რუსეთმა შეაჩერა მსოფლიო გლობალიზაცია/ლიბერალიზაცია

შემთხვევითი როდია, რომ დასავლეთი ერთხმად ალაპარაკდა რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაზე, რაზეც რუსეთი თანახმაა. დასავლეთი შინაგანად შეეგუა ყირიმთან ერთად, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთებას (როგორც 2008 წელს საქართველოში, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ხელმოწერის დროს, შეეგუა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ) – აქაოდა, დონბასი უკვე აიღეთ, მაგრამ ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს (ვფიქრობ, ასეთია დასავლეთის პოზიცია). გაჭიანურებულ კამპანიაში ძალთა დამკვიდრებულ ბალანსზე დაკვირვებით, რუსეთის წინდახედულმა მეგობრებმა – ჩინეთმა და ბელარუსმა – დაიწყეს კონტაქტების გაცოცხლება დასავლეთთან, ჩინეთმა – აშშ-თან, ბელარუსმა – პოლონეთთან, ამავე ტრენდს მიჰყვება თურქეთიც.

სპეცოპერაციის მიზნებს – უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია – რუსეთმა ვერ მიაღწია, პირიქით, უკრაინა დღეს ისეთი მილიტარიზებულია, როგორც მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა და სამხედრო დახმარება დასავლეთიდან მდინარესავით მოედინება, ხოლო უკრაინული ქვედანაყოფები საბრძოლო მომზადების კურსებს დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში გადიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებამ რუსებისგან დიდ დეოკუპირებულ ტერიტორიაზე გააძლიერა ნაციონალისტური სულისკვეთება და განამტკიცა ზელენსკის ავტორიტეტი. თუმცა, მიუხედავად 24 თებერვლის შემდეგ რუსეთისთვის მიყენებული ასტრონომიული ზარალისა, რომელიც ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს დამარცხებულად.

მთავარი, რასაც რუსეთმა მიაღწია, ისაა, რომ გაანადგურა ერთპოლარული მსოფლიო, ჩაანაცვლა იგი მრავალპოლარული მსოფლიოთი. მეორეც, რუსეთმა შეაჩერა მსოფლიო გლობალიზაცია/ლიბერალიზაცია მათი შეუმდგარობის დემონსტრირებით, თანაც, კოლექტიური დასავლეთის “დემოკრატიული” რეჟიმების ლუსტრაცია ახლახან დაიწყო… მესამე მიღწევა: როგორც 2008 წლის აგვისტოსში, რუსეთმა დღეს კვლავაც აღმოაჩინა უპატიებელი ნაკლოვანებები თავისი არმიის მომზადებაში – შეიარაღებაში, უზრუნველყოფაში და ყველაზე მეტად – პირადი შემადგენლობის მომზადებაში – როგორც სამეთაურო შემადგენლობაში, ასევე საკონტრაქტო მოსამსახურეებში. და კარგია, რომ მან აღმოაჩინა ისინი ახლა და არა უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგესთან სავარაუდო ომის დროს… საკონტრაქტო სამსახურმა, რომელზეც არც ისე დიდი ხნის წინ გადაიყვანეს რუსული არმია, არ გაამართლა და გახდა გადაუდებელი და ძვირადღირებული მობილიზაციის მიზეზი. სსრკ-ში 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე გადაყრა, სულ მცირე, არაგონივრული აღმოჩნდა.

ამავე მიზეზების გამო, ქართულ არმიაში საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა გაუმართლებელი აღმოჩნდა, რაც არაერთხელ განვაცხადე ადრეულ პუბლიკაციებში და ამავე დროს ვაფრთხილებდი საქართველოში სამობილიზაციო მუშაობასა და რეზერვის მომზადებაზე უარის თქმის მძიმე შედეგების შესახებ. ნატოს სტანდარტებზე ბრმა გადასვლა ადგილობრივი სპეციფიკისა და საქართველოში შეიარაღებული ძალების მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინების გარეშე თავს კვლავაც გამოავლენს. ჯერჯერობით ღმერთი სწყალობს საქართველოს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ტერაქტებს, მის ტერიტორიაზე პანკისის ხეობისა და ISIS-ს გამოვლილი ქისტების არსებობის პირობებში. ღმერთი იცავს საქართველოს მეზობლებთან შეიარაღებული შეტაკებისგან, მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან გამყოფ ხაზებზე.

სამაგიეროდ, რუსეთმა ჩაატარა საბრძოლო პირობებში ათობით ახალი ტიპის იარაღის სრულფასოვანი გამოცდები, რომელთა ჩატარებაც პოლიგონებზე შეუძლებელია; რუსეთმა ჩაატარა რეფერენდუმი და ახლა მოითხოვს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების, როგორც საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას; და რაც მთავარია, რუსეთმა ბოლო მოუღო დოლარის მეფობას, რომელმაც მკვეთრად დაკარგა წონა და აღარ არის ერთადერთი სარეზერვო ვალუტა, რომელიც საერთაშორისო ანგარიშსწორებებში გამოიყენება.

ნაპოლეონისა და ჰიტლერის კამპანიების დროს რუსეთი უკან იხევდა მოსკოვამდე, მაგრამ შემდეგ მოწინააღმდეგეს ბოლომდე სდევნიდა, ამიტომ რუსებმა იციან როგორ გამოიყენონ უკანდახევა „ზამბარის შესაკუმშად“. ხომ შეძლეს ეკონომიკურ სანქციებთან გამკლავება და მათი საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქცევა?! განა შეძლებდა ოდესმე რუსეთის ეკონომიკა, ბიზნესი, საბანკო და სამრეწველო სექტორები, სოფლის მეურნეობა გამოევლინა ფარული პოტენციალი, რომ არა ეს ფორს-მაჟორი?

დიახ, დაღუპული ჯარისკაცების სიცოცხლე აუნაზღაურებელი დანაკარგია, მაგრამ რუსეთი მშვიდობიან პერიოდში ვერასოდეს დაადგენდა, რამდენი არაკეთილისმსურველი, მოღალატე და მტერი ჰყავს. ოპოზიციისგან საწყენიც არ არის – “ბოლოტნაიას” ობივატელები ყოველთვის მტრები იყვნენ, დროა რუსეთმა იფიქროს იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა მოღალატეების ყველაზე დიდი პროცენტი დანაყრებულ ინტელიგენციასა და ელიტაში, რომელსაც იგი ელოლიავებოდა, ხალხის ფულით ინახავდა და სახალხოს ტიტულებით აჯილდოებდა!

რა ჩაიფიქრეს კრემლში, უახლოეს მომავალში გაირკვევა – საკადრო ცვლილებები, რეფორმები თავდაცვის სამინისტროში თუ რაიმე სხვა. დღეს ერთი რამ ცხადია – პუტინი რუსეთს არ გარისკავს და რუსი ჯარისკაცით, როგორც მატროსოვით, მტრის საცეცხლე წერტილის დაფარვას არ აპირებს. მავანმა აღიარა, რომ „კონსერვატორიებისა“ და კადიროველების მიერ გმირობის ცალკეული გამოვლინებები ამინდს ვერ ცვლის. რუსეთის პრეზიდენტი – უმაღლესი მთავარსარდალი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუნდაც ამისათვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინით გათვალისწინებული წინაპირობები გაუჩნდეს (უკვე მრავალიგზის გაუნჩდა, თუ დონბასი, ხერსონისა და ზაპაროჟიეს ოლქები – რუსეთია) .

პუტინმა დღეს სცენა დაუთმო გარემოებებს, რომლებმაც სპეცოპერაციაზე უკეთ უნდა აიძულოს უკუსვლა დასავლეთსა და უკრაინას: ევროპის ხალხები უნდა გამოვიდნენ ქუჩებში ანტისამთავრობო მიტინგებზე, რათა მოითხოვონ ენერგომატარებლებზე მომატებული ფასების შემცირება, ხელფასის გაზრდა და რუსეთთან ომის შეწყვეტა – უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მათი, გადასახადის გადამხდელების ფულით; გამოფიტულმა ევროპულმა ეკონომიკამ და მრეწველობამ, დაცლილმა სამხედრო საწყობებმა გონს უნდა მოიყვანოს ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები, მათ ხმამაღლა უნდა თქვან უარი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკულ სანქციებზე. ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხალხებმა/პარლამენტებმა უნდა აიძულონ მთავრობა გადადგეს, ისევე, როგორც უვადოდ წავიდნენ ინგლისის ბოლო ორი პრემიერი და სხვა ევროპელი ლიდერები. და ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია – ევროპელები გადიან მიტინგებზე, ევროპამ გაზარდა რუსული გაზის შესყიდვა სანქციების მიუხედავად, თავად აშშ დაყაბულდა რუსეთთან საბანკო ოპერაციების განხორციელებას და მოიწონა ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა, ხოლო ლონდონის ლითონის ბირჟამ გადაწყვიტა არ აეკრძალა ლითონების მიწოდება რუსეთიდან.

არც ისე შორს არის საყოველთაო აღიარება, რომ აშშ კიევის სახელმწიფოს ისლამური სახელმწიფოს ჩასანაცვლებლად ამზადებდა – უკრაინა იქცა ტერორისტულ ცენტრად, რუსეთთან სამხედრო თამაშების საწვრთნელ მოედნად. მაგრამ როდესაც უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და აშშ-ის საწინააღმდეგოდ ალაპარაკდება, როგორც ეს სირიის შემთხვევაში მოხდა, აშშ აუცილებლად ბოდიშს მოიხდის კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარებისთვის, როგორც უკვე მოიბოდიშა ერაყის, ავღანეთისა და სირიისთვის, და აღიარა რომ კონტროლიდან გასული ისლამური სახელმწიფო პენტაგონმა და „ცე-რე-უ“-მ შექმნეს.

აი, რა გარემოებებზე ჩამოვიდა ფსონს პუტინი.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმი.