რა მიზნით გაიცემა საიმიგრაციო ვიზა საქართველოში შემომსვლელ უცხოელებზე
ვიზის გაცემა
ფოტო: არქივი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საიმიგრაციო ვიზა, ანუ D კატეგორია გაიცემა საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში სამუშაოდ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად და ოჯახის გაერთიანების მიზნით მომავალ უცხოელებზე.
სამინისტროს ცნობით, საიმიგრაციო, ანუ D კატეგორიის, ვიზა არის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და დიპლომატიური აკრედიტაციის წინაპირობა. საიმიგრაციო ვიზა ყველა შემთხვევაში გრძელვადიანია.
ამასთან სამინისტროს განმარტებით, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება იყოს ერთჯერადი, 30 დღემდე ,ან მრავალჯერადი, 5 წლამდე მოქმედების ვადით, 180 დღეში 90 დღის ყოფნის უფლებით.
მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე უცხოელს უფლება არ აქვს, მიიღოს საქართველოში ბინადრობის ნებართვა სამუშაო, სასწავლო და ოჯახის გაერთიანების მიზნით ან დიპლომატიური აკრედიტაცია.
გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლა-გასვლის უფლებით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციისა და ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.
უცხოელებზე ბინადრობის ნებართვების გამკაცრების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობის სხდომაზე მაისში განიხილეს.
ცვლილებების მიხედვით,
12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა – დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, ამასთან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ, ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას.
ამასთან ცნობილია, რომ 3 წელში საქართველოში საინვესტიციო ბინადრობა 466-მა უცხოელმა მიიღო. imedinevs