ევროკავშირი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასების თანახმად, არჩევნები იყო „კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული“ და აძლევდა ქართველ ამომრჩეველს ნამდვილ ხმას.
გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმოება და ხისტი რიტორიკა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტები მთელი სარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის მეორე ტურის დროს.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.
ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და განვითარებულ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
თარგმანი: “პირველი არხი” alia.ge