შინაგან საქმეთა სამინისტროში 17:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
უწყება ბრიფინგის თემას არ ასახელებს, თუმცა მაღალი ალბათობით ის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის საკითხს უნდა უკავშირდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახის თხოვნით ცოტა ხნის წინ მივიდა მირზა სუბელიანის ადვოკატი, რომელსაც უწყებაში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მირზა სუბელიანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დანაშაულის მტკიცებულებების გაყალბებაში და დამნაშავეთა მფარველობაში სდებს ბრალს, მიმდინარე კვირას უკვე მესამედ იმყოფება შსს-ში.
დღეს ის უწყებაში დილის 11:00 საათზე გამოცხადდა და როგორც წინა ორ შემთხვევაში, ამჯერადაც ადვოკატის გარეშე.
ამ დროისთვის უცნობია სამინისტროში სუბელიანის ისევ გამოკითხვა მიმდინარეობს თუ მას ბრალი უნდა წარუდგინონ.
http://guardian.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი