ქართული ფულის ისტორია

ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის – მოსე ჯანაშვილის კალამს არაერთი პუბლიცისტური წერილი ეკუთვნის. მათ შორის არის ქართული ფულის ისტორია, სადაც იგი წერს, რომ “საჭიროა, ყველა მეკომურმა გამოვიღოთ თითო-ოროლა გირვანქა საფასე და გადავცეთ საფინანსო სამინისტროს, რომ დაუყოვნებლით შეუდგეს ფულის ჭრას და ჩვენს საფასეს დავარქვათ ეროვნული სახელი”.

დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ მოსე ჯანაშვილის ამ წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ “სახალხო საქმის” 1918 წლის 5 ივნისის ნომერში.

“ქართული ფული

ამ უფულობისას უსარგებლო არ იქნება, თვალი გადავავლოთ საქართველოს სამეფო ფულის საქმეს. უწინარე დრო-ჟამს ფული არ არსებობდა. აღებ-მიცემობა წარმოებდა ფარდვით, ანუ გაცვლა-გამოცვლით. თვით ვაჭრობასაც ჩვენში ფარდვა ერქვა, ხოლო ვაჭარს – მოფარდული.

“შემდეგ ცხოვრება გართულდა, მოთხოვნილებამ იმატა და საჭირო შეიქმნა სააღებმიცემო ნიშნები – ფული. ყველაზე ძვირფასი საფასე იყო ოქრო, შემდეგ ვერცხლი, სპილენძი, ბრინჯაო და სხვა. ფულად გამოჭრილი ყველგან ერთნაირად ფასობდა, ოღონდ უყურებდნენ, რა ხარისხისა იყო და ისე ითვლიდნენ.

“საყურადღებოა, რომ ამ ლითონების შემუშავება თავდაპირველად მოეწყო ჩვენს სამშობლოში – კოლხიდაში. კოლხიდაში მოიჭრა პირველი ქართული ფული არისტარქესაგან 65 წლის ახლო ხანს ქრისტეს წინად.

“ამ დროს საქართველოში ტრიალებდა ალექსანდრე მაკედონელის ფული, ე.წ. “თეთრი დრახმა”. ეს იგივე დრახმაა და მას “ქართლის ცხოვრებაში” ვხვდებით 103 წელს ქრისტეს შემდეგ. ამ ფულის ერთ პირზე იბეჭდებოდა თვით მეფის ხატი ანუ გამოსახულება.

“არსებობს ვერცხლის ფული – ჭედილი 386 წელს ზედ, რომელსაც კითხულობენ ვახტანგად, გორგასლიანად. მისი მსგავსია ფულები სტეფანოზისა და ჯუანშერისა. ცნობილია კიდევ ფულები დავით კურაპალატისა, ბაგრატ მესამის გამოსახულებით; ფული გიორგი პირველისა, გიორგი მეორისა, დავით აღმაშენებლისა, დიმიტრი პირველისა, გიორგი მესამისა, თამარ მეფისა, გიორგი ლაშასი, რუსუდანისა, დავით მეხუთისა, თეიმურაზისა, ერეკლესი, გიორგი მეთორმეტისა. rezonansi