ირმა ინაშვილი: ის კადრი მახსენდება, გისოსებზე მიჭყლეტილი პატიმრები “მამაო ჩვენო”-ს რომ კითხულობდნენ

პარლმენტის წევრი ირმა ინაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: პატიმარი იყო, გვარად არქანია. ერთ- ერთი პირველი იყო, ვინც ციხეში წამების თემაზე წერილი გაავრცელა. დავიწყეთ მობილიზაცია. მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი ვიყავი. საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ხმა აღიმაღლოს, გარეთ გამოვიდეს. შენც არ მომიკვდე. 300 კაცი ძლივს იკრიბება. ვეძებთ ნაწამები პატიმრების მშობლებს. ვპოულობთ, მაგრამ ისინიც უარს ამბობენ საჯარო განცხადებებზე,- სხვა შვილებიც გვყავს და ანგარიშსწორების გვეშინიაო. არ ვამტყუნებ არავის. ტენდენციას ვიხსენებ. მერე პატიმართა წამების ფაქტები გახშირდა. კვირაში რამდენჯერმე გლდანის ციხესთან ვხვდებოდით ნაწამები პატიმრების ცხედრებს. დიაგნოზი- ინსულტი, ჰეპატიტი. არადა, სხეული დასახიჩრებულია. მაინც საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯეროდა, რა ჯოჯოხეთი იდგა ქართულ გულაგებში, ვიდრე კარანტინის დაშლის კადრები არ გავრცელდა. მერე რაც იყო, ყველამ იცის. ის კადრი მახსენდება, გისოსებზე მიჭყლეტილი პატიმრები “მამაო ჩვენო”-ს რომ კითხულობდნენ. ამ კადრებს, ქუჩაში გამოსულ ზღვა ახალგაზრდებას ბრიუსელში, ინტერნეტით ვუყურე. საქართველოში რომ დავბრუნდი, მქონდა რწმენა, რომ ბოროტება დასრულდა! შევცდი! ის გადარჩა! გადაარჩინა კოჰაბიტაციამ! უპრინციპობამ! დასავლეთთან კეკლუცმა! სიმხდალემ! მერე უარესი დაიწყო- 2012- ში მიმალულები კულისებიდან გამოვიდნენ. ახალი ლოზუნგი გაჩნდა:”ნაცმოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანაა”, “დავივიწყოთ წარსული, მომავალზე ვილაპარაკოთ”, რამდენი ერთი გავიხსენოთ. და ამ ყველაფერმა, ამ სამარცხვინო განურჩევლობამ შვა დღევანდელი ვითარება, როცა მწამებელთა პარტიას პრეტენზია აქვს, რომ შენი მთავარი ოპონენტია და შენ ხელს უწყობდი და ახლაც ხელს უწყობ ამაში! მეგობრებო, არა აქვს ჩვენს ქვეყანას ამდენი პოლიტიკური თამაშების და ხაფანგების დრო! თაობები იზრდება და კვდება სრულ პესიმიზმში. უნდა დასრულდეს ეს სიყალბე! სამუდამოდ უნდა დასრულდეს კოჰაბიტაციის ყოველგვარი მცდელობა, იმპროვიზაციები დამღუპველია. ცეცხლს იწვევს ადამიანთა გონებაში და უსამართლობისგან გული კვდება. ხელისუფლება ისეთი გვინდა, რომ კაცს უსამართლობით კი არ ჰკლავდეს, სიმართლით ახარებდეს! დამნაშავეს პოლიტიკურ ოპონენტად კი არ ეძახდეს, სჯიდეს! ძალადობით წართმეულ თავისსავე ქონებას იჯარით კი არ აძლევდეს, უბრუნებდეს და ამ ყველაფერს 6 წელი არ სჭირდებოდეს!
info9.ge