სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი.

პარლამენტარი ირმა ინაშვილი იმ რეზოლუციის პროექტს ასაჯაროებს, რომელიც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მხრიდან შედის საქართველოს პარლამენტში და რომლის მიზანია პარლამენტმა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცეს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას:

სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც:

ა) არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია;

ბ) უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში;

გ) სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 კაცი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად;

დ) ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად;

ე) განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება;

ვ) მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად, საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი;

ზ) ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი;

თ) დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, 14 ივნისს, „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ გაახმოვანა ვერსია, რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოს ომი, ეს იყო მოსკოვსა და თბილისში მყოფი ადამიანების გარიგების შედეგი. კონკრეტულად, არკადი დვორკოვიჩისა და გიგა ბოკერიას გარიგების შედეგი, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან იცნობენ,- ჭადრაკის სფეროდან. შეგახსენებთ, რომ ბატონი დვორკოვიჩი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის მედვედევის თანაშემწე გახლდათ. მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ხსენებული ვერსიის ირგვლივ, დაიწყოს გამოძიება ბოკერიასა და დვორკოვიჩს შორის შესაძლო გარიგების თემაზე, რომლის შედეგადაც, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო დადგა ომის რეალობის წინაშე და ტერიტორიის 22%-ი დაკარგა.

ასევე, პროკურატურამ უნდა დაკითხოს თავდაცვის მოქმედი მინისტრი ბატონი ლევან იზორია, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ბატონი ბოკერიას პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, განაცხადა რა, რომ სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობის პერიოდში, 2005-2008 წლებში, ზუსტად აგვისტოს ომის წინ, უკვალოდ გაქრა 32 მილიონი დოლარი, ხოლო 2012 წელს დაიკარგა 8 მილიონი ევრო, ეს სახსრები სამხედრო ტექნიკის შესაძენად იყო გათვალისწინებული. ბატონმა იზორიამ მაშინ განაცხადა, რომ ეს საქმეები დევს პროკურატურაში. შესაბამისად, მორიგი მიმართვა მაქვს პროკურატურასთან,- რა შედეგით დასრულდა ეს გამოძიება? მოხდეს ამ შედეგების გასაჯაროება! ყველა წესისა და ლოგიკის თანახმად, უკვე გამოკვეთილი უნდა იყოს მაღალი რანგის იმ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას ჯერ 32 მილიონი დოლარი, ხოლო 2012 წელს- 8 მილიონი ევრო მოპარა. თუ პროკურატურამ დამნაშავეს ვერ მიაგნო, ვკარნახობ, რომ ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამსტერდამშია, ხოლო მეორე, ბატონი ბოკერია- პარლამენტში ზის!

ასევე, ძალზედ საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინა პროკურატურამ ჯერ კიდევ ცოცხალი სულხან მოლაშვილის, როგორც მოწმისა და დაზარალებულის, საჯარო ჩვენება, რომლის თანახმადაც, ის კონკრეტულად და უშუალოდ ბოკერიამ აწამა. ველოდები პროკურატურისგან კონკრეტულ პასუხსა და ქმედებას ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.

ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები უდაოდ არიან მ. სააკაშვილი და გ. ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად;

2. ექვსი თვის ვადაში მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების, ყველა რეზონანსული საქმის გამოძიება, გამოიკვეთოს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა კონკრეტული დამნაშავე, მიუხედავად მისი დღევანდელი სტატუსისა. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს გამოძიების მუშაობის ოპერატიული კონტროლი.

როგორია ჩვენი მოქმედების გეგმა. დღეიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, იწყება რეზოლუციის წარმოდგენილ ტექსტზე მილიონი ხელმოწერის შეგროვება! საქართველოს მილიონი მოქალაქე დააფიქსირებს რეზოლუციის სულისკვეთებისა და მოთხოვნებისადმი მხარდაჭერას. სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ვიწყებთ საპროტესტო აქციების ორგანიზებას, რომლის მთავარი მოთხოვნაც იქნება სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სისტემური, კვალიფიციური, კომპეტენტური გამოძიება და დამნაშავეთა დაპატიმრება! სექტემბრის ყოველკვირეული აქციებიდან ჩვენ გადავალთ ყოველდღიურ, უწყვეტ აქციებზე. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დაერქვას სახელი სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობას და მივაღწევთ იმას, რომ დამნაშავეები ისხდნენ ციხეში და არა პარლამეტში!. Geotimes.ge