ვაჟა ბერიძე: სწრაფად მოქმედების დროა! “ნაციონალების” დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ამის შესახებ “სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის” დამფუძნებელი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სწრფად მოქმედების დროა, ვითარება ქვეყანაში იძაბება. სოციალური სიდუხჭირე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობა, პოლიტიკური პროცესის ჩიხში შესვლა, გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესება სირიის სცენარით მოვლენათა განვითარების პერსპექტივას კიდევ უფრო რეალურს ხდის, რაც საქართველოს თვით არსებობას, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნის, უქმნის საფრთხეს.

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი – 50–60% ისევ მოვლენათა მდინარებისგან გარიყულია, არჩევნებშიც არ მონაწილეობს, პოლიტიკური სპექტრი რეალობისგან მოწყვეტილი და აბსტრაგირებულია.

ამიტომ, აუცილებელია ხალხის პოლიტიკაში დაბრუნება. პრობლემა მარტივი არ არის – საზოგადოების უმრავლესობა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია, წინააღმდეგია სააკაშვილის შეწყალების, ამ უკმაყოფილების ტალღაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების, მოკლედ, „ნაციონალური რევანშის“. „ქართულ ოცნებას“ კი ძველებურად მართვა აღარ შეუძლია. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკის გარეთ მდგომმა ადამიანებმა, ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ.

ამიტომ და ამდენად, მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, გთავაზობთ, იმ ადამიანების გაერთიანებას, ვინც გარიყულია პოლიტიკური პროცესისგან ან პოლტიკის გარეთ ყოფნას ამჯობინებს, ან სულაც აპოლიტიკურია. ამ გაერთიანების მიზანი უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოხდენა. ამ ეტაპზე „ნაციონალების“ დაბრუნება ხელისუფლებაში კატეგორიულად მიუღებელია ამ ძალის მიერ საკუთარი მმართველობის სათანადოდ, ადეკვატური, კრიტიკული გააზრების გარეშე და ასევე მიუღებელია ხალხისგან მოწყვეტილი „ქართული ოცნების“ მმართველობა დაუყოვნებლივ რეალური ცვლილებების განხორციელების გარეშე.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ, პროცესებზე რეალური ზემოქმედების მიზნით, გთავაზობთ იდეას – შეიქმნას მოძრაობა, პირობითი სახელწოდებით „თავისუფალ ამომრჩეველთა კავშირი“, რომელიც მიზნად დაისახავს ქვეყანას ქაოსი, დესტაბილიზაცია და სტაგნაცია ააცილოს თავიდან. ამასთან, კატეგორიულად გამორიცხავს ამ მოძრაობის პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაქცევის პერსპექტივას.

მე იდეას გთავაზობთ. მე არ მაქვს შესაბამისი რესურსი, განსაკუთრებით თავისუფალი დრო ამ იდეის ხორცშესასხმელად, მაგრამ გპირდებით, ვიქნები ამ საქმის ერთ–ერთი ერთგული ჯარისკაცი თუ მას მხარდაჭერა ექნება და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება.

ჩემი აზრით, ეს გაერთიანება უნდა დაეფუძნოს შემდეგ მკაფიო პრინციპებს:

 დემოკრატია; პროგრესი; სამართლიანობა
 ქართველი ხალხის/საქართველოს ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში
 ქართული საზოგადოების ინტეგრაცია, სხვა ეროვნების ადამიანთა იდენტობისთვის ზიანის მიუყენებლად
 სწრაფი რეფორმები ყველა მიმართულებით
 თანასწორობა და სოციალური დაცულობა
 ეროვნული ინტერესების უზენაესობა
 პრიორიტეტი – დემოკრატია და ადამიანის უფლებები

მოძრაობის წევრობის აუცილებელი წინაპირობები

 საქართველოს მოქალაქეობა
 ამჟამად არჩევით პარტიულ თანამდებობებზე არყოფნა
 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა
 საქართველოს ევროპული არჩევანის ურყევობა
 რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ყველა დონეზე, მათ შორის, პირდაპირი დიალოგის გზით, რუსეთიდან მოსალოდნელი ზეწოლების განეიტრალების პარალელურად
 პირდაპირი დემოკრატიის პრიმატი. ყველა საკვანძო საკითხზე ხალხის აზრის გარკვევა რეფერენდუმისა და პლებისციტის გზით

მისია

I. მოძრაობამ მიზნად უნდა დაისახოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის დაუშვებლობა, განსაკუთრებით მოცემულ ისტორიულ ეტაპზე, დანაშაულებრივი რეჟიმის ადეკვატურ შეფასებასა და ამ დანაშაულობების შემოქმედთაგან მკაფიო გამიჯნვამდე.

II. არჩეული პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების ვადის ორი წლით განსაზღვრის საკითხის დაყენების მოთხოვნა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მიზნით.

III. მოძრაობა არასდროს გახდება პოლიტიკური პარტია, არ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ბლოკებში.

IV. რევანშისტული ძალების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების მეორე დღეს გამართავს დიდ ფორუმს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ულტიმატუმ–კომუნიკეს შესამუშავებლად, მასთან მუდმივი დიალოგის მოთხოვნითა და საზოგადოების ინტერესებთან ივანიშვილის პოლიტიკური კურსის სრული შესატყვისობის უზრუნველყოფის მიზნით.

V. ულტიმატუმის ერთ–ერთი აუცილებელი პუნქტი უნდა გახდეს, ის რომ ქართული დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიებმა – „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღონ მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს ხელს შეუწყობს ახალი პოლიტიკური ძალებისა და ძველი პარტიების ახლებურ გაერთიანებებად ჩამოყალიბებას, რომლებიც განვითარებისთვის აუცილებელ სივრცეს მიიღებენ და მთელი ელექტორატის ინტერესებს ასახავენ.
VI. ხალხის დაბრუნება პოლიტიკაში.

VII. მოძრაობის დევიზად შემოგთავაზებდით: „თავისუფალ ამომრჩეველთა კავშირი საქართველოს გადასარჩენად“.

იმედი მაქვს, თუ ეს მოსაზრება გაზიარებული არ იქნება საზოგადოების მიერ, იმ ამოცანას მაინც შეასრულებს, რომ გაააქტიუროს ფიქრი და განსჯა იმ რთული ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ, რაზეც ქვეყანაში დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს და ღელავს”, – წერს ვაჟა ბერიძე. ipress.ge