიწვევით ვიმყოფებოდი, იგი ნაკრების მთავარი მწრთვნელია უკვე 22 წელია, Rulon Ellis Gardner-ის შემდეგ კი, ბოლო სამი ოლიმპიადა ამერიკის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყოლია, შესაბამისად, Matt Lindland-ის სურვილი იყო, მიუხედავად დროის ძალიან მცირე მონაკვეთისა 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მიმავალი გუნდისათვის, ასე ვთქვათ, ახალი სისხლი გადაესხა, ამიტომ მიმიწვია შეკრებაზე, რომ ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა, გდების ჩემეული ვერსიის შესრულება გადამეცა და მემუშავა გუნდთან, სპარინგ პარტნიორობა გავუწიე უშუალოდ G’angelo Hancock-ს , შეკრებაზე სულ 12 დღე ვიყავი და ეს სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო იყო ჩემი 22 წლიანი გამოცდილების გასაზიარებლად.

– ძალიან მრავალფეროვანი კარიერა გაქვთ, მხოლოდ ბოლო წლების მიღწევები რომ გავიხსენოთ, 2018 წლის ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ მალევე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორი გახდით (2019წ), ამის შემდეგ ევროპულ მაღალანაზღაურებად კლუბებში გაემგზავრეთ მიწვევით, ამჟამად კი აშშ- ში მოღვაწეობთ, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ?
– უპირველეს ყოვლისა, მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევებისა, მაქვს ძალიან პოზიტიური განწყობა და დიდი სამომავლო გეგმები, როგორც აღვნიშნე, არ ვწყვეტ საკუთარ თავთან მუშაობას, როგორც ყველა საქმიანობაში, სპორტში განსაკუთრებით საჭიროა ნებისყოფა და მშვიდი ნერვები, შრომამ არ უნდა დაგღალოს, კარგი სპორტსმენობა ეს ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას საკუთარ თავთან. მუდმივად განვითარების პროცესში ვარ, რაც ძალიან საინტერესო და სტიმულის მომცემია. ამ ეტაპზე შემოთავაზებები მაქვს სხვადასხვა ევროპული კლუბებიდან, ასევე აქტიური მიმოწერა მაქვს USA wrestling-ის ადმინისტრაციასთან და განვიხილავ სხვადასხვა შემოთავაზებებს, სამწუხაროდ, აშშ-ის ფარგლებში ჯერ არ ჩატარებულა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობის მიღებასა და ჩემი შესაძლებლობების კონკურენტულ გარემოში წარმოჩენას შევძლებდი, ამიტომ ველოდები სიახლეებს ამ კუთხით, გარდა ამისა, დიდ იმედებს ვამყარებ 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მოგეხსენებათ, აშშ-ში გაიმართება და ვიმედოვნებ, მომეცემა შანსი ამჯერად ამერიკა ვასახელო.

2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, 2018 წლის ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის, 2012 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მედლები , ეს სერგო გოგისვანიძის 22 წლიანი შრომის ამონაგების მცირე ნაწილია რომლის მოპოვებაც ამ ეტაპზე შევძელით.