როუზ გოტემოლერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი 

კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64-ე წლიური სესია დასრულდა. ღონისძიების ბოლო დღეს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტემოლერი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა საკითხთან ერთად, ყურადღება საქართველოზეც გაამახვილა.
მისი თქმით, საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
„საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა განაგრძოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, ალიანსში კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ნატოს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი”, – განაცხადა როუზ გოტემოლერიმ.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთის მისიაში გაწეული კონტრიბუციისთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშეა.
ცნობისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის, სოფიო ქაცარავას და გიორგი კანდელაკის შემადგენლობით დაესწრო. ჩრდილოატლანტიკური საპარლამენტო ფორუმი ასამბლეის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, მადელინ მუნის არჩევით დასრულდა.
kvira.ge