კობალაძე “ნაცმოძრაობას” პასუხობს: იმაზე აპელირება, პროპაგანდის აწყობა, რომ შენი ქვეყნის დამცველებს – ჯარისკაცებს რაიმე საფრთხე ემუქრებათ, არის ამაზრზენი

“შეიძლება ბევრ რამეზე ისაუბრო, მაგრამ იმაზე აპელირება, პროპაგანდის აწყობა, რომ შენი ქვეყნის დამცველებს რაიმე საფრთხე ემუქრებათ, არის ამაზრზენი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თითქოს 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედროებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ.
როგორც კობალაძემ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, სამხედროებს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამოხატვაა.
“შეიძლება ბევრ რამეზე ისაუბრო, მაგრამ აპელირება, პროპაგანდის აწყობა იმაზე, რომ შენი ქვეყნის დამცველებს რაიმე საფრთხე ემუქრებათ, არის ამაზრზენი, იმიტომ რომ ჩემი ოფიცრები, ჩვენი ჯარისკაცები არ ომობდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ისინი იცავდნენ საკუთარ სამშობლოს და მაგალითი მოგვცეს გმირობის და თავდადების. აქედან გამომდინარე, რაღაც საკითხებში ამის გამოყენება არის ამორალური და არასწორი. ამ არჩევნებს ნუ გადავაქცევთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად, მივანდოთ ჩვენს ერს, ხალხს ეს არჩევანი, ის ჯანმრთელია, აზრიანია და შეხედავს. არ სჭირდება ეს ისტერია, რაღაცაზე აპელირება და დამატებითი ტემპერატურის აწევა. ქვეყანა ადგას განვითარების გზას, მისი უმთავრესი მიზანი და ხედვა არის ტერიტორიული მთლიანობა, მისი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, როგორი მიზეზითაც არ უნდა მოვიდეთ, ნუ დავიხმართ ამაში ფორმიანებს, იმიტომ, რომ მათ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამოხატვაა. მათ აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თავდაცვისუნარიანობაზე. ეს არის მათი ყველაზე უდიდესი და უზენაესი ვალდებულება”, -განაცხადა კობა კობალაძემ. kvira.ge