გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის ზურა ჯაფარიძის შეფასებით, დევნილების ბინებით სრულად დასაკმაყოფილებლად 1 მილიარდი ლარია საჭირო. თუმცა, ჯაფარიძის თქმით, ეს თანხა მიმართული უნდა იყოს იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება. “პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის სოციალური დახმარების დანიშნვა. ზოგადად “გირჩის” პოზიცია დევნილებთან მიმართებით ეხებოდა ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დავთვალეთ და დაახლოებით მილიარდი ლარია საჭიროა ამისთვის. ვფიქრობთ, ამის გაკეთება 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება თუ სისულელეებში არ დავხარჯავთ ფულს”, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარების სისტემა მთლიანად შესაცვლელია. “ამ წუთებში ფლანგავს ძალიან ბევრ ფულს ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებათ. ეს ფული მიმართული უნდა იყოს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც არიან გაჭირვებულები. ცხადია მათ შორის იქნებიან დევნილებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კონკრეტულად დევნილებს უნდა დავეხმაროთ. არსებობენ საკმაოდ წარმატებული დევნილებიც”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.