ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. საფინანსო სექტორმა რეალიზაცია გაუკეთა საკრედიტო პორტფელს, გაყიდა სესხები ფონდ “ქართუზე”, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “ინტეპრესნიუსს” განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს არის კომერციული გადაწყვეტილება.
“ეს არის კომერციული გადაწყვეტილება – საფინანსო სექტორიდან ფონდი “ქართუ” ახდენს პორტფელის შეძენას. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ბანკების უმრავლესობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ოპერაციაში ყველა ბანკის ჩართვა სრულად მოხდეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყეტილება, ვინაიდან იგი ეხება საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების საკრედიტო ვალდებულებიდან გათავისუფლებას, რაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა სისტემური რისკი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ისეთი მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობის პრობლემური ვალებიდან გათავისუფლება, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ეს სუფთად კომერციული ნაბიჯი იყო – ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ-სესხების გამცემმა კომპანიებმა რეალიზაცია გაუკეთეს საკრედიტო პორტფელს, გაყიდეს სესხები ფონდ “ქართუზე”. ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო სექტორი სესხს ყიდის ფონდ “ქართუზე”, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
info9.ge