საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში შესაძლოა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს.
როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავს შედეგებს არ ელოდნენ და ყველა ნაწყენია.
„შედეგები ცივი შხაპვით არის. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. ამის მიზეზები ხელის გულზე დევს”, – აღნიშნა ქანთარიამ.
დეპუტატი პარტიის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ალბათ, სტრატეგიაზე ისაუბრეს.
„ალბათ, საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება და ვის რას დაავალებენ, გამოჩნდება. მოსახლეობის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ პერსპექტივა და ხიფათი არ დავუშვათ, რაც ქვეყანას ელოდება, თუკი სააკაშვილის ნაცვალი გაპრეზიდენტდება”, – განაცხადა ქანთარიამ.
პრაიმტაიმი. alia.ge
