ლამის ყოველი ახალი განცხადებით ქალბატონი სალომე საზოგადოების (სულ მცირე) ნაწილის შეშფოთებას (თუ არა აღშფოთებას) იწვევს

ლამის ყოველი ახალი განცხადებით ქალბატონი სალომე საზოგადოების (სულ მცირე) ნაწილის შეშფოთებას (თუ არა აღშფოთებას) იწვევს. საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ამ საეჭვო სარგებლიანობის ტრადიციას მან არც გუშინ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის დროს, ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას უღალატა.

ამ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაშიც (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს) ალოგიკური არაფერი იყო. თუმცა ამ თემაზე საუბრისას მას, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო ჟინმა იმდენად სძლია, რომ რიგი საკმაოდ საშიში მოსაზრებების გამოთქმის მართებულობა ვეღარ განსაზღვრა (იმედია) და ალბათ, დღეს არ უნდა უკვირდეს, რომ კვლავ მოუწევს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავლა.

კერძოდ, ქალბატონმა სალომემ აცნობა ადგილობრივ ეთნიკურ სომხებს, რომ “საქართველოს პრეზიდენტმა თურქებს მისცა საქართველოს მოქალაქეობა, ადგილობრივ სომხებს – არა”:

„მე ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. საფრანგეთში ვარ დაბადებული და ვიცი, რას ნიშნავს მოქალაქეობის საკითხი. ეს იყო ის რეგიონი, სადაც სუფევდა ტოლერანტობა. ამის გამოა, რომ ქართულად გელაპარაკებით. საჭიროა, რომ ამ ტოლერატობასთან ერთად სახელმძღვანელო ენა ნამდვილი სახელმწიფო ენა გახდეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი ინტეგრაციისთვის, ამ კუთხით, როგორც პრეზიდენტი, თქვენი დამცველი ვიქნები, რომ თქვენთვის ყველა გზა ღია იყოს. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თუმცა თქვენ არ მოგცათ, ახლა მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი. ვიდრე მე მაჟორიტარი დეპუტატი გავხდებოდი, დავიწყე ორმაგი მოქალაქეობის პროექტზე მუშაობა, ამიტომ ახლა ეს საქართველოში აკრძალული აღარ არის. დღეიდან შეგიძლიათ, შეიტანოთ მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადება, თუმცა უნდა საუბრობდეთ ელემენტალური ქართულით და ისტორია უნდა იცოდეთ ელემენტალურად“.

ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული განცხადება ქსენოფობიურად შეაფასეს.

ხელისუფლების ოპონენტებმა ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის წინაშეც დააყენეს. თუმცა მან არსობრივ პასუხს თავი აარია და ოპოზიციონერ დეპუტატებს ზურაბიშვილის მიმართ „ბინძური კამპანიის დასრულებისკენ” მოუწოდა. accent.com