სააკაშვილს შეწყალების შემთხვევაში საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ

“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის ყოფილ მაღალჩინსონებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. თუმცა, როგორც საიას იურისტი რევაზ აჭარაძე ამბობს, სააკაშვილს შეწყალების შემთხვევაშიც, ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საიას იურისტის განმარტებით, იქამდე, ვიდრე პირის მიმართ განაჩენი არ დადგება და მსჯავრდებულის სტატუსი არ ექნება, მისი შეწყალება შეუძლებელია. ახლა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ 2 საქმეზე განაჩენია დამდგარი, ხოლო 2 საქმეზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

“კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული. შესაბამისად, პრეზიდენტს რაიმე შეზღუდვა იმის, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული, მიუხედავად იმისა, მისი საქმე უზენაესშია თუ აპელაციაში, არ აქვს. რაც შეეხება სხვა საქმეს, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, იმ საქმეებში პიროვნება ითვლებად ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად. როდესაც პირი ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად ანუ სანამ პირველი ინსტანციას განაჩენი არ არის დამდგარი, პრეზიდენტს ბრალდებულის შეწყალების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში გაგრძელდება საქმე. შესაბამისად, თუ პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე იქნება დაკავებული”, – განმარტა საიას იურისტმა.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

სააკაშვილს, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, 2018 წლის თებერვალში მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცა.imedinevs.ge