საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობამ დღეს მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთხელ გაიჟღერა, თუმცა კვლავაც გარკვეული პირობით

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობამ დღეს მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთხელ გაიჟღერა, თუმცა კვლავაც გარკვეული პირობით.

„საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ამას წინაღობას ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა უქმნის. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით რეალური ძვრები გვაქვს, თუმცა პოლიტიკურ სფეროში დადებითი ტენდენციები არ შეინიშნება“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

რუსი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი შემოთავაზებები ადრეც არაერთგზის მოგვისმენია, მათ შორის – უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ პუტინის მხრიდანაც. მაშინ პირობად “ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა” დასახელდა, რათა “უვიზო რეჟიმის შემოღებით უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნასო“.

ქართველი ანალიტიკოსების ნაწილმა მაშინ ეს განცხადება რუსულ– ქართული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის [მის შექმნას რუსეთი 2006 წლიდან ითხოვს] შექმნის წინადადების რეინკარნაციად აღიქვა.

ვიზები და დიპლომატიური ურთიერთობები
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 2 სექტემბერს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების შემდეგ შეწყდა. 2009 წლის მარტში საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია გაიხსნა.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, 2010 წელს ოფიციალურმა თბილისმა ის ცალმხრივად ჩდილოეთ კავკასიის მკვიდრთათვის გააუქმა, 2012 წელს კი – რუსეთის ყველა მოქალაქისთვის.

„რუსეთი ცდილობს, საკითხი ვაჭრობის საგნად აქციოს“

რატომ რჩება რუსეთისთვის დაბრკოლებად ის, რაც საქართველოსთვის გადაწყვეტილების მიღებისას ბარიერი არ აღმოჩნდა? – ამ საკითხზე „აქცენტი“ ანალიტიკოსებს ესაუბრა.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი აღნიშნული თემისა და საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით საქართველოს ხელიხუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს:

„რუსეთი ცდილობს, საკითხი ვაჭრობის საგნად აქციოს: საქართველოს უამრავ მოქალაქეს ჰყავს ნათესავი რუსეთში. სანაცვლოდ რუსეთს საქართველოს მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სჭირდება, რაც ფაქტობრივად, ოკუპაციის დაკანონების ტოლფასია. სწორედ ამიტომაც არის რუსეთისთვის ეს პრინციპული საკითხი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან რუსეთზე დამოკიდებულება მცირდება, რაც პოზიტიური ფაქტია და კარასინის ეს განცხადება ერთობ დაგვიანებულიც შეიძლება, იყოს“ accent.com.ge