მესამე წელია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს. შედეგები ამ დრომდე უცნობია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქმე უპრეცედენტოა, ამ დრომდე ჰააგის პროკურატურა სახელმწიფოებს შორის მომხდარ დავებს განიხილავდა, ამიტომ პროცესში საკუთარი ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, როდესაც მოწინააღმდეგე ძლიერი სახელმწიფოა.
ჰააგის თემა პერიოდულად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში აქტიურდება და პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებების საგნად იქცევა. ამჯერად ბრალდებები ტრადიციულზე მწვავეა, – ალბათ, იმიტომ, რომ უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან გაისმის.
ახდენს თუ არა გავლენას მსგავსი პოლიტიკური განცხადებები გამოძიებაზე? რა ეტაპზეა თავად გამოძიება? როგორია ქართული მხარის ჩართულობა? რა პერსპექტივები აქვს საქმეს?
„სახელმწიფო მანქანაიმისკენაა მომართული, რომჰააგაში ქართველებიდაიჭირონ“
ამასწინათ არასამთავრობო ორგანიზაცია Justice International-ისხელმძღვანელმა ნიკა ჯეირანაშვილმა, რომელიც ჰააგაში იმყოფება, შემაფოთებელი ფეისბუქ-სტატუსი გამოავეყნა:
„მთელი სახელმწიფო მანქანა იმისკენაა მომართული, რომ ჰააგაში ქართველები დაიჭირონ, – იქნება ეს მიშა, გრიშა, თუ ნებისმიერი სხვა, სამხედრო თუ სამოქალაქო პირი; ამით “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოოდ ამოძირკვას იმედოვნებენ, ხოლო ქვეყანას რა მოუვა, შეიარაღებულ ძალებს, დაზარალებულ მოსახლეობას – ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ადრე მეგონა, რუსებს ვებრძოდი და ეხლა უკვე ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი“.
როგორც ჯეირანაშვილმა “აქცენტთან” საუბრისას განმარტა, მსგავს შესაძლებლობას ქართული მხარის პასიურობა ქმნის:
„საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო იმ პირობებში, როცა რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, შეიძლება, მივიღოთ სიტუაცია, რომ მხოლოდ ქართველები იქნენ გამოძახებულები ჰააგის სასამართლოში და მათ წინააღმდეგ წარიმართოს პროცესები, ხოლო რუსი დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ“.
როგორც ჯეირანაშვილი ამბობს, მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირება და ამ საკითხებზე მათი ყურადღების გამახვილება სცადა, თუმცა უშედეგოდ:
„წლის დასაწყისიდან ვცდილობ მათთან კომუნიკაციის დამყარებას, ეხლა საჯაროდაც მოვუწოდებ, თუმცა მათი მხრიდან სრული იგნორია. სამწუხაროდ, 3 წელია, ამ გამოძიებას მინიმალური ყურადღება ექცევა და ეხლა, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან ვისმენთ 2008 წლის ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ბრალდებებს, ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“.
როგორ ზემოქმედებს პოლიტიკოსთა განცხადებები გამოძიების პროცესზე
როგორც ჯეირანაშვილი აცხადებს, განცხადებები პროცესზე უარყოფითად აისახება. და აქ რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი:
„პირველ რიგში, განცხადებები მოქმედებს დაზარალებულებზე, განსაკუთრებით – იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის უსაფრთხოების რისკის ფასად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ჩვენებებს აწვდიან ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებს. როდესაც ისინი ისმენენ მსგავსი ტიპის განცხადებებს, ეს მათში გაურკვევლობას იწვევს: ისინი პროცესში იმ განწყობით მონაწილეობენ, რომ ქვეყნის სასიკეთო საქმეს აკეთებენ, ამ დროს კი პოლიტიკოსების მხრიდან ფაქტობრივად საწინააღმდეგო შინაარსის განცხადებები ესმით. გარდა ამისა, მთელი რიგი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა თავიდან იქნას არიდებული ცალხმრივი გამოძიება, თავიდან ავიცილოთ განსასჯელის სკამზე მხოლოდ ქართველების მოხვედრა და რუსი დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის არიდება. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა დიპლომატიურ კორპუსთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. დიპლომატებისთვის გაუგებარი ხდება, როგორ უნდა დაგვიდგნენ გვერდში, თუ ჩვენი პოლიტიკოსები საპირისპიროს ქადაგებენ. ამდენად, ეს განცხადებები მთლიან პროცესს აზარალებს“.
ემიჯნება თუ არა ერთმანეთს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ საქართველოს სახელმწიფო დამნაშავედ ვერც ერთ ვარიანტში ვერ წარმოჩინდება, რომ პასუხისმგებლობა ვინმეს შესაძლოა, მხოლოდ ინდივიდუალურად დაეკისროს და რომ ამ მხრივ ქვეყანას არანაირი საფრთხე არ ექმნება:
განსხვავებული მოსაზრება აქვს ნიკა ჯეირანაშვილს. მისი განმარტებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსგავსი ტიპის საქმის განხილვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ აღიქვამს მას საზოგადოება. ამასთან, გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც:
„ნიშნავს თუ არა ყოფილი პრეზიდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ქვეყნის პასუხისმგებლობას, – ეს ალბათ, უფრო აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიის საგანია. აქამდე ჰააგის სასამართლოს არ ჰქონია საერთაშოირისო კონფლიქტის გამოძიების გამოცდილება, შესაბამისად, ეს არის პრეცედენტული საქმე და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ აღიქვამს ამას ადგილობრივი (ანუ ქართული) და საერთაშორისო საზოგადოება. ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნებს შორის ომს, შესაძლებელია, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობა გაიგივდეს ქვეყნის პასუხისმგებლობასთან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების მიერ ასე იქნას აღქმული ეს საკითხი პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე მხარე – რუსეთი, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობას გააიგივებს საქართველოს პასუხისმგებლობასთან. ის უკვე დიდი ხანია, ამ ნარატივს ისედაც იყენებს და პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას სათავისოდ გამოიყენებს. მეტიც, თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება ვინმე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული, რუსეთი ეცდება, საერთოდ შიდა კონფლიქტად მონათლოს 2008 წლის ომი და საერთოდ გამორიცხოს თავისი მონაწილეობა“.
როგორ დაიწყო 2008 წლისმოვლენების გამოძიება
ჰააგის სასამართლოს მიერ გამოძიების დასაწყებად რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის ერთ–ერთია, როდესაც სასამართლოს პროკურორი თავად წყვეტს, დაიწყოს გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ/ვერ იძიებს კონფლიქტის/ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს. ჩვენს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.
“ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, ქალბატონმა ფატუ ბენსუდამ მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო აჩერებს ადგილობრივ დონეზე გამოძიებას. ამან, თავის მხრივ, გადაწყვიტა ის, რომ 2015 წლის ოქტომბერში ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მოითხოვა საქართველოს სიტუაციაზე (ანუ 2008 წლის ომზე) გამოძიების დაწყება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პრინციპი ასეთია: ჰააგა არ ერთვება, სანამ შენ ადგილობრივ დონეზე იძიებ დანაშაულებს, თუმცა ვინაიდან საქართველომ უთხრა, რომ შეაჩერა გამოძიება, ჰააგამ გადაწყვიტა, ჩართულიყო ამ პროცესში და თავად გამოეძიებინა, რა მოხდა“,– განმარტავს ჯეირანაშვილი.
ის, რომ ჰააგის პროკურორმადაიწყო გამოძიება, ნიშნავს, რომ სასამართლოს გამომძიებლები თავად ჩამოდიან საქართველოში და ადგილზე სწავლობენ სიტუაციას; თავად აწარმოებენ მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის – მოწმეთა დაკითხვას, ჩვენებების აღებას, სხვადასხვა მასალების მოგროვებას და ა.შ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან სხვა სასამართლოებისგან განსხვავებით, სადაც ქვეყნები აგზავნიან სარჩელს და სხვადასხვა მასალებს, რომლებსაც შემდგომ სასამართლო შეისწავლის, ჰააგის სასამართლოს შემთხვევაში არ ხდება ქვეყნების სარჩელების განხილვა, სასამართლო განიხილავს იმ მასალებს, რომელსაც თავად ამ სასამართლოს გამომძიებლები წარუდგენენ მოსამართლეებს. ეს პროცესი სრულიად კონფიდენციალურია და რა მასალებს წარადგენენ ჰააგის გამომძიებლები და ვის წინააღმდეგ – ეს მხოლოდ უშუალოდ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი, ანუ როდესაც სასამართლო დარბაზშიკონკრეტული პირების წინააღმდეგ საქმის განხილვადაიწყება“,– განმარტავს ჯეირანაშვილი.
რას იძიებს ჰააგისსასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში
ზოგადად, ჰააგა ადამიანურობის (კაცობრიობის) წინააღმდეგ დანაშაულებს იძიებს. 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესს მთელი რიგი დანაშაულები წარმოადგენს, მათ შორის – მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, დევნა, სექსუალური ძალადობა, წამება, სამოქალაქო პირების დაკავება.
გარდა ამისა, ჰააგის სასამართლო იძიებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, განზრახ მკვლელობას, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმას, ქონების განადგურებას და ძარცვას, – ანუ, ომის დანაშაულებს, – განმარტავს ჯეირანაშვილი.
ვისზე შეიძლება, გაიცესდაკავების ორდერები და როგორ ხდება დაკავება
როგორც ჯეირანაშვილი განმარტავს, სასამართლოს გამოკვეთილი ჰყავს 2008 წლის ომის მონაწილე 3 მხარე: საქართველოს და რუსეთის შეიარაღებული ძალები, ასევე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ფორმირებები.
„ეს ნიშნავს, რომ დაკავების ორდერები შეიძლება, გაიცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეებზე. ჰააგის სასამართლოს პოლიტიკა ასეთია: იგი ცდილობს, გავიდეს არა უშუალოდ დანაშაულების ჩამდენ პირებზე, მაგალითად, რიგით ჯარისკაცებზე, არამედ რაც შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირებზე, ანუ იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ გასცემდა ბრძანებებს/მითითებებს დანაშაულების ჩადენაზე: სამხედრო მოხელეებზე (მაგალითად, გენერალური შტაბის უფროსი, გენერლები და ა.შ.), ასევე საჯარო მოხელეებზე (მთავრობის წევრი, პარლამენტარი, პრეზიდენტი და ა.შ.), ასევე ნებისმიერ სხვა პირებზე (მაგალითად ჟურნალისტებზე), რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყვეს ომის გაღვივებას და დანაშაულების ჩადენას“,– ამბობს ჯეირანავილი.
რაც შეეხება დაკავებას, ჰააგის სასამართლოს არ ჰყავს საკუთარი ჯარიან პოლიცია და დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებზე, მათ პარტნიორებზე, რომლებიც შეიძლება, არ იყვნენ წევრი სახელმწიფოები, მაგრამ თანამშრომლობდნენ სასამართლოსთან.
„საქართველოს მოქალაქეებზე დაკავების ორდერების გაცემის შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ვალდებული იქნება, დააკავოს ეს ადამიანები და გადასცეს სასამართლოს. რუსეთის მოქალაქეებს კი ამ მხრივ არაფერი ემუქრებათ: რუსეთი არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, იმთავითვე უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და არ აქვს ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, რუსეთი არ გადასცემს თავის მოქალაქეებს ჰააგას. თუმცა არსებობს მეორე გზა: ეს ადამიანები შეიძლება, დაკავებულ იქნან რუსეთის ფარგლებს გარეთ, როდესაც გადაკვეთენ ჰააგის სასამართლოს რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარს. სულ მსოფლიოს 123 ქვეყანაა ჰააგის სასამართლოს წევრი“,– განმარტავს ჯეირანაშვილი.
რატომ არის აგვისტოს ომის საქმე პრეცედენტული
როგორც ჯეირანაშვილი განმარტავს, ჰააგის სასამართლოს მთელი მისი არსებობის მანძილზე მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე მოუწია მუშაობა. საქართველო პირველი ქვეყანაა აფრიკის გარეთ, რომელზეც ჰააგის სასამართლო მუშაობს.
საქართველოს სიტუაცია ერთადერთია, რომელიც საერთაშორისო ომს ეხება. აქამდე ჰააგის სასამართლოს არც ერთი საერთაშორისო ომის დროს ჩადენილი დანაშაულები არ გამოუძიებია. ყველა სხვა შემთხვევა ეხებოდა ქვეყნის შიგნით, ადგილობრივ დაჯგუფებებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის კონფლიქტებს;ჰააგის სასამართლოს აქამდე ძირითადად უწევდა ისეთი სიტუაციების გამოძიება, რომლებიც მოიცავდა გამოძიების დაწყებამდე 1-2 წლით ადრე ჩადენილ დანაშაულებს. ჩვენს შემთხვევაში გამოძიების დაწყების დროისათვის ომიდან უკვე დაახლოებით 8 წელი იყო გასული;ჰააგის სასამართლო პირველად იძიებს საქმეს საკმაოდ გავლენიანი ქვეყნის – რუსეთის მონაწილეობით, რომელიც ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, თუმცა არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი და არ თანამშრომლობს მასთან.
შესაბამისად, საქართველოს სიტუაციის გამოძიება უკვე პრეცედენტულია ჰააგის სასამართლოსთვის და იგი სერიოზულ გავლენას მოახდენს მთელ რიგ ქვეყნებზე, რომლებიც ელოდებიან ჰააგის სასამართლოს გამოძიებას, მათ შორის – უკრაინაზე, ავღანეთზე, პალესტინაზე და სხვა სახელმწიფოებზე.
რა ეტაპზეა გამოძიება
ეს უცნობია.
„3 წელია, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ამბების გამოძიებადაიწყო. ამ დროის განმავლობაში ბევრი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა, თუმცა ყველა სრულიად კონფიდენციალურია. შესაბამისად, საზოგადოება არ იღებს ინფორმაციას ამ პროცესზე. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაკავების ორდერების გაცემა. ანუ, ჰააგის სასამართლო კონკრეტული ადამიანების დაკავებას და სასამართლოსთვის გადაცემასმოითხოვს, რათა შემდეგ უკვე დაიწყოს უშუალოდ სასამართლო განხილვები ჰააგაში და მოსამართლეებმა დაადგინონ, მართლაც ჩაიდინეს თუ არა ამ ადამიანებმა დანაშაულები, ან გასცეს თუ არა ისეთი ბრძანებები/მითითებები, რომელმაც შემდეგ დანაშაულების ჩადენაგამოიწვია“,– ამბობს ჯეირანაშვილი.
რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს წულუკიანს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა რა აძლევს ამის საფუძველს – მინისტრს არ განუმარტავს:
„მჯერა, დადგინდებიან დამნაშავეები, ვინც ქართველების ეთნიკური წმენდა აწარმოა; ვინც აწამა. ზოგიერთი მათგანი ვიდეოზეც ჩანს, ვინც ანწუხელიძე, სოფრომაძე აწამა და მოკლა. ზოგი აწამეს, მაგრამ გადარჩა და დღეს მოწმეა. ზოგიერთი მათგანი ჩვენ სტრასბურგში გვყავდა [სახელმწიფოთაშორისი სარჩელის “საქართველო–რუსეთის წინააღმდეგ” განხილვაზე]. ჩვენც და რუსებმაც დაკითხეს სტრასბურგის სხდომაზე. ჰააგის სასამართლო და პროკურატურა აღიარებს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მუშაობის თანამედროვე და ევროპული მეთოდები აქვს. რუსეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ ის უარს ამბობს თანამშრომლობაზე, მაგრამ მე ამის, რა თქმა უნდა, არ მჯერა. მე მაინც მგონია, რომ რუსეთი, თავის მხრივ, აწვდის ჰააგის პროკურორს მასალებს და ცდილობს, დააჯეროს, რომ ჩვენ ვართ მტყუანი. მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება…“,– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
accent.com