ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ინიციატივა ევროარმიით ნატო-ს ჩანაცვლებაზე, კრემლის ინტერესებში ჯდება, რადგან “კლავს” ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების მთავარ არგუმენტს…
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უახლოეს მომავალს სერიოზული პრობლემა დაემუქრა და არა მარტო იქიდან, რის გამოც თავის დროზე ნატო შეიქმნა – წარმოუდგენელია, მაგრამ კრემლის მხარეზე შეიძლება თავისდაუნებურად ალიანსის რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერიც აღმოჩნდეს…
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაერთიანებული ევროპული არმიის შექმნის იდეით გამოდის, რომელმაც დროთა განმავლობაში ევროპის დაცვა რუსეთისა თუ ჩინეთის შესაძლო აგრესიისგან, თავის თავზე უნდა
აიღოს. შესაბამისად, ნატო დაკარგავს თავის მთავარ, კოლექტიური თავდაცვის ფუნქციას, რაც სავარაუდოდ, რიგი ევროპელი ლიდერების ინტერესებშია, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტს მხარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უჭერს.
ბებერი ევროპის რიგი წამყვანი ქვეყნების და პირველ რიგში, სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის წინა პოლიტიკური ლიდერებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ აშშ-ის წამყვან როლს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფუნქციონირებაში და ყოველთვის ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ ოკეანისგაღმელი “დიდი ძმისგან”.
ეს ერთი შეხედვით გასაგები და ნორმალურიც იყო, მაგრამ მეორე მხრივ, რომ არა აშშ-ის ბირთვული შეიარაღება და სამხედრო დახმარება, ჰიტლერისგან განთავიუფლებულ ბებერ ევროპას, ცივი ომის დაწყებიდან მალევე სტალინი “გადასანსლავდა”, რადგან საბჭოთა სატანკო არმადების შემჩერებელი ლა მანშამდე არავინ იყო და მხოლოდ ამერიკული ატომური ბომბების შიში თუ აკავებდა კრემლს.
მაკრონი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემის შესუსტებას ცდილობს თავისდაუნებურად.
1966 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა თავისი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების სამხედრო ნაწილიდან გამოიყვანა. მაშინ ეს იმითაც ახსნეს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, დე გოლი ბრეჟნევმა საბჭოთა კავშირში დაპატიჟა და ბალისტიკური რაკეტის შახტიდან სტარტი ახლოდან აჩვენა, თანაც განუმარტა, რომ ასეთივე, ოღონდ უკვე ბირთვულქობინიან რაკეტას პარიზამდე მისაღწევად ათიოდე წუთიც ეყოფაო…
ასე თუ ისე, საფრანგეთი ნატო-ს სრულუფლებიან წევრობას მხოლოდ 2009 წელს დაუბრუნდა.
გასაგებია, რომ პარიზში, ისევე როგორც ბერლინში არ აღაფრთოვანებთ ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი მთავარ როლს თამაშობს ნატო-ს ცხოვრებაში, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბოლო ორი ათწლეული ძირითადად სწორედ ამერიკული ფულით ფუნქციონირებს.
ფოტო: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიძლიერეს მისი წევრი ქვეყნების ერთიანობა განაპირობებს…
fb
ცივი ომის დამთავრების შემდეგ ბებერი ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს გაუჩნდათ მცდარი შეგრძნება, რომ კრემლიდან მომავალი საფრთხე გაქრა და მნიშვნელოვნად შეამცირეს საკუთარი არმიების დაფინანსება.
გერმანიმ ყველაზე შორს “შეტოპა” და სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთ პროცენტამდე ჩამოიყვანა, შედეგმაც არ დააყოვნა – ბუნდესვერის საბრძოლო მზადყოფნის დონე სამარცხვინოდ დაბლა დაეცა…
პენტაგონის დახმარების გარეშე, ევროპული ქვეყნების არმიები არც მანამდე გამოირჩეოდნენ დიდი საბრძოლო შესაძლებლობებით, მაგრამ დღეს სიტუაცია კრიტიკულამდეა მისული.
ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნების არმიებიდან პუტინის შესაძლო მორიგ ავანტიურას, დაახლოებით ისეთის, როგორც მან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა, რეალურად შეიძლება მხოლოდ პოლონური არმია აღუდგეს წინ და ისიც მხოლოდ ამერიკელების ოპერატიული დახმარების ფონზე.
ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა სამხედრო მიზნებისთვის მთლიანი შიდა პრუდუქტის ორ პროცენტზე ნაკლებს ხარჯავს და ალიანსის უზარმაზარი მანქანის (ხშირ შემთხვევაში დიდად ბიუროკრატიულის) შენახვა ძირითადად ისევ ამერიკელებს უწევთ.
სწორედ ამიტომ აკრიტიკებს პრეზიდენტი ტრამპი თავის ევროპელ კოლეგებს და ასეთი კრიტიკული სიტუაციის ფონზე ევროარმიის შექმნის სურვილს ნამდვილად დიდი ავანტიურის სუნი ასდის.
საფრანგეთმა და გერმანიამ მართლაც რომ დაიწყონ ევროარმიის შექმნის პროცედურები, ეს ავტომატურად შეასუსტებს თავად ნატო-ს, რაც ირიბად პუტინის წისქვილზე დაასახამს წყალს…
პ.ს. ყოველივე ამის ფონზე, ძალაუნებურად ჩნდება დიდი ეჭვი, რომ ნატო-ს წევრი რამდენიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები მომავალშიც დაბლოკავენ საქართველოს ალიანსში გაწევრების პროცესს, რაც მათ დღემდე არაერთხელ გაუკეთებიათ…
kvirispalitra.ge