უკანონო მმართველი გუნდს უპირისპირდება

სალომე ზურაბიშვილმა 21 ივლისს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის დაწყების მაგივრად, „გაუთავებელი ანტიდასავლური რიტორიკისა“ და ევროპარლამენტარებზე „გაუთავებელი თავდასხმების“ გამო გააკრიტიკა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს წამყვანი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, „ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ“.

„მე არ ვიცი სანამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა კანდიდატის სტატუსი, ამ დროს, არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია…, [არამედ] საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამის მაგალითებად საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლა, ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარი, სასამართლოს „ნაჩქარევი წესით“ დაკომპლექტება და ინსპექტორის სამსახურის ასევე ნაჩქარევად გაუქმება დაასახელა.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად ფასდება ევროკავშირის მხრიდან“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამის პარალელურად, პრეზიდენტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ ევროპარლამენტარების მიმართ „კრიმინალების მფარველობასა“ და „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე ბრალდებებიც გაიხსენა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები არა კრიტიკა, არამედ ბრალდებებია. „თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, ეს მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგონია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულად მოგონილი და საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.