ემიგრანტი ეკა გიგაურს მიმართავს: თქვენმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა წაგვართვას

ქართველი ემიგრანტი ნიკოლოზ ჩხეიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის 12:00 საათზე საარჩევნო უბნის დახურვა კანონდარღვევაა და ამას ისინი გაასაჩივრებენ. მისი თქმით, ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, ემიგრანტებს წაართვას სახელმწიფოს მართვაში და საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა. 
“ქალბატონ ეკატერინე გიგაურს: ქალბატონო ეკატერინე, მინდა გარკვეულწილად დეტალებში გაგარკვიოთ, როგორც ემიგრანტმა, არსებულ რეალობაში, რაც ჩვენ – ემიგრანტებს გვეხება. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, რაც თავისთავად, ჩვენთვის იყო მოულოდნელი, მაგრამ 12 საათამდე უბნების გახსნამ ეს მომენტი შეამსუბუქა და გაგვიადვილა, ვინაიდან ემიგრანტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 8 საათამდე მუშაობს სამუშაო დღეებში და უნდა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება, მხოლოდ გვიან თუ შეძლებს ამის გაკეთებას. თქვენი სასამართლოსადმი მიმართვით კი შესაძლოა, შეგვეზღუდოს ჩვენი კონსტიტუციური უფლება.
ჩემი აზრით, თქვენ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იმაზე უნდა იყოთ ორიენტირებული, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევძლოთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზაცია, თქვენმა გაუაზრებელმა და ჩვენი ინტერესების გაუთვალისწინებელმა გადაწყვეტილებამ კი შეიძლება, საერთოდ წაგვართვას სახელმწიფოს მართვაში და საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ჩვენ ღამის 12 მდე უბნის მუშაობას ვაფასებთ როგორც ცესკოს მხრიდან გარკვეულ რევერანსს და კომპენსაციას იმისა,რომ სამუშაო დღეს დაინიშნა არჩევნები და გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც გვიან ღამემდე მოუწევთ შრომა საარჩევნო უბნებზე ( იმედია მათი თავგანწირვა სათანადოდ დაფასდება ), ამის საწინააღმდეგო ჩვენ, ემიგრანტებს არაფერი გვაქვს, პირიქით. შესაბამისად, ჩვენი მოწოდება იქნება – შეზღუდვების დაწესებისაკენ სწრაფვის ნაცვლად, იზრუნეთ, რომ ჩვენ შევძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩვენი რჩევა იქნება: ჯერ დაინტერესდით ჩვენი ყოფით, აზრით, პოზიციით და ჩვენი ინტერესებითა და მოთხოვნებით და მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები. #ნუწამართმევ საარჩევნო უფლებას”,- წერს ემიგრანტი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ.
info9.ge