პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარ-ტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე “ვარდების რევოლუციას” პროგნოზირებს.
“არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არის შანსი, რომ მოხდება არა რიგგარეშე „ვარდების რევოლუცია“, ან ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული „რევოლუცია“. რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ არ სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელსაც არ ეყოლება წაგებული“, – წერს ვიტალი შკლიაროვი.
გრიგოლ ვაშაძის პიარ-ტექნოლოგს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმარვლესობის წევრი გია ვოლსკი. მისი განცხადებით, შკლიაროვის განცხადება დასტურია იმის, რომ “ნაციონალებს” დესტაბილიზაცია სურთ და არჩევნები არ აინტერესებთ.
“ვაშაძის რუსი პიარ-ტექნოლოგის, ვიტალი შკრიალოვის განცხადება იმის დასტურია, რომ “ნაციონალებს” არჩევნები არ აინტერესებთ. მათ უნდათ დაპირისპირება და ჰგონიათ, რომ ეს მათ ხელისუფლებაში დააბრუნებს. ამ შემთხვევაში, “ნაციონალების” ხელწერა მხოლოდ მუქარაში არ გამოიხატება, მათი პიარ-ტექნოლოგები ომით გვემუქრებიან “, – განაცხადა ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი თვლის, რომ გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარ-ტექნოლოგის განცხადება არის დასტური იმისა, რომ საფრთხეები მოსკოვიდან იგეგმებოდა, თუმცა სახელმწიფო ესკალაციას არ დაუშვებს.
“ვაშაძის პიარ-ტექნოლოგის განცხადება იმის დასტურია, რომ საფრთხეები მოსკოვში იგეგმებოდა. ნაცებისთვის ძალადობა მისაღებია, თუმცა სახელმწიფო ესკალაციას არ დაუშვებს, მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდება და ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება ქვეყანას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა კი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს არანაირი რევოლუციური განწყობა არ აქვს. მისივე განცხადებით, ვიტალი შკრიალოვი ბელორუსია და ის პუტინის მოწინააღმდეგეა.
„ჯერ ერთი შკრიალოვი ბელორუსია. ცნობილია, რომ ის არის პუტინის სერიოზული მოწინააღმდეგე. მეორეც, სალომე ზურაბიშვილი როგორ საუბრობს გრიგოლ ვაშაძის პრორუსობაზე, როდესაც თვითონ ორიენტირებულია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. გრიგოლ ვაშაძე კი ორიენტირებულია არაღიარებზე. „ქართული ოცნებას“ მინისტრთა კაბინეტში რუსეთის ორი მოქმედი მოქალაქე ჰყავს, ერთს აბარია ქვეყნის უსაფრთხოება და მეორეს ეკონომიკა. გახარია-ქობულიას შემდეგ, სასაცილოა ვაშაძის პიარის თანამშრომლების ეროვნებასა და სულისკვეთებაზე ისაუბრო.
არანაირი რევოლუციური განწყობა არ აქვს არც გრიგოლ ვაშაძეს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ საზოგადოება დააჯეროს დესტაბილიზაციის საშიშროების მოახლოებაში, მაგრამ, სულ ტყუილად,“ – განაცხადა „2020NEWS“-თან საუბარში ნიკა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ ვიტალი შკრიალოვმა ბლოგი, სახელწოდებით „სამი დასკვნა საქართველოს საპეზიდენტო არჩევნებიდან“, “ეხო მოსკვის” ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. შკლიაროვი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, დეკემბრიდან “ახალი ვარდების რევოლუცია“ დაიწყოს.
დღის კიდევ ერთი მთავარი თემა, სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება გახლდათ, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
„„ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ, ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი აგონიაშია.
“სალომე ზურაბიშვილი აგონიაშია, აღარ იცის რა მოიმოქმედოს. არავინ მას არ ემუქრება. ერთადერთი – ხალხი, ქართული საზოგადოება, ამომრჩეველი, ეუბნება ზურაბიშვილს – წადიო, ან ჩვენ გაგიშვებთ ჩვენი არჩევანითო. ზურაბიშვილი ცდილობს, ხალხს თავი შეაცოდოს. ხალხს, რომელმაც ის შეიზიზღა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ნიკა რურუა.
საპრეზიდენტო კანდიდატის ბრიგინგის შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააკეთა განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. გაბუნიას თქმით, პირი, რომელიც ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარას ახორციელებდა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია. ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი.
საუბარია ერთ პირზე, თუმცა ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე”, – განაცხადა გაბუნიამ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მსგავსად, მასაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და სოციალურ ქსელში მუქარის წერილები გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული წერილების შემდეგ, სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელით ეხმაურება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად ემუქრება სამხედრო პირებს ციხეში ჩასმით და მისი დღევანდელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. “არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს. ეს დიდი ალბათობით, ტყუილია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს, პოლიცია და სუსი მათ ხელშია და მიაკვლიონ. ის კი უტყუარი ფაქტია, რომ მოღალატე სალომე ნამდვილად ემუქრება ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სამშობლო და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს“,- წერს ყოფილი პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით. 2020Nevs
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი