კლდეში ნაკვეთ, 16–სართულიან სამონასტრო კომპლექსში, ვანის ქვაბებში ქვათა ცვენა დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით ძეგლთა დაცვის სააგენტომ ობიექტი ტურისტებისთვის დაკეტა.

კლდეში ნაკვეთ, 16–სართულიან სამონასტრო კომპლექსში, ვანის ქვაბებში ქვათა ცვენა დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით ძეგლთა დაცვის სააგენტომ ობიექტი ტურისტებისთვის დაკეტა.
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტა

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

„კვლევითი სამუშაოები ჩავატარეთ და დადგინდა, რომ ქვათა ცვენის პროცესი შეუვალია. აქ ადამიანების გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ობიექტი დავკეტოთ“, – ამბობს ანთიძე.

მისი თქმით, იმისთვის თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ისტორიული კომპლექსის გადასარჩენად, ფართო მასშტაბიანი კვლევითი სამუშაო ჩატარდება: „მაგალითად უნდა დავადგინოთ, როგორ მოვაწყოთ წყალამრიდები, ამისთვის კი უნდა დავაკვირდეთ ნალექიან ამინდებში თუ რა მიმართულებით მოძრაობს წყალი. მომავალ წელს დაიდება პროექტი, რომელიც იქნება რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა ვუშველოთ ამ ქვათაცვენის პროცესს. ამის შემდეგ კი პრაქტიკულ სამუშაოებს დავიწყებთ“.

ანთიძე ამბობს, რომ ამ დრომდე ვანის ქვაბებზე მსგავსი სამუშაოების განხორციელება შეუძებელი იყო, რადგან ფინანსური, ტექნიკური და ადამინური რესურსი ვარძიისკენ იყო მიმართული: „მომავალ წელს ვანის ქვებების პროექტისთვის, დაახლოებით, 100–200 ათასი ლარი დაგვჭირდება, 50 ათასი კი უკვე დაიხარჯა პირველადი კვლევისთვის. რაც შეეხება პრაქტიკულ სამუშაოებს, გამიჭირდება წინასწარ თანხის განსაზღვრა. ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ამისი პრობლემა არ იქნება, მთავარია იყოს პროექტი, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება რა როგორ უნდა გაკეთდეს ადამიანების უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, ძეგლის გასამაგრებლად“.

მისივე თქმით, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ინფრასტრუქტურა: “აქ გაკეთდა ვიზიტორთა ცენტრი, საპირფარეშო და ავტოსადგომი, ასევე, დამონტაჟდა გარე გარეგანათება, თუმცა ახლა პრობლემები ძეგლს აქვს“.

რამდენი ხნით დაიკეტება ისტორიული ძეგლი დამთვალიერებლებისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტოში ჯერ არ იციან: „როცა კვლევა გვექნება და ზუსტად გვეცოდინება მდგომარეობა, შესაძლოა პერიოდულად გავხსნათ–ხოლმე“.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა] სამხრეთის კარიბჭე