პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, დააკავეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მირზა სუბელიანი დღეს დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი უწყებაში დაბარება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებას ეხება.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი შსს-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ მივიდა. გამოკითხვის დაწყებიდან, დაახლოებით, 3 საათში სამინისტროში მისი ადვოკატი გამოძახეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.