ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! მხარდამჭერები მივატოვო შუა ბრძოლაში?! – არა, ისინი არ მიცნობენ!

საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად ბრძოლას განაგრძობს და აცხადებს, რომ “მზადაა”.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება მან დღეს საარჩევნო შტაბში გააკეთა.

მან ამომრჩევლისადმი და საარჩევნო კამპანიის მონაწილეებისადმი მადლობით დაიწყო და განაცხადა, რომ “პირველ ტურში პირველი ადგილი – ეს გამარჯვებაა”:

“ყველა ამ დამიანის გამარჯვება არის 28 ოქტომბერი. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება. შეიძლება, ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი – ეს გამარჯვებაა, – ყველაფრის მიუხედავად: ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტეხნოლოგიას [სტილი დაცულია]. ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი ადგილი პირველ ტურში! “რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა. და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! მხარდამჭერები მივატოვო შუა ბრძოლაში?! – არა! მე მგონი, ისინი არ მიცნობენ: კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი… მზად ვარ მეორე ტურისთვის! მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი სიბრძნის. დღეს არის არჩევანი არა ორ პარტიას, ორ კანდიდატს, არამედ ორ საქართველოს შორის. ერთად მივდივართ ბრძოლაში, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე, ჩვენს მხარესაა ევროპა, ჩვენს მხარესაა საქართველო, ჩვენს მხარესაა საქართველოს მომავალი” [სტილი დაცულია] – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მის გამოსვლას შვილები, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახი კალაძე, დეპუტატი გია ვოლსკი, მმართველი გუნდის სხვა რიგი წევრები ესწრებოდნენ. accent.com