საფრანგეთში მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის შესწავლა დაიწყეს

ფრანგმა პროკურორებმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის შესწავლა დაიწყეს.

კერძოდ, პროკურორებს აინტერესებთ საიდან გაუჩნდა მაკრონის წინასაარჩევნო შტაბს 144 ათასი ევრო. 
ამის შესახებ Reuters საფრანგეთის პროკურატურაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, წინასასამართლო გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსირების კონტროლის ეროვნულმა კომისიამ ვერ დაადგინა ზოგიერთი შემოწირულობა, რომელიც მაკრონის პარტიის „წინ!“-ის საარჩევნო ფონდმა მიიღო.

აღნიშნული შემოწირულობა მაკრონის კამპანიის დანახარჯის მცირე ნაწილს შეადგენს.

კომისიის მონაცემით, მაკრონმა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის 16,8 მილიონი ევრო მოიზიდა და ამ თანხის თითქმის სრული ათვისება მოახერხა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისს გახდა. იმავე წლის აგვისტოში მისი რეიტინგი 64%-ს შეადგენდა.

თუმცა, უკვე მიმდინარე წლის აგვისტოში მისი მომხრეთა რაოდენობა 34%-მდე შემცირდა.

ოქტომბერში კი, ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ პრეზიდენტ მაკრონის რეიტინგი 25%-მდე დაეცა.
info9.ge