აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: ვიცით, რომ დაძაბული საარჩევნო გარემოა 

არჩევნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სათქმელი თქვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საარჩევნო გარემოს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„არ ვაპირებ ჩავერიო და კომენტარი გავაკეთო იმ დაპირისპირებაზე, რაც არსებობს. ვიცით, რომ დაძაბული საარჩევნო გარემოა, საზოგადოებაში პოლარიზება, გადასაჭრელია სხვა საკითხებიც, თუმცა შედეგები გვაჩვენებს, ყველაფერს. არჩევნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სათქმელი თქვას.მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შევხვედროდი, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ძალიან პოზიტიური მხარეა, როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ხელს უწყობს საქართველოს, რომ იყოს ძლიერი და სტაბილური ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ არჩევნებს”, – განაცხადა როს უილსონმა.
kvira.ge