მთავარ პროკურატურაში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება. ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს.
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა, რომელიც აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტია.
ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.
აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, ციხის თანამშრომელს შანტაჟით მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. ამასთან, გამოძიების პროცესში ამოღებულია კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი.
მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.
9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. imedinevs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი