ვის ყულაბაში წავა შინ დარჩენილთა ხმები?

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში პოლიტიკური გუნდები აქტიურად ცდილობენ დამატებითი ხმების მობილიზებას. ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ პოტენციურ ამომრჩეველთა ხმებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით 28 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე არ მივიდნენ. არსებობს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ II ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა, პარტიის მიერ I ტურში მობილიზებულ ხმათა 11%–ის მნიშვნელოვანი ნაწილი II ტურში ვაშაძის „ყულაბაში“ გადაინაცვლებს, ისევე, როგორც “რესპუბლიკელების”. ამას შესაძლოა, “გირჩისა” და “ლეიბორისტების” მხარდამჭერთა ხმების გარკვეული ნაწილიც მიემატოს. თუმცა სოციოლოგები იმის ალბათობაზეც მიუთითებენ, რომ მმართველმა გუნდმა შინ დარჩენილთა 54%–ის ნაწილის არჩევნებზე გაყვანა მოახერხოს. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შანსებზე, ამომრჩეველთა ხმების მობილიზების ფაქტორებზე და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

კორნელი კაკაჩია: არითმეტიკულად შინ დარჩენილი ამომრჩეველი 50%–ზე მეტია, მაგრამ რეალურად ასე არაა: მათ დიდ ნაწილს შეადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, რუსეთში ჩვენ ამ არჩევნებს არ ვატარებთ. ამასთან, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნებში. ამდენად, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ასევე ვერ მიიღებენ. მაგრამ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს.

ასევე საკმაოდ დიდია (პირობითად ვთქვათ 25–30%) ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის რიცხვი, რომელიც ამ ორ ძალას შორის აბსოლუტურად ვერ პოულობს საკუთარ თავს. ამ გულაცრუებული ამომრჩევლის უმავლესობას ჰგონია, რომ პოლიტიკური ძალები არ ასახავენ მათ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ინტერესს. ახლაც ასე დგას საკითხი: ამ პოლიტიკური ძალებიდან რომელი შეძლებს სახლში დარჩენილთა ნაწილის საარჩევნო უბნამდე მიყვანას.

– და რატომ მივა ეს ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე?

– აქ ორი ვარიანტი რჩება: იდეური ამომრჩეველი (ამის კარგი მაგალითია 1990 წლების არჩევნები: შთაგონებული მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ მოქალაქეობრივ ვალს იხდიდნენ), ან მეორე -სამწუხაროდ, ბოლო წლებში ტრადიციად ქცეული ფინანსების საკითხი. ეს არის ის ამომრჩეველი, რომელსაც არანაირად არ აინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ თუ იქნება ფინანსური ინტერესი, წავა. ამ გზას პოლიტიკური პარტიები, სამწუხაროდ, ხშირად მიმართავენ და ამ კუთხით ხელისუფლებაში მყოფ ძალებს, როგორც წესი, მეტი შანსი აქვთ, რადგან აქვთ ადმინისტრაციული რესურსები.

ამდენად, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თეორიულად, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უპირატესობა. მაგრამ რჩება იდეური ამომრჩეველი და ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს ოპოზიციური ძალა მათთან მუშაობას.

სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა, აქ არ ხდება იდეოლოგიებს შორის დაპირისპირება. გარდა ამისა, არსებობენ ამომრჩევლები, რომელთათვისაც ორივე პოლიტიკური ძალა მიუღებელია და ამას უკვე არაფერი ეშველება.

– ადმინისტრაციული რესურსიც ალბათ, ნაცადია პირველ ტურში, თუ ფიქრობთ, რომ მმართველი გუნდი არჩევნებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თავდაჯერებულად შეხვდა?

– „ქართული ოცნება“ ფიქრობდა, რომ მათი მობილიზაცია არ იყო საკმარის დონეზე, ახლა ეს უკვე აშკარად შეიმჩნევა. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ: დეპუტატები ჩადიან რეგიონებში და ა.შ. ჩანს, რომ ახლა უფრო მობილიზებულები არიან, სხვა გზა არ აქვთ. ამდენად, პირველ ტურთან შედარებით, ეს განსხვავება იქნება.

არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ იმ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი, რომელიც პირველ ტურში უბნებზე გავიდა, შესაძლოა, მეორე ტურში აღარ გავიდეს. ესეც სერიოზული პრობლემაა პოლიტიკური მოთამაშეებისთვის. ამდენად, წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. წინ რთული პროცესია და ეს, ერთის მხრივ, კარგიცაა: ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული პროცესია.

– თქვენ ახსენეთ ხელისუფლების მობილიზება. ერთობ უცნაური რეალობა შეიქმნა: ხელისუფლება მობილიზებულია, მაგრამ არ ჩანს (ან თითქის არ ჩანს) საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს რამდენად ადეკვატური რეალობაა?

– ცოტა არ იყოს, უცნაურია მართლაც, მაგრამ ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ქარიზმატული პოლიტიკოსი, რომელიც მასებს შთააგონებს. ეს მოცემულობა ისედაც გვქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად უნდა აქტიურობდნენ.

– გასაგებია, მაგრამ თავად ეს დამოკიდებულება რამდენად გულისხმობს ამომრჩევლის მიმართ პატივისცემას?

– ეს გარკვეულწილად ჰგავს „რუსთავი 2“–ის შემთხვევას: როდესაც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, არხის მეპატრონეები არ ჩანდნენ. ძალიან უცნაური სიტუაცია იყო, სულ სხვა ხალხი დადიოდა, წუხდა… სწორედ ამ სიტუაციას მაგონებს ესეც. შეიძლება, მათი სტრატეგიის ნაწილიც იყოს. არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ ფაქტია, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ხანია, დამოუკიდებელი კანდიდატის მანტრა დაკარგა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ის მთლიანად „ქართული ოცნების“ რესურსებზეა დამოკიდებული.

– ისევ საარჩევნო ხმების მობილიზების პროცესს რომ დავუბრუნდეთ, მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს პარლამენტიდან. გუშინ პატრიარქის პროტოპრესვიტერი იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში და ა.შ. როგორ ფიქრობთ, თვითონ ეკლესიის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში?

– ამაზე არჩევნების შედეგებით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. ამ საკითხებზე საზოგადოების მხრიდან იყო რეაქცია, მაგრამ დასადგენია, რამდენად დაიჯერა ამომრჩეველთა იმ ნაწილმა, ვინც ხმა ამის გამო არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და რამდენად მისაღებია ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებები მათთვის. ამ არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ასეთი ამომრჩევლის განწყობა მნიშვნელოვანია.

– იგრძნობა პროცესებში საპატრიარქოს ჩართულობა?

– საპატრიარქო შეეცადა, ნეიტრალური ყოფილიყო. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი მივიდნენ, საპატრიარქომ მაშინვე მოახდინა დისტანცირება, რათა ეს ნაბიჯი ერთ–ერთი კანდიდატის მხარდაჭერად არ აღქმულიყო. ვფიქრობ, ეს საპატრიარქოს მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს განცხადება გაკეთდა, რაც არ გაკეთებულა 2012 წელს ან სხვა დროს.

– როგორ ფიქრობთ, მსგავსი დისტანცირება რამ განაპირობა? ერთგვარი შანტაჟი ხომ არ იყო?

– შეიძლება იგრძნეს, რომ სიტუაცია არცთუ ისე სტაბილურია „ქართული ოცნებისთვის“; განაწყენებულები არიან მათზე … კონკრეტულად რთული სათქმელია, ბევრი ფაქტორი შეიძლება, იყოს.

უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებით არ წყდება საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ბედი. რეალურად, ეს არჩევნები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იყო ერთგვარი გენერალური რეპეტიცია. ბუნებრივია, ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის ის იყო მნიშვნელოვანი, რომ გაეზომათ საზოგადოებრივი განწყობა. ხელისუფლება უცნაურად მოიქცა. სჯობდა, საერთოდ არ დაესახელებინათ კანდიდატი და მთელი თავისი რესურსი მიემართათ 2020 წლის არჩევნებისთვის. მაგრამ დაუშვე შეცდომა, გაიზომა მათი პოპულარობა და შედეგებმა აჩვენა, რომ არც ისე კარგად არის მათი საქმე. ახლა უკვე სასწორზე დადგა მათი პრესტიჟი. ამის გამოა, რომ ასეთი მობილიზებულები არიან. არ ელოდნენ მსგავს შედეგებს. accent.com