პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, “ინტერპრესიუსისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში არჩევნების პირველ ტურს აფასებს და ასევე მეორე ტურში მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს:
“დასკვნა ასეთია – „ნაცმოძრაობამ“ ფაქტობრივად დაიბრუნა თავისი ამომრჩეველი. ის ამომრჩეველი, რომელიც მას 2012 წელს ჰყავდა. ეს მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის პირობებში მიიღეს. ამაში წვლილი არ აქვს მიღებული არც ადმინისტრაციულ რესურს და არც რეპრესიულ აპარატს.
„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელთან შედარებით დაკარგა დაახლოებით 500 ათასი ხმა. მეორე ტურში „ოცნებას“ რესურსები ნამდვილად აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი ტურის შედეგებით ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული, მაგრამ ამჯერად როლებია შეცვლილი, ხელისუფლებაში „ოცნებაა“, ხოლო ოპოზიციაში „ნაცმოძრაობა“.
ახლა „ოცნების“ ხელშია ადმინისტრაციული რესურსი და სახელმწიფო აპარატის რესურსი. საუბარი იმაზე, რომ ცალკე აღებულმა ვაშაძემ, ბაქრაძემ, ან ზურაბიშვილმა მიიღეს ხმები, არ იქნება რელევანტური. 28 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან მისულთა უმრავლესობა არჩევანს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აკეთებდა.
„ოცნებამ“, 2012 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობისაგან“ მტრის ხატის შექმნითა და შიშით წარმართა პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ყველა ის არჩევნები, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარდა და მათ ყველა ეს არჩევნები მოიგეს. ამგვარმა ვითარებამ ქართულ პოლიტიკაში ორი პოლუსი ჩამოაყალიბა, რომლის აქტორები „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან.
პირველმა ტურმა კი აჩვენა, რომ ხალხს საკაშვილის დაბრუნება არ აშინებს, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ვითარება მთლად ასეც არაა. 500 ათასი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც 2012 წელს მიშასი ეშინოდა, სავარაუდოდ, 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია. როგორც ჩანს, მათი უმრავლესობა თვლიდა, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებდა. თქვენს კითხვაზე პასუხს მეორე ტური გასცემს.
ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ მოახდინოს თავისი პოტენციური ამომრჩევლის მობილიზება. ხელისუფლებამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ოპოზიციურ მხარეს არ ათქმევინოს, სლენგისთვის ბოდიშს ვიხდი – ჩვენ რომ მივაწექით და ხელისუფლება კედელთან მივაყენეთ, იგი იძულებული იყო გადაედგა ეს ნაბიჯები.
ქვეყნისთვის ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება უკეთესია, ვიდრე არჩევნების გაყალბება. შესაძლოა, არჩევნების გაყალბებამ უმართავი პროცესები გამოიწვიოს. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ მას საქმე აქვს „ნაცმოძრაობის“ იმ ჯგუფთან, რომელმაც ასეთი ტექნოლოგია ერთხელ გამოიყენა”-აცხადებს ძაბირაძე.
ავტორი: გურიის მოამბე
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი