რა შემთხვევაში „ინიშნება“ ვადამდელი არჩევნები – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი”

“ნაციონალების” მეორედ მოსვლას სკეპტიკურად უყურებს ლევან ალაფიშვილი. ის ფიქრობს, რომ მეორედ მოსვლა „ქართულ ოცნებას“ უფრო დაუდგება, ვიდრე ქვეყანას”,- წერს გამოცემა.
„გამორიცხულია, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა. გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაშიც კი ეს გამორიცხულია. პრეზიდენტს შეუძლია, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ მოქალაქეობას ვერ მიანიჭებს. აქ ახალი რეგულაციები შემოდის, აღმასრულებელი ხელისუფლება შეწყალებულ სააკაშვილს მოქალაქეობის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად, რევოლუცია არ შედგება. ეს ჩავლილი მატარებელია“, – ამბობს ალაფიშვილი.
თუმცა, “ნაციონალები” კონსტიტუციის ან ახალი რეგულაციების გზით სიარულს, ვფიქრობ, არც აპირებენ. მათი მთავარი ინტერესი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, მაშინ მთავრობაც შეიცვლება და სააკაშვილიც მიღებს მოქალაქეობას.
თუმცა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარლამენტში უმრავლესობაა საჭირო – მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია, შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ნებისმიერი მიზეზით დააყენოს მთავრობის უნდობლობის საკითხი. პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული კრიზისი კი შეიძლება გახდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი.
კონსტიტუცია არ ავალდებულებს უმრავლესობას, დაასახელოს ის პირობა, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს. შესაბამისად, მიზეზი შეიძლება გახდეს იგივე მარიხუანის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტი პარლამენტში მთავრობამ შეიტანა და არ გაუწვევია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონს უკვე დაუპირისპირდა. მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფრაზაც, სადაც საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. უმრავლესობამ შესაძლოა, მიიჩნიოს, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი და მთავრობა რუსეთს ეთამაშება ან მასთან ფარულ გარიგებაშია. ძველი კონსტიტუცია მხოლოდ მთავრობის ვერდაკომპლექტების ან ბიუჯეტის ვერმიღების შემთხვევებს ცნობდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძვლად.
ვინ რა განცხადებები გააკეთა მეორე ტურისთვის.
დავით ბაქრაძემ მარცხი პირველივე წუთებში აღიარა და მეორე ტურში მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს აღუთქვა:
„მაღალი გათვლებით იქნება მეორე ტური და ოპოზიციას აქვს რეალური შანსი იმისა, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს“.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დღიდან მეორე დღეს, 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის მზად არის მეორე ტურისთვის:
„შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხისა და მეთოდის, რომლებიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, პირველი ადგილი პირველ ტურში. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძესა და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?
მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის. მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა მინდა საქართველოსთვის. თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორი პარტიას შორის, დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო, ეს არის არჩევანი და ეს არის მეორე ტური. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ევროპა – საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცესკოს ცნობით, 3 705 უბნის მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 615 433 ხმა მიიღო, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს.
გრიგოლ ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობა“:
„არავითარი წინასწარი ზეიმი, წინ არის არჩევნების მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში მოქალაქეებმა მტკიცე პოზიცია გამოხატეს. ძალიან დიდი მადლობა მხარდამჭერებს, გუნდის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“, დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტის პოლიტიკური ჟესტი გააკეთა და მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელსაც გვიან ღამით შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც მალე გააკეთებენ ამას და ეს იქნება ყველა მინუს ერთი“.
გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.
დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ ტურში:
„ჩემი პოზიციაა, რომ ამ არჩევნებში არავის ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი არ იმსახურებს ამას და იმაზე ვფიქრობ, ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ. იმ კრიზისს, რომელიც მას ელის მეორე ტურის ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოზიცია და ჩემი პოლიტიკური აზრი ამას უკავშირდება. ამასობაში, ყველა, ვინც მოღალატეს უწოდებს ამა თუ იმ მხარეს დამდგარ ადამიანს, არის ამ ქვეყნისთვის დიდი ხიფათის მომტანი. ყველა, ვინც ადამიანს უწუნებს სამშობლოს სიყვარულს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ან ის კანდიდატი მოსწონს, ზიანს აყენებს ქვეყანას. მე ჩემი პოზიცია გამოვაცხადე და ვთქვი, რომ ამ არჩევნებში ორივე კანდიდატმა დაგვიდასტურა, რომ საზოგადოების შემდგომ გაყოფას შეუწყობენ ხელს. ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მე ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი პირველ ტურში:
„სამი წელია, „გირჩი“ არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში, „გირჩის“ მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე. „გირჩის“ ოფისშიც კი, არასოდეს არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ. არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას, ამიტომ ნუ შემე…ით. აზრი არ აქვს. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, ის გავხადო საჯარო და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ: ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი.
ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების, თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მეორე, ჩემთვის არის მასტურბაცია. მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან.
მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ამ ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი და, რომლის არჩევის შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს.
ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს, ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ: 1. თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია. 2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა. ეს ანომალიაა და არა წესი. შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ“.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”. kvira.ge