ევროკავშირი უკრაინას ცრუ სოლიდარობას უცხადებს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ისინი განზე გადგებიან და უკრაინა იძულებული გახდება რუსეთთან, თვითონ, ისეთ პირობებზე აწარმოოს მოლაპარაკება, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურს.

ცნობილი ბრიტანული ჟურნალი “სფექთეითორი” (The Spectator) აქვეყნებს სტატიას სათაურით “ევროკავშირი უკრაინას ცრუ სოლიდარობას უცხადებს”, რომლის ავტორი, სუონსის (უელსი) უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ენდრიუ ტეტენბორნი, აანალიზებს რა ევროკავშირში უკრაინის მიღების პერსპექტივას, საკმაოდ ნეგატიურ დასკვნებს აკეთებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირი პარასკევის სამიტზე უკრაინას ოფიციალურად დაამატებს კანდიდატთა სიას, მაგრამ თუ სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით, პომპეზურობის გარეშე, მაშინ დავინახავთ, რომ კანდიდატის სტატუსი მაინცდამაინც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ბრიუსელი გვარწმუნებს.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროკავშირის ჟესტი კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ოფიციალური კანდიდატების სია გარკვეულწილად ჰგავს ლონდონის მდიდრული კლუბის მოსაცდელში შეკრებილ მომლოდინეებს. შეიძლება იქ ყოფნა მართლაც საამაყოა ზოგიერთისათვის, მაგრამ კანდიდატის სტატუსის ქონა არ ნიშნავს იმის გარანტიას, რომ ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირში მალე გაწევრიანდება. არავინ იცის, თქვენს სახელს საბოლოოდ როდის გამოაცხადებენ. შეიძლება პირიქით მოხდეს და არც გამოაცხადონ.

ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ჩერნოგორია, სერბეთი და თურქეთი – აი, ამჟამინდელი კანდიდატების სია. ისინი ყველა დიდებული, საპატივსაცემო ქვეყნები და ხალხები არიან, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ რომელიმე მათგანს ევროკავშირში ნაადრევი და სწრაფი გაწევრიანება “ემუქრება”. უკრაინის ოფიციალური ჩართვა ამ სიაში უფრო მეტად ბრიუსელის პიარ-აქციას ჰგავს, რომელიც ცდილობს ყველას აჩვენოს, თუ როგორ უჭერს მხარს კეთილ საქმეს, თუმცა სინამდვილეში სერიოზული არაფერი კეთდება.

მეორე – თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირი უკრაინასთან სოლიდარობისათვის აკეთებს, კიდევ ერთხელ იფიქრეთ და მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. ევროპული ერთსულოვნება ამ შემთხვევაში მხოლოდ ზედაპირულია და პრაქტიკულად შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის შიშნარევი დაგმობით (უსაფრთხო მანძილიდან), “ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულების” და “დიდება უკრაინას” ძახილით… როგორიც არ უნდა იყო ლიეტუვის ან პოლონეთის პოზიცია, მათი ხმამაღალი მოთხოვნები [უკრაინის სასარგებლოდ], ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, კერძოდ, გერმანია და იტალია, საფრანგეთი და შვედეთი უპირატესობას მაინც სიტყვა “მშვიდობას” აძლევენ, ვიდრე “სამართლიანობას”. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ისინი განზე გადგებიან და უკრაინა იძულებული გახდება რუსეთთან, თვითონ, ისეთ პირობებზე აწარმოოს მოლაპარაკება, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურს.

მოკლედ, უკრაინის წევრობის საკითხთან მიმართებით ევროკავშირში ერთსულოვნება არ არის. ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვენია და უნგრეთი ღიად გამოდიან, რომ არამარტო მიაკუთვნონ უკრაინას კანდიდატის სტატუსი, არამედ დაჩქარებულად მიიღონ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრადაც. ეს ანათემაა ბრიუსელისათვის, ამიტომ ასე არ მოხდება.

მეორე მხრივ, მართალია პორტუგალია, ნიდერლანდები და დანია ზოგადად თანახმანი არიან უკრაინის კანდიდატობაზე, მაგრამ მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ, რომ კიევი ევროკავშირის წევრი უახლოეს ხანში გახდეს. ფინეთმა განაცხადა, რომ სერიოზული რეფორმებია გასატარებელიო, ხოლო ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, წევრად მიღება ხვალ და ზეგ არ მოხდება და ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს. აი, ასეთი “ერთისულოვნებაა” ევროკავშირში.

რამდენადაც ახალი წევრების მიღება კონსენსუსით ხდება, გასაკვირი არაა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც თავიდან დიდი დაპირებები მისცა კიევს, შემდეგ უკან დაიხია და აღნიშნა, რომ ყოველი სამომავლო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს “კანდიდატის დამსახურებას” და ისინი ევროკავშირში მიღებულნი უნდა იქნენ საერთო წესების შესაბამისად.

ევროკავშირის დასავლეთევროპელ წევრებში ენთუზიაზმის არარსებობამ შეიძლება დაგვაბნიოს, მაგრამ სინამდვილეში ეს იოლად გასაგებია. იმიტომ, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად აფინანსებენ ევროკავშირის პროგრამებს და ოპერაციებს. უკრაინის ბლოკში გაწევრიანება მათთვის უამრავი ფულის ხარჯვაა მრავალი წლის განმავლობაში. საქმე მხოლოდ სისხლიან და დამანგრეველ ომში არ არის, რომელიც უკრაინის სხეულზე ღრმა იარებს დატოვებს, თუნდაც ოდესმე კიევმა გაიმარჯვოს. დავაკვირდეთ: ჯერ კიდევ მანამ, სანამ ომი დაიწყებოდა, პოლონეთი და უნგრეთი, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას დოლარს უდრის (12 ათას გირვანქა სტერლინგს), ევროკავშირის რეგიონული ფონდების ძირითადი ბენიფაციარები იყვნენ. უკრაინისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 3700 დოლარია (3 ათასი გირვანქა სტერლინგი). ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ფული დაჭირდება უკრაინის 42 მილიონიან მოსახლეობას… ევროკავშირის დასავლეთევროპელი “ასაკოვანი” წევრები, რომლებისთვისაც ორგანიზაციის კანონები და ბრიუსელის გადაწყვეტილებების უზენაესობა ზოგჯერ უკანა პლანზეა გადაწეული, აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის ყველაზე თავგამოდებული და ცხელგულიანი მომხრეები პოლონეთი და უნგრეთი არიან, რომლებიც, დააკვირდით, ასევე თავგამოდებულად და ცხელი გულით ცდილობენ თავიანთი ეროვნული ინტერესების გატარებას და აშკარად წინააღმდეგობას უწევენ ევროკავშირს, რომ ბრიუსელი მათ შინაურ საქმეებში არ ჩაერიოს (მაგალითად, ამას წინათ უნგრეთმა ვეტო დაადო ბრიუსელის გეგმებს მინიმალური გადასახადების საკითხში, ხოლო პოლონეთი მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავს ბრიუსელის მიმართ ეროვნული სასამართლო სისტემის კრიტიკის გამო).

დასავლეთევროპელი წევრები თვლიან (და ალბათ, სამართლიანადაც), რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, ვარშავისა და ბუდაპეშტის მხარეზე დადგება და მათნაირად დაიწყებს უკმაყოფილების გამოხატვას. ასევე, სავარაუდოდ, როცა ომის კვამლი გაიფანტება, დიდი ალბათობით, საეჭვოა, რომ უკრაინა, რომელიც თავგანწირულ წინააღმდეგობას უწევდა ძლიერ საერთაშორისო ხულიგანს [რუსეთს], მორჩილად მიიღებს ბრიუსელის დიქტატს და პროცენტრალისტური ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

რასაკვირველია, ბრიუსელი ამ ყველაფერს აცნობიერებს და [ძველი წევრების] შეშფოთებას იზიარებს. გასულ კვირას ევროკავშირის ცენტრალურმა ორგანომ თავისი მოსაზრებები გააჟღერა ევროპის პერსპექტივასთან დაკავშირებით. თვალსაზრისი ნათელია: ბრიუსელს მეტი ხელისუფლება უნდა ჰქონდეს, ვიდრე ევროკავშირის ცალკეულ წევრებს; ყველა გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით უნდა განხორციელდეს და ამრიგად, შემცირდეს ცალკეული წევრების უფლებამოსილება.

ბრიუსელი დღეს, ჯერ კიდევ დელიკატურად ცდილობს ბუდაპეშტისა და ვარშავის იძულებით დამორჩილებას და თუ მათ კიდევ უკრაინა დაემატება, თავისი 40-მილიონიანი სისხლიან ომში გამოცდილი გაბედული მოსახლეობით, რომელიც ყოველი ასეთი ცენტრალიზებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა, მაშინ ევროკავშირის შიგნით ცენტრიდანული ძალების გავლენა გაიზრდება.
kvirispalitra