„ამჟამად ივანიშვილი პოპულარობის ვარდნის მეორე ეტაპზეა“ – დავით ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრობს. ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ივანიშვილისადმი საზოგადოების  დამოკიდებულება ახლო მომავალში უარყოფითად შეიცვლება, რაც მომდევნო არჩევნებზე მთავრობის ცვლილებით დასრულდება.

„ივანიშვილისადმი დამოკიდებულება ყველა ვარიანტში შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი დღეს არის პირველი პირი ქვეყანაში, მართავს ამ ქვეყანას და ამ საქმეს თავს ვერ ართმევს. ელემენტარულად, ცუდად მართავს ქვეყანას და, ბუნებრივია, რომ გაიზრდება მისდამი უკმაყოფილება.

„ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ასიათასობით ადამიანი გამოვიდეს მიტინგზე, მაგრამ უკმაყოფილება ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ, პრაქტიკულად, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება კონფრონტაციაში ჩაუდგა ახალგაზრდა თაობას. იმ თაობას, რომელიც მომავალია ამ ქვეყნისთვის, რომელიც თავის დროზე მოვა პოლიტიკაში და ხელისუფლებაც იქნება და ოპოზიციაც, მათთან კონფრონტაცია არჩია.

„ეს კონფრონტაცია არ არის შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი. უბრალოდ, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ჩამორჩენილ, მენტალურად ჩამორჩენილ ხელისუფლებასთან, რომელიც სადღაც, 90-იანების შუაგულში ცხოვრობს თავისი მენტალობით. ჩვენ კი უკვე ოცდამეერთე საუკუნეში ვართ და ძალიან ჩამორჩენილია სიტუაცია.

„ნელ-ნელა უკვე იცვლება საზოგადოების აზრი, ნელ-ნელა იწყება ივანიშვილის რეიტინგის ვარდნა, თუმცა ჯერ კიდევ არის ბევრი ადამიანი, ვისაც მისი სჯერა.

„საზოგადოების აზრი ყოველთვის ასე იცვლება – თავიდან ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და ხელისუფლებაც კარგია; შემდეგ ეტაპზე უკვე ლიდერი, ბელადი, მეფე არის კეთილი, მაგრამ ბოროტი ვეზირები ჰყავს, ბოროტი გარემოცვა, რომლებიც რაღაცეებს მას უმალავენ, რაღაც ინფორმაციას არასწორად აწვდიან; ბოლოს უკვე ყველა ხვდება, რომ მეფე არის შიშველი და მერე უკვე მას ეკიდება ყველანაირი პასუხისმგებლობა.

„ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოება მეორედან ბოლო ეტაპზე ჯერ არ გადასულა, ფიქრობენ, რომ მეფე კეთილია და ნაზირ-ვეზირები არ უვარგა, მაგრამ უკვე გადადის იქითკენ, რომ მეფეც არაა უცოდველი და, რეალურად, ყველაფერში დიდი ბრალეულობა აქვს. ამ ეტაპზე აუცილებლად გადავალთ და ხალხისთვის მისი პასუხისმგებლობა იქნება ყველაფერი.

„საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება არჩევნების გზით და არა რაღაც სხვანაირი მეთოდებით. არჩევნებით  შეიცვლება  და დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეძლოს პლურალისტურ-დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა“, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

ავტორი: გურიის მოამბე