„ეს თემა მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის მოვლენების შემდეგ, რადგან დასავლეთში ძალიან ბევრი მიხვდა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო ლოკალური მნიშვნელობის ომი, არამედ მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,” – რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე და ბოლო პერიოდში ევროპის ერთგვარ გააქტიურებაზე რუსეთთან მიმართებაში, „რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აფასებს.
„ყველასთვის მხოლოდ ახლა გახდა ნათელი. ჩვენ საქმე გვაქვს ბევრად უფრო მძიმე მოვლენასთან, ვიდრე ეს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიაა.
„ეს იყო რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიული სტრატეგია პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი დომინირების აღდგენისთვის. მსოფლიომ ეს მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა, რაც უკრაინის და უკანასკნელ პერიოდში, სირიისა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რუსეთის აგრესიული მოქმედება ფაქტად იქცა,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან” საუბრობს.
ნატო-ს ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მიანიჭეს და ამ თავშეკავებით პუტინს არასწორი სიგნალი გაუგზავნეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც „კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს.
„მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ – იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი,” – განაცხადა რასმუსენმა.
კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველოს მაპის მიღება 2008 წელს უფრო გაუადვილდებოდა, ვიდრე დღეს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ახლა უფრო მეტ აგრესიას იჩენს. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოსთვის მაპ-ის მიანიჭებას გადაწყვეტენ, ეს ოპერატიულად უნდა განხორციელდეს, – ფაქტობრივად ერთ დღეში.
„უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ფასი დასავლეთმა სწორად ვერ გათვალა და ბუნებრია, რომ პოლიტიკურ წრეებში, დასავლეთში, გარკვეულწილად აცნობიერებენ ამას, – აქედან გამომდინარეობს იმ ტიპის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში შეინიშნება დასავლეთის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან.
„საქართველო და უკრაინა, ორივე ცდილობს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულია, ახლა კიდევ უფრო უჭირთ კონცენტრაცია.
„მართალია, რუსეთი მაშინაც წინააღმდეგი იყო მაპ-ის მინიჭებისა, თუმცა რასმუსენის შეფასება ადასტურებს, რომ 2008 წელს უფრო იყო შანსი მაპის მიცემისა, ვიდრე დღეს. პრობლემაა რუსეთი როგორ რეაგირებას მოახდენს ამ ყველაფერზე, – რუსეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ.
„რეალურად, თუკი დასავლეთმა გადაწყვიტა საქართველოსთვის მაპის მინიჭება, ეს უნდა მოხდეს, ფაქტობრივად, ერთ დღეში. მაპის მიცემა თუ გაგრძელდება რაღაც პერიოდი, ამას შესაძლოა რუსული აგრესია მოჰყვეს,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, 2008 წელს ევროპა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რუსეთი რამხელა საფრთხეს წარმოადგენს და ახლა, ალიანსის მხრიდან ხდება ვითარების გადახედვა რუსეთთან მიმართებაში.
„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, დასავლეთმა საკმარისად კარგად ვერ გაიგო. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ სამიტზე, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში მხარდაჭერილი იყო და ამგვარი წინდაუხედაობის გამო, სიტუაცია ტრაგიკული აღმოჩნდა, – მოხდა 2008 წლის მოვლენა, შემდგომ უკვე უკრაინის 2014 წლის მოვლენა.
„სამწუხროა, რომ ეს მხოლოდ ყოფილი გენერალური მდივნის მიერ იქნა გაცხადებული. მოქმედი გენერალური მდივანი ალბათ უფრო თავშეკავებული იქნება, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მაშინდელ ნაბიჯებსა და მთელ ამ პროცესს, – რუსეთის სტრატეგიული აგრესიის რეალიზაციის, – სულ სხვანაირად უყურებენ და ამიტომაც ხდება ალიანსის მიერ თავისი მიდგომების გადახედვა რუსეთთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
rezonansi.ge